პარლამენტმა 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტს მხარი დაუჭირა 86 დეპუტატმა არც ერთის წინააღმდეგ.

ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი პარლამენტს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა წარუდგინა. განხილვამ უმცირესობის მონაწილეობის გარეშე ჩაიარა, რადგან "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პლენარული სხდომის პირველ ნაწილში მომხდარი ინციდენტის გამო, პროტესტის ნიშნად სასესიო დარბაზი დატოვეს.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული საბიუჯეტო პროექტის მიხედვით, 2014 წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 5.0%-ს, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 3.5%-ს შეადგენს. ნომინალურ გამოხატულებაში მთლიანი შიდა პროდუქტი 29,3 მილიარდ ლარს შეადგენს.

აღნიშნული პროგნოზებიდან გამომდინარე, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 2014 წელს განსაზღვრულია 7 230.0 მლნ ლარით. საგადასახადო შემოსავლების გაანგარიშებისას გათვალისწინებულია, რომ მომდევნო წლის დასაწყისში განხორციელდება დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება დაახლოებით 180-200 მლნ ლარის ოდენობით, რაც გულისხმობს დაბალი ხელფასის მქონე პირების მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ნაწილის დაბრუნებას.

გარდა ამისა, გათვალისწინებულია დაახლოებით 150.0 მლნ ლარის ოდენობით წინა წლებში ზედმეტად გადახდილი გადასახადების დაბრუნებაც, რომელიც დღეის მდგომარეობით 1.0 მლრდ ლარზე მეტია.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით 2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი 9 080.0 მლნ ლარს შეადგენს, რომელიც შემდეგი წყაროებიდან ფინანსდება: საგადასახადო შემოსავლები - 6 820.0 მლნ ლარი; გრანტები - 144,0 მლნ ლარი; სხვა შემოსავლები - 355.0 მლნ ლარი; სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან მისაღები სახსრები - 80.0 მლნ ლარი; გასულ წლებში გაცემული სესხების დაბრუნება - 70.0 მლნ ლარი; მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტი - 136.0 მლნ ლარი; საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები - 300,0 მლნ ლარი; ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილი საინვესტიციო კრედიტები - 600.0 მლნ ლარი; სხვადასხვა ვადიანობის მქონე სახელმწიფო საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვება - 400.0 მლნ ლარი; სახელმწიფო ხაზინაში არსებული თავისუფალი ნაშთის გამოყენება - 175,0 მლნ ლარი.

ამასთან, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მისაღები სახსრების მთლიანი მოცულობა გათვალისწინებულია 600,0 მლნ ლარით, საიდანაც 400,0 მლნ ლარი მოხმარდება სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების დაფინანსებას, მათ შორის სახელმწიფო ვალების დაფარვას, რომლის მოცულობაც, როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, 2014 წელს რეკორდულია. 2013-2014 წლებში სახელმწიფო ვალების მომსახურებასა და დაფარვაზე ჯამში 1 685,0 მლნ ლარია გათვალისწინებული, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება 2009 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან აღებული კრედიტის და 2008 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების დარჩენილი ნაწილის დაფარვა.

ფასიანი ქაღალდების ემისიიდან დარჩენილი 200,0 მლნ ლარი მიიმართება ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფისათვის, კერძოდ, ეროვნულ ბანკთან ერთად შემუშავდება მისი კომერციულ ბანკებში განთავსების წესი, რომლის მიხედვითაც აღნიშნული თანხა დეპოზიტებად განთავსდება იმავე კომერციულ ბანკებში, რომლებიც შეიძენენ აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს. დეპოზიტების ვადიანობა შესაბამისობაში იქნება ფასიანი ქაღალდების ვადიანობასთან, ხოლო დეპოზიტზე დარიცხული სარგებელი არ იქნება ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთზე ნაკლები. აღნიშნული თანხით კომერციულ ბანკებს საშუალება ექნებათ ლარში გასცენ გრძელვადიანი კრედიტები, რაც ფინანსთა მინისტრის აზრით, ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტიმულირებას.

რაც შეეხება 2014 წლის ასიგნებებს, ის სამინისტროების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 313.0 მლნ ლარით და შეადგენს 2 658.0 მლნ ლარს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება იზრდება 84,3 მლნ ლარით და შეადგენს 754,3 მლნ ლარს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 22,5 მლნ ლარით და შეადგენს 263,5 მლნ ლარს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 875.0 მლნ ლარი, მათ შორის: საგზაო ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილია - 501,7 მლნ ლარი; რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურისთვის - 187,1 მლნ ლარი; წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის - 131,0 მლნ ლარი; იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის - 50,1 მლნ ლარი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გამოყოფილია 87,0 მლნ ლარი, რაც მიმდინარე წლის ასიგნებებს 32,0 მლნ ლარით აღემატება.

იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება შემცირებულია 10.9 მლნ ლარით, რადგან წარმოდგენილ პროექტში არ არის გათვალისწინებული იუსტიციის სახლების მშენებლობა.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ასიგნებები შემცირებულია 17.4 მლნ ლარით, რაც დაკავშირებულია პატიმართა რაოდენობის მნიშვნელოვან შემცირებასთან.

ენერგეტიკის სამინისტროსთვის გამოყოფილია 114,6 მლნ ლარი, რომლის ფარგლებში 6,5 მლნ ლარი მიიმართება იმ სოფლების ელექტროფიცირების დასრულებისათვის, რომელთაც დღემდე არ მიეწოდებათ ელექტროენერგია.

ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება მცირდება 4,0 მლნ ლარით და შეადგენს 96,0 მლნ ლარს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 90,0 მლნ ლარს, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოსთვის შენობის შეძენა.

თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 660,0 მლნ ლარს. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილია 600,0 მლნ ლარი. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილია 80,0 მლნ ლარი. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს

დაფინანსება შეადგენს 53,9 მლნ ლარს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის გამოყოფილია 48,0 მლნ ლარი, საიდანაც 38,7 მლნ ლარი მოხმარდება დევნილთა სახლების მშენებლობა-რეაბილიტაციას.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილია 31,0 მლნ ლარი.

2014 წლის ბიუჯეტში გაზრდილია ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ტრანსფერებიც, კერძოდ თბილისის გარდა, სხვა თვითმმართველი ერთეულების ტრანსფერები ჯამურად გაზრდილია 76.0 მლნ ლარით, ხოლო თბილისის ტრანსფერი შემცირებულია 49.9 მლნ ლარით.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა