მე არ ვარ საბავშვო ბაღის გამგე, რომ ვინმე კუთხეში დავაყენო და შედეგს ამით მივაღწიო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
როგორც უსუფაშვილმა გუშინ მომხდარი ინციდენტის შეფასებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ აღნიშნა, მან ჯაჭვლიანისთვის მიკროფონის გამორთვის განკარგულება გუშინ მაშინვე გასცა, როგორც კი დეპუტატის გამოსვლა დასაშვებ ფარგლებს გასცდა.
"მე მივმართავ ყველას, როგორც უმრავლესობას, ისე უმცირესობას, გუშინდელი დღიდან ყველამ გამოვიტანოთ გაკვეთილები. უმრავლესობამ გავიაზროთ, რომ ჩვენ უმრავლესობა ვართ. უმრავლესობას მეტი პასუხისმგებლობა და მოთმენა გვეკისრება, რაც არ უნდა ხდებოდეს, რადგან ქვეყნის ბედი გვაბარია", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ამასთან, მან უმცირესობასაც მიმართა, რათა "კარგად გაიაზრონ და თუ სურთ გადაახვიონ წინა პარლამენტის სხდომები და გამოსვლები, როდესაც უმრავლესობის რამდენიმე წევრს შესაძლოა გასჩენოდა იმაზე გაცილებით მძიმე განწყობა, რაც ალბათ გია ბარამიძეს გუშინ გაუჩნდა".
"მე არ ვარ საბავშვო ბაღის გამგე, რომ ვინმე კუთხეში დავაყენო და ამით შედეგს მივაღწიო. იმ მომენტში რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, მე დავიწყე მოქმედება და ამის საშუალება არ მომცა არც ერთმა მხარემ. თუ ხვალ და ზეგ მსგავსი რამ განმეორდება პარლამენტში, მაშინ მე არ მივიღებ გადაწყვეტილებებს, მაშინ კანონი ჩაერთვება ამ საქმეში. კანონში წერია ბევრი რამ, ჩხუბი ქუჩაში იქნება თუ პარლამენტის შენობის შიგნით, ეს არის დასჯადი ქმედება. მე აქ აღმზრდელობითი სამუშაოებით ვერ ვიქნები დაკავებული", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
ამასთან, მან მიმართა "ნაციონალურ მოძრაობას", რომ ხვალიდან მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ. "გუშინდელი დღე დავივიწყოთ, როგორც სამარცხვინო დღე პარლამენტის ცხოვრებაში", - დასძინა მან.
საპარლამენტო უმცირესობა ითხოვს პარლამენტის თავმჯდომარემ ღიად და მკაფიოდ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ასევე მოახდინოს დროული და ადეკვატური რეაგირება.
ასევე დაგაინტერესებთ:
"ნუ ბლატაობ, შე ჩმორო" - ხელჩართული ჩხუბი პარლამენტში
სოსო ჯაჭვლიანის პირველი კომენტარი გია ბარამიძესთან ჩხუბის შემდეგ
გოკა გაბაშვილის პირველი კომენტარი ჯაჭვლიანთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ