ურუგვაი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც მარიხუანას წარმოების და გაყიდვის ლეგალიზება მოახდინა. შესაბამისი კანონპროექტი სენატმა ქვედა პალატის კვალდაკვალ მიიღო.
კანონპროექტს 16-მა სენატორმა, 13-ის წინააღმდეგ მისცა ხმა. მისი განხილვა ადგილობრივი დროით 10:30 სთ-ზე დაიწყეს და მხოლოდ გვიან ღამით დაასრულეს. მთელი ამ დროის განმავლობაში, პარლამეტარები კამათობდნენ, შეამცირებს თუ არა ახალი კანონი მარიხუანას მოხმარებას, თუ პირიქით, მისი მიღება უფრო მძიმე ნარკოტიკების მოხმარების ზრდას გამოიწვევს.
ახლა ურუგვაელებს უფლება აქვთ, ერთ ადამიანზე ექვსი ბუჩქი კანაფი გაზარდონ. დადგენილი ნორმების დარღვევის შემთხვევაში, ადამიანს 20 თვიდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გარდა ამისა, ქვეყნის ყველა, 18 წელს გადაცილებულ მოქალაქეს სპეციალურ რეესტრში გატარების შემდეგ, შეუძლია თვეში 40 გრამამდე მარიხუანა აფთიაქებში ლეგალურად შეიძინოს. "მოსაწევის" გაყიდვა იქ აპრილიდან დაიწყება.
ასევე იქნება კლუბში ჩაწერის შესაძლებლობაც, სადაც კანაფს გაზდიან. ასეთი კლუბების წევრების რაოდენობა შეიძლება 15-დან 45 ადამიანამდე იყოს, ხოლო წელიწადში იქ 99 ბუჩქ მარიხუანაზე მეტის გაზრდა არ შეიძლება.
ახალი კანონის მიღებამდე ურუგვაიში კანაფის მოხმარება ნებადართული იყო, ხოლო მისი წარმოება კანონით ისჯებოდა. როგორც მთავრობა აღნიშნავს, მარხუანა ურუგვაიში ყველაზე პოპულარული ნარკოტიკია, მისი უკანონი ბრუნვა ყოველწლიურად 30-40 მლნ დოლარს აღწევდა. ქვეყნის მთავრობა ხაზგასმით აღნიშნავს, მარიხუანას მოხრმარების ნებისმიერი რეკლამა და პროპაგანდა დაისჯება.
ამასთან, ქვეყნის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ თუ კანონს არასასურველი ეფექტი ექნება, მას გააუქმებენ.
მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.