გასულ კვირას "ახალი ხმის" კონკურსანტ ანჩო დოლიძის სითამამემ საზოგადოება შოკში ჩააგდო: 23 წლის მომღერალმა სცენაზე ტანსაცმელი გაიხადა და მთელი საქართველო აალაპარაკა. ანჩო "ახალი ხმის" ინტერნეტლიდერი გახდა. საკონკურსო ტურის დასრულების შემდეგ მომღერალმა "ფეისბუქის" გვერდზე რეიტინგების გამო, უკმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა, რომ პროექტის შემქმნელები მას ჩაგრავდნენ.
- ანჩო, რატომ გაგანაწყენეს პროექტის ხელმძღვანელებმა?
- წინა კვირის ინტერნეტშედეგების მიხედვით ვლიდერობდი. ცოტა ხნის შემდეგ კი მოულოდნელად შედეგები შეიცვალა... ვერ ვხვდები, რატომ აკეთებენ ასეთ რაღაცებს? ამ პროექტებს რეალურად არაფერი მოაქვს, ორი თვე ხარ პოპულარული და მორჩა. როდემდე შეიძლება ვიმღეროთ უიტნი ჰიუსტონი და ჯექსონი? მათ ჩვენ ვერასდროს შევედრებით. მე თვითონ ვწერ მუსიკას და მინდა ახალი სიტყვა ვთქვა. თავდაპირველად მე და ჩემმა მეგობრებმა თეატრალურ უნივერსიტეტში შევქმენით ჯგუფი "თავისუფალი", "ნიჭიერშიც" მივიღეთ მონაწილეობა, მაგრამ შემდეგ თავში აგვივარდა და დავიშალეთ. მერე "ღამის შოუს სტუდიამ" დაგვიკვეთა საუნდტრეკის დაწერა ფილმისთვის "სიყვარულის ბალადა" და მას შემდეგ ვწერ სიმღერებს. მინდა წავიდე ამ ქვეყნიდან, აქ არავის უნდა შენი სიმღერა და შემოქმედება. არც შოუ იციან და არც არაფერი. საქველმოქმედო კონცერტებიც კი აღარ იმართება. ეს არის მერიისა და ხელისუფლების ბრალი, არ აფასებენ ხელოვნებას. პროფესიით მსახიობი ვარ. მთელი წელი რომ თავი შეაკლა თეატრს, თითო როლზე 30 ლარს გაძლევენ და ამის გამო არ ღირს წვალება. საქართველოში ხელოვნება დაფასებული არ არის. ვინმე სპონსორს თუ "მოვიგდებ", სასწაულ რაღაცებს გავაკეთებ.
- წინა ტურზე ყველა აალაპარაკა შენმა სითამამემ...
- სხვათა შორის, არ იყო დაგეგმილი სცენაზე ასე გამოსვლა, მაგრამ სიმღერის დროს ისე გავგიჟდი, ტანსაცმელი შემოვიხიე... ეს იყო შოუ, რომელმაც გაამართლა. მწერენ, კიდევ გაიხდიო? თუ ტანი ხელს გიწყობს, რატომ არ უნდა გამოაჩინო? გული მიგრძნობს, რომ შემდეგ ლაივზე გამოვვარდები, მაგრამ ისეთ შოუს დავდგამ, ვერ დამივიწყებენ. თუ გამოვვარდი, მაგარი შოუ დააკლდებათ. წინა გადაცემაში გაგდების კანდიდატი ვიყავი, მაგრამ ამ გამოსვლის შემდეგ პირველ ადგილზე მოვხვდი რეიტინგებში (იცინის). ვფიქრობ, სწორად მივდივარ.
- პოპულარობისთვის გაიხადე?
- რა, თუ არ გავიხადე, ისე ვერ მივიქცევ ყურადღებას? მომწონს ეს და იმიტომ ვაკეთებ. ფლაერებისა და პლაკატებისთვის სულ გავიხადე და მკერდზე ხელები ავიფარე, სწორედ ასე გადავიღე ფოტოები. ვღადაობ, შორენა ბეგაშვილმა, ნუკი კოშკელიშვილმა და სხვებმა პოპულარობის გამო რომ გაიხადეს და ახლა აღარ იხდიან. არ ვარ ერთფეროვნების მოყვარული, ხალხს რომ არ მოვბეზრდე, ხშირად ვიცვლი იმიჯს. ოჯახის წევრები თანამედროვე ადამიანები არიან და პირიქით - სტიმულს მაძლევენ, მათთვისაც მოულოდნელი იყო სცენაზე რომ გავიხადე. სასწაულ კომენტარებს წერს ხალხი, განსაკუთრებით გოგონები გამოხატავენ აგრესიას. ერთმა ისიც კი დაწერა, ამ გოგოს იმიტომ აქვს რეიტინგი, მამაკაცებზეა გათვლილიო. რატომ ვართ ასეთი "დახამებულები", ან რისი შურთ ამ გოგონებს, არ ვიცი.
- შეყვარებული ხარ?
- ცოტა ხნის წინ დავშორდი ძველ შეყვარებულს, ჩემს თვალწინ მიღალატა საკუთარ დაბადების დღეზე. ამიტომ ვუთხარი, კარგად იყავი-მეთქი და დავშორდით. აი, თურმე როგორ ვუყვარდი ბიჭს, რომელიც ცოლობას მთხოვდა. ახლა უბრალოდ, ერთი ბიჭი მომწონს და ვნახოთ, რა იქნება.
- ამბობენ, რომ შენი ახალი შეყვარებული ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დავით თარგამაძეა, სოციალურ ქსელ "ინსტაგრამში" მისი ფოტოც კი გამოაქვეყნე...
- არაფერი არ ხდება, ფოტო მომეწონა და დავდე. ძალიან კარგი ადამიანია, ვმეგობრობთ.
- როგორი ბიჭები მოგწონს?
- მომწონს სპორტული აღნაგობის, წესიერი და მორწმუნე ბიჭები. არ უნდა იყოს მწეველი, მაგრამ მე უნდა მაძლევდეს სიგარეტის მოწევის უფლებას (იცინის). ვერ ვიტან ისეთ ბიჭებს, რასაც "ჭამენ" ფოტოებს რომ უღებენ და "ფესბუქზე" დებენ. მეგოიმება ასეთი ბიჭები, სხვათა შორის მომრავლდნენ ასეთი მამაკაცები საქართველოში.
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)