მოსკოვის გამზირის დასაწყისში მიუსაფართათვის დღეს საღამოს პირველი თავშესაფარი მოეწყო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, მოსკოვის გამზირზე უკვე დადგმულია 4 საცხოვრებელი კარავი, სადაც 80 მიუსაფარის განთავსებაა შესაძლებელი. უწყების ინფორმაციით, კარვები აღჭურვილია შეშის ღუმელით, საწოლებით, ლეიბებით, პლედებითა და ელექტროენერგიით.
ამავე ტერიტორიაზე განთავსდა 80-კაციანი კარავი, რომელიც სასადილო ოთახის ფუნქციით დაიტვირთება. დამატებით, ხვალ დილიდან აქვე განთავსდება კოტეჯები მედპუნქტისა და სამზარეულოს მოსაწყობად. დაწესდება მორიგეობაც იმისათვის, რომ ტერიტორიაზე იყოს წესრიგი და ოპერატიულ რეჟიმში გადაწყდეს წამოჭრილი ყველა საკითხი.
სამინისტროს ინფორმაციით, თავშესაფრის მოწყობაში აქტიურად არიან ჩართული რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროები. მობილიზებულია სამაშველო სამსახური და საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი (112).
დღეს ღამიდან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები უკვე დაიწყებენ მიუსაფარი ადამიანების თავშესაფარში მიყვანას და განთავსებას.
გარდა სამთავრობო უწყებებისა, მიუსაფართა დახმარების შესაძლებლობა მიეცემა ყველა იმ საქველმოქმედო და არასამთავრობო ორგანიზაციას თუ მოქალაქეს, რომელთაც ამ ადამიანთა მხარდაჭერა სურთ. მათ შეუძლიათ საკვებით, ტანსაცმლითა თუ ნებისმიერი სხვა საჭირო ნივთებით დაეხმარონ თავშესაფარში განთავსებულ მიუსაფარ ადამიანებს.