საქართველოში ნავთობპროდუქტებზე ფასის ზრდა დაიწყო. ცვლილებებს იმპორტიორები საერთაშორისო ბაზრის ტენდენციას უკავშირებენ, თუმცა ამისთვის რეალური საფუძველი კომპანიებს არ აქვთ. საწვავის ფასში საერთაშორისო ბაზარზე ბოლო დროს დიდი ცვლილება არ შეინიშნება ხოლო ბოლო 2 დღეა ბენზინი სულაც იაფდება. დიდი ალბათობით, საქართველოში საწვავის ფასის ზრდა ლარის კურსის ვარდნას უკავშირდება, მაგრამ ამის აღიარება იმპორტიორებს რატომღაც არ სურთ.
10 დეკემბრის მდგომარეობით, ბენზინის ფასი 1 ტონაზე 939,0 დოლარს შეადგენს, რაც წინა დღის მაჩვენებელზე 10 დოლარით ნაკლებია. რაც შეეხება დიზელს (დ-62), მისი ფასი 920,0 დოლარით განისაზღვრა, ხოლო 1 ტ მაზუთის ფასი 614,25 დოლარია.
ჯერჯერობით ფასმა მოიმატა "გალფისა" და "ვისოლის" ქსელებში. ალბათ ტენდენცია წლის ბოლომდე სხვა კომპანიებშიც გაგრძელდება. ქართველი ანალიტიკოსების ვარაუდით, საწვავის ფასი ახლო მომავალშიც მოიმატებს.
ქართულ კომპანიებს შორის "გალფი" პირველია, რომელმაც ქსელში საწვავი გააძვირა. კომპანიის ავტოგასამართ სადგურებზე ნავთობპროდუქტების ფასმა 3-4 თეთრით მოიმატა.
დღეისათვის, 1 ლიტრი "რეგულარის" მარკის ბენზინი 2,02 ლარი ღირს, "ევრორეგულარი" - 2,05 თეთრი, "პრემიუმის" მარკის ბენზინი კი 2 თეთრით გაძვირდა და 1 ლიტრი 2.19 ლარი ღირს. დიზელის ფასი არ შეცვლილა.
"გალფში" საფასო ცვლილების რეალურ მიზეზზე ღიად არ საუბრობენ. კომპანიის გაყიდვების მენეჯერი "რეზონანსთან" საუბრისას მცირე კომენტარით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ ფასების ცვლილება მსოფლიო ბაზარზე ბენზინის ფასის ზრდას უკავშირდება. რაც შეეხება ფასებზე დოლარის კურსის გავლენას, "გალფში" ამ ფაქტორს გამორიცხავენ.
საფასო ცვლილებებთან დაკავშირებით, "რეზონანსი" სხვა კომპანიებთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა ფასებზე საუბარს მათი დიდი ნაწილი მოერიდა. "რომპეტროლში" განაცხადეს, რომ ნავთობპროდუქტები ჯერ არ გაუძვირებიათ და სამომავლო გეგმებზე წინასწარ არ საუბრობენ.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა განმარტებით, საფასო ცვლილებების მიზეზი უკავშირდება როგორც საერთაშორისო ბაზრის ტენდენციას, ასევე ლარის გაცვლითი კურსის მერყეობას.
"დღესდღეობით ფასი ყველა კომპანიას არ აქვს გაზრდილი. ცვლილება, რაც ორი კომპანიის მიერ განხორციელდა, უმნიშვნელოა. კვლავ დაბალი რჩება ფასები არაბრენდირებულ სადგურებში, სადაც სულ სხვა ვითარებაა. გაძვირება, ძირითადად, საერთაშორისო ფასებს უკავშირდება, თუმცა გარკვეული გავლენა ლარის კურსის მერყეობამაც იქონია.
საწვავის ფასწარმოქმნაზე, სხვა ფქატორებთან ერთად, გავლენას ახდენს ასევე ვალუტის გაცვლილით კურსი (დოლარი ლართან მიმართებაში), ვინაიდან საწვავის იმპორტისას გარიგება ხორციელდება დოლარებში. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ლარი საკმაოდ დაეცა დოლართან მიმართებაში, მაგრამ ამაში განსაკუთრებული არაფერია.
არსებობს მეორე პროდუქტი - ავტოგაზი, რომლის ღირებულება არ შეცვლილა და მისი მოხმარება მაღალ ნიშნულზეა. ეს, ძირითადად, ბენზინის გაძვირების გამო ხდება.
არ არის გამორიცხული, საწვავის ფასმა ზრდა განაგრძოს და ანალოგიური გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდნენ სხვა კომპანიებიც", - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი და დასძენს, რომ ზოგადად, უახლოეს პერიოდში ნავთობის ფასი ალბათ კვლავინდებურად მაღალ ნიშნულზე იქნება შემდეგი გარემოებების გამო: ნავთობზე მაღალი მოთხოვნილებიდან და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში არასტაბილური ვითარებიდან გამომდინარე.
ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ნავთობის მოპოვება დღეისთვის გაცილებით ძვირია ადრეულ პერიოდთან შედარებით და მომავალშიც ასე იქნება.
ანალიტიკოსი ბექა კემულარია განმარტავს, რომ ქართულ ბაზარზე ფასების ზრდა ვალუტის კურსის ცვალებადობას უკავშირდება და ხშირად კომპანიები ფასების ცვლას ერთნაირად ახდენენ, რაც არაჯანსაღი კონკურენციითაა გამოწვეული.
"ვალუტის კურსი პირდაპირ არის მიბმული საწვავის ფასზე, რადგან შესყიდვა ხდება დოლარში. რამდენად შეესაბამება ეს 3-4-თეთრიანი ზრდა სავალუტო ცვლილებებს, კომპანიამ თავად უნდა გადაწყვიტოს. იმპორტიორებს შეუძლიათ საწვავის ფასი თავიანთი სურვილის მიხედვით განსაზღვრონ, მით უმეტეს, ქართულ ბაზარზე არ არის ჯანსაღი კონკურენცია. ოლიგოპოლიურ კომპანიებს კონკურენციას უწევენ მხოლოდ არაბრენდირებული კომპანიები, რომელთა წილი ბაზარზე 10 პროცენტს არ აღემატება", - ამბობს კემულარია.
რაც შეეხება ნავთობპროდუქტების მსოფლიო ფასს, მისი თქმით, ბოლო პერიოდში ცვლილებები, ძირითადად, ირანის მოვლენებს უკავშირდება.
"ჩვენთან, როგორც ხდება ხოლმე, ფასის შემცირება (თუ ის საერთაშორისო ბაზარზე დაფიქსირდა) რამდენიმე თვე სჭირდება. გაძვირების შემთხვევაში კი, კომპანიები ფასზე მყისიერად რეაგირებენ. ამ ფაქტს არ აქვს სხვა ახსნა, გარდა იმისა, რომ იმპორტიორებს არ სურთ, განსაზღვრულ მოგებას ჩამორჩნენ", - აღნიშნა ბექა კემულარიამ "რეზონანსთან" საუბრისას.
მარი ჩიტაია