ახალი წლის ღამეს საახალწლო გალა კონცერტი უკვე ტრადიციად იქცა და ეს ტრადიცია წელსაც შენარჩუნდება. წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, ცენტრალური საახალწლო კონცერტის ორგანიზებას საკუთარ თავზე თბილისის მერია და კულტურის სამინისტრო აიღებს.
Ambebi.ge თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის დირექტორს, ნეკა სებისკვერაძეს ესაუბრა, რომელისგანაც შევიტყვეთ, რომ ახალი წლის ღამეს ევროპის მოედანზე საახალწლო გალა კონცერტი დროში მოგზაურობას გვპირდება.
"ვიმოგზაურებთ დროში, სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრებში 1930 -იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, შესრულდება როგორც ქართული, ასევე მსოფლიო ჰიტები, რომელთა საინტერესო და ახლებურ ვერსიებსაც წარმოადგენენ სხვადასხვა თაობის მომღერლები ცნობილ ჯგუფებთან ერთად. იქნება ბევრი სიურპრიზი, კარგი განწყობა და ყველა დროის საუკეთესო მუსიკა. ვინ რა სიმღერას წარმოადგენს, ამას ჯერ ვერ
გაგიმხელთ, სიურპრიზების მოლოდინი მეტად საინტერესო რომ იყოს", - განაცხადა ნეკა სებისკვერაძემ.
გარდა ამისა, 25 დეკემბრიდან თბილისის მერია სხვადასხვა სახის საახალწლო აქტივობებს გეგმავს. ცენტრალური ნაძვის ხე პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე 25 დეკემბერს აინთება. ამავე დღეს თბილისს ესტუმრება თოვლის ბაბუა და სანტა კლაუსი. ისინი ბინას ტრადიციულად მთაწმინდის პარკში დაიდებენ და პატარებს 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე საჩუქრებით გაუმასპინძლდებიან. რიყის პარკში ყინულის მოედანი გაიხსნება, რომელიც 1 თებერვლამდე ყველა მსურველს უმასპინძლებს. იქვე, რიყის პარკში, გაიშლება საახალწლო ბაზრობაც.
მანამდე კი, 15 დეკემბერს თბილისის ისტორიის მუზეუმ "ქარვასლაში" გაიხსნება თანამედროვე ქართული გამოყენებითი ხელოვნების საშობაო საქველმოქმედო გამოფენა-აუქციონი "1000 წვრილმანი", რომლიდან შემოსული თანხაც მოხმარდება სსკ-ს პროგრამებში ჩართულ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს. პროექტი კულტურის სამინისტროსა და სამარიტელთა კავშირის თანადაფინანსებით ხორციელდება.
25 დეკემბერს მარჯანიშვილის თეატრში სპეკტაკლ "საშობაო სიმღერის" პრემიერა გაიმართება, რომლის დამდგმელი რეჟისორიც ლევან წულაძეა. 4 და 5 იანვარს მაკა მახარაძის საბალეტო დასი მარჯანიშვილის თეატრში პრემიერას წარმოადგენს. "საშობაო მეჯლისი" მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის თავისუფალი თეატრალური პროექტების ფარგლებში დაიგეგმა.
როგორც თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის დირექტორმა ნეკა სებისკვერაძემ გვაცნობა, ამჟამად აქტიურად მიმდინარებს მუშაობა და საახალწლო ღონისძიებები საბოლოო კორექციის პროცესშია.
სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge