ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადების მიხედვით, შს სამინისტრო მობილური ოპერატორებისთვის ფარული მიყურადების მართვის პულტის გადაცემას ეწინააღმდეგება. ორგანიზაციის ინფორმაციით, მართვის პულტი, რომლითაც შესაძლებელია ფარული მოსმენის დაწყება, შს სამინისტროს აქვს და მიყურადების დაწყებაც მხოლოდ მას შეუძლია, მობილური ოპერატორები კი ვერ აკონტროლებენ, ტელეფონი როდის ისმინება. როგორც ორგანიზაციის იურისტი ეკა ბოკუჩავა განმარტავს, შს სამინისტროს მთავარი წუხილია, რომ მართვის პულტი არ უნდა გადავიდეს მობილური ოპერატორის ხელში. მისივე თქმით, საგამოძიებო საქმეთა 90% ფარული მიყურადებიდან ოპერატიული ინფორმაციის მიღების საფუძველზე არის განხორციელებული.
უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე ივანიშვილის გუნდის იმ დაპირებასაც იხსენებს, რომლის მიხედვითაც ხელისუფლებაში მათი მოსვლის დღიდან ფარული მოსმენები აღიკვეთებოდა. თუმცა მისი თქმით, მოსმენები ისევ გრძელდება.
"ჩემი ნომერიც ისმინება. წინა მოწვევის პარლამენტში შესვლის დღიდან დღეის ჩათვლით ჩემი ტელეფონი ყოველდღიურად ისმინება. ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით. არ ვიცი, ამას ოპერატიული თუ პრევენციული ღონისძიებები ჰქვია. არ ვიცი, ირღვევა თუ არა ჩემი უფლებები. ეს პირდაპირ უნდა ვკითხოთ დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მაგრამ ჩემი ტელეფონი რომ ისმინება, მგონი ამ წუთას თქვენც რწმუნდებით. უსმენენ აბსულუტურად ყველას და ამ დროს დანაშაული პრევენციის გარდა, ხდება უამრავი საიდუმლო ინფორმაციის გაანალიზება, ეს იქნება კომერციული საიდუმლოება, თუ სხვა ოჯახური საიდუმლო, რომელსაც შემდგომში კომპრომატის სახით იყენებენ კონკრეტული პირების მიმართ. ანუ, ფაქტობრივად ფლობენ, თქვენი ოჯახური საიდუმლოს შესახებ ყველანაირ ინფორმაციას და ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ აღნიშნული გამოიყენონ თქვენი კანონიერი ინტერესების წინააღმდეგ, ანუ შანტაჟისთვის მათთვის სასარგებლო შედეგების მისაღებად", - ამბობს ლორთქიფანიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ მოსმენები მხოლოდ კანონიერად ხორციელდება.