ავტომობილების საცობის პრობლემა, მით უფრო პიკის საათებში, თბილისელთათვის ძალზე აქტუალურია. ამ დროს ქუჩაში გადაადგილება მძღოლებისგან დიდ დროს, თმენასა და მტკიცე ნერვებს მოითხოვს. საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ მევლუდ მელაძის აზრით, საცობებს გზების კონსტრუქციის გარდა, უმთავრესად მძღოლთა უკულტურობა განაპირობებს, პრობლემის გადაჭრას კი ხელისუფლების მონდომება და სულ მცირე, 20-წლიანი მუშაობა მაინც დასჭირდება.
- საცობებს ბევრი მიზეზი განაპირობებს. ყველაზე ძირეულია ის, რომ ჩვენ არ გვაქვს ჩამოყალიბებული მართვის კულტურა, ანუ არავინ არავის უთმობს გზას და არავინ მიდის თავის ზოლში. ჩვენ რომ მწკრივში დგომა და გზაჯვარედინებზე ერთმანეთის გატარება შეგვეძლოს, საცობები შემცირდებოდა. სამწუხაროდ, ვიყავით და ვრჩებით უკულტურო მძღოლებად. მეორე, არ ვიცავთ ზოლებს - როცა ქუჩაზე სამი ზოლია და არის მოსახვევი, მძღოლი პირველი ზოლიდან გადადის მესამეში, მერე ისევ პირველში და ასე, ანუ ერთი მიმართულებით მიმავალ გზას თავიდან ბოლომდე თავისთვის იყენებს, ჰგონია, რომ მთელი ეს სიბრტყე მისია. არადა, წესით, მძღოლმა ერთ ზოლში უნდა იმოძრაოს. მესამე - მძღოლს, რომელსაც ეჩქარება, ჰგონია, ყველას უნდა ეჩქარებოდეს და, შესაბამისად, ცდილობს, ნელა მიმავალს გაასწროს, გადადის შემხვედრ ზოლზე, მერე იქ სადღაც ჩადგება, იქიდან მომავალს აფერხებს და საცობს ქმნის. მას კი, ვისაც არ ეჩქარება, ჰგონია, სხვასაც არ უნდა ეჩქარებოდეს, მიდის ზედმიწევნით ნელა და იწვევს საცობს. მოკლედ რომ ვთქვათ, გზაზე ხორცმეტი არ უნდა იყო, ანუ თუ შენ ხარ ნელა მოსიარულე, საცობის ერთ-ერთი მონაწილე, ან პირიქით, თუ ის ხარ, რომელიც უფრო ჩქარა მოძრაობ, ვიდრე დინამიკა ითხოვს, ხორცმეტი ხარ.
- გზების კონსტრუქცია არაფერ შუაშია?
- გზების კონსტრუქცია კიდევ ცალკე თემაა. როდესაც ადგენდნენ გზაჯვარედინებს, არავინ ითვლიდა გამტარუნარიანობას - რომელ საათზე რომელი ქუჩიდან რამდენი მანქანა მოდის, რაც კომუნისტების დროსაც კი მარტივად კეთდებოდა. გმირთა მოედნის ნახაზი რომ დაიდო, საავტომობილო ფედერაციაში განგაში ავტეხეთ, რადგან არასწორად იყო გაკეთებული, თუმცა მაშინ არ გვწყალობდნენ და არც ჩვენს აზრს ითვალისწინებდნენ. ჩვენ დავდეთ დასკვნა, რომ ეს კი არ განმუხტავდა, პირიქით, გააძლიერებდა საცობებს. ფილარმონიიდან გმირთა მოედანზე ისე უნდა ხვდებოდე, კვეთა არ უნდა გიწევდეს. თავიდან, პირდაპირი კვეთა იყო საბურთალოდან მომავალი მანქანების, მერე გადააკეთეს, გადმოაკეთეს, წრე გააკეთეს, მაგრამ მაინც არ არის სრულყოფილი. თავიდანვე შეიძლებოდა ყველაფრის გათვალისწინება, თუნდაც იმის, რომ შესავალი გზა გამტარიანობისთვის ორ-ორ ზოლად გაკეთებულიყო. თბილისში საცობები ყველა ქუჩაზეა, სადაც კი გზების ოდნავი კვეთაა. ჩვენი კულტურიდან გამომდინარე, არავინ არავის ატარებს, ყველა ცდილობს სადღაც შეეჩხიროს და საცობიც გარდაუვალია.
- გამოითქვა მოსაზრება, ავტობუსებმა რომ მხოლოდ პირველ ზოლში იარონ, სამარშრუტო ტაქსებმა კი გაჩერებებზე გააჩერონ, რაღაც შეღავათი იქნებოდა.
- ვისაც სადაც უნდა, მაინც იქ აჩერებს. ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების მძღოლები კიდევ ცალკე თემაა, კაციშვილი მაგათ არაფერს ასწავლის, შემთხვევით მოხვედრილები სხედან საჭესთან, ავტობუსი რომ მეორიდან პირველ ზოლში სიგანეზე გაჩერდება, რა თქმა უნდა, შეაფერხებს მოძრაობას.
- ბატონო მევლუდ, როგორ უნდა განიტვირთოს საცობები, რა შეიძლება გაკეთდეს ამის აღმოსაფხვრელად?
- ეს პრობლემა დაახლოებით 20 წლის შემდეგ შეიძლება მოგვარდეს. ამაზე დიდი მუშაობაა ჩასატარებელი ჯერ კიდევ სკოლებიდან, რათა მოსწავლეებმა გაიგონ, რას ნიშნავს გზაჯვარედინი, შუქნიშანი. დღეს ქუჩებში მაქსიმალურად შეშინებული ადამიანები დადიან, რომლებსაც არ უსწავლიათ მანქანის ტარება, მოძრაობენ ისე, როგორც ახერხებენ, შედეგიც შესაბამისია.
სხვადასხვა კვლევის მიხედვით, მძღოლს საცობში დგომა წელიწადში დაახლოებით 1000 დოლარი უჯდება. მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ საცობები ხშირ შემთხვევაში ინფარქტებისა და ნერვიული სტრესის მაპროვოცირებელია.
ნანა ფიცხელაური
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)