შენობების დანგრევა-დემონტაჟის საკითხი არაერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. გახმაურებული ფაქტების გარდა არის შემთხვევები, როცა "უკანონო" თავშესაფარს უნგრევენ ადამიანებს, რომელთაც წასასვლელი არსად აქვთ... რა შემთხვევაში ითვლება მშენებლობა უკანონოდ, ვინ იღებს გადაწყვეტილებას მისი დემონტაჟის შესახებ და უნაზღაურდებათ თუ არა მოქალაქეებს მიყენებული ზიანი? - ამ აქტუალურ საკითხებზე მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროს ზვიად კერვალიშვილსა და არქიტექტორ ალექსანდრე სარალიძეს მივმართეთ.
ზვიად კერვალიშვილი: - შენობა-ნაგებობების მშენებლობის კანონიერების საკითხი "პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით" და "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის N57 დადგენილებით რეგულირდება. ამ ნორმატიულ აქტებთან შეუსაბამო მშენებლობა განიხილება, როგორც უკანონო მშენებლობა: უნებართვო მშენებლობა არის შენობა-ნაგებობების მშენებლობა ნებართვის გარეშე ან დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული პერიოდის გასვლის შემდეგ. ასევე, შენობა-ნაგებობათა განთავსება დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევით: ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის პირობების დარღვევა ან შეუსრულებლობა. აგრეთვე სამშენებლო რეგლამენტების დარღვევა. გადაწყვეტილება უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ თბილისის ტერიტორიაზე მიიღება ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დადგენილებით, რომლის აღსრულება ხორციელდება "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონით გათვალისწინებული წესით აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ. უნებართვო მშენებლობა ან რეკონსტრუქცია ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 10.000 ლარით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 8.000 ლარით. უნებართვო მშენებლობა, რეკონსტრუქცია ან დემონტაჟი შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელად, ან საინჟინრო-კომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქცია ჯარიმდება 4.000 ლარით. ასევე, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას: ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის - 2.000 ლარით; მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის - 3.000 ლარით; მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის - 4.000 ლარით.
ალექსანდრე სარალიძე: - თუ ნაგებობა კანონიერია, მისი დემონტაჟი კერძო მესაკუთრის უფლებების დარღვევაა, თაბუკაშვილის ქუჩაზე დაანგრიეს შენობა, რომელიც 13-სართულიანი უნდა ყოფილიყო და ახლა 35-სართულიან სასტუმროს აშენებენ. არ ვიცი, როგორ "გააპრავეს" იმ სახლის დანგრევა; თბილისში შენობის სიმაღლეს, ფართობს ნორმატიული ქალაქდაგეგმარებითი კოეფიციენტები განსაზღვრავს, ვინ Dდაამტკიცა ეს პროექტი?
- არქიტექტურული თვალსაზრისით, რას ნიშნავს უსახური შენობა?
- თუ ლაპარაკია ლეგალურ პროცედურაზე, ეს არ უნდა იყოს დამოკიდებული ვინმეს გემოვნებაზე, უნდა მოხდეს ლანდშაფტის, გარემოს შესწავლა, ყველა პარამეტრის გათვალისწინება, აიტანს თუ არა ეს ტერიტორია ამხელა შენობას, სიტყვა "უსახური" ბელეტრისტიკაა, თუ სერიოზული არგუმენტებით არ არის გამაგრებული. ჩვენ თვალწინ ნადგურდება "იმელის" შენობა, რომელიც იმ ეპოქის მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლია, დაანგრიეს "ზარია ვოსტოკას" შენობა რუსთაველზე, რესტორანი "არაგვი", კორტები, ნიჩბოსნობის ბაზა სანაპიროზე, ჩათვალეს, რომ აქ იუსტიციის სახლის მშენებლობა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი იყო, ასევე, დაანგრიეს კერძო კომერციული ფართობი, შენობა მეტრო "დელისთან", კერძო მესაკუთრისთვის კი ზარალი არავის აუნაზღაურებია. მერიის არქიტექტურის სამსახური ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს არ უნდა იღებდეს, ჩვენი მუნიციპალური სისტემა და თვითმმართველობა ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება, მხოლოდ Qკანონის გამკაცრება პანაცეა არ არის, ასეთი საკითხები საზოგადოებრივი კონსენსუსის გზით, პროფესიონალების აზრის გათვალისწინებით უნდა წყდებოდეს.
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)