ოფიციალური ვერსიით, საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა თავი მოიკლა, თუმცა დღემდე უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს, რომელიც ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებებს ბუნდოვანსა და გაურკვეველს ხდის. მოწმეთა უმრავლესობა პროკურატურას დღემდე არ დაუკითხავს, გამოძიების მიერ დაკითხული პირები კი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ჩვენებებს აძლევენ... უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე "ვერსიასთან" დეტალურად აღწერს, ვინ ჩამოაცილა პირადი დაცვა დევნაში მყოფ ქვეყნის პირველ პრეზიდენტს და როგორ იგეგმებოდა ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაცია.
- საპარლამენტო კომისიის მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მოკლულია! 1994 წლის 10 იანვარს პროკურატურის მიერ აღძრული საქმის მიხედვით კი, პრეზიდენტის გარდაცვალების მიზეზად მხოლოდ თვითმკვლელობა სახელდება. აღსანიშნავია, რომ პროკურატურა მხოლოდ რობიზონ მარგველანის, შალვა გვანცელაძის, ზაზა ბურჯანაძის, გოჩა კეკენაძის, კარლო ღურწკაიასა და ლუდმილა აბშილავას ჩვენებას ეყრდნობა, არადა არც ერთ მათგანს არ უნახავს, როგორ განხორციელდა თვითმკვლელობა ან ვინ გაისროლა. გამოძიებას, თვითმკვლელობის გარდა, სხვა ვერსია არც განუხილავს, საქმეში ძირითადი მოწმეები კი, რომლებიც დევნის ოპერაციას ხელმძღვანელობენ, დღემდე არავის დაუკითხავს, მათ შორის, არც მთავარი მოწმე ბესარიონ გუგუშვილი.
როსტოვის დასკვნის მიხედვით კი, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ზვიად გამსახურდია წამებით მოკლეს. ამის დასტურია ის, რომ პრეზიდენტის თავის ქალას სარქველები დეფორმირებულია, თავის ქალას ფუძე კი ისეა დაშლილი, რომ მისი აწყობა ვერ მოხერხდა. სხეულზე ცხრა ნეკნი მოტეხილია, ბოქვენისა და მენჯის ძვლები კი დაზიანებული.
- თუმცა ზვიად გამსახურდიას ცხედარი გროზნოში, რამდენიმე წლის განმავლობაში, დასაფლავებული იყო. გრუნტის მასასა და გროზნოში მიმდინარე საომარ მოქმედებებს ცხედრის დაზიანება არ შეეძლო?
- პათანატომებმა აღნიშნეს, რომ გრუნტის მასის ზემოქმედება მოტეხილობებზე გავლენას ვერ მოახდენდა. თანაც პრეზიდენტის ჩასასვენებელი სასახლე გატეხილი არ ყოფილა, მხოლოდ დეფორმირებული იყო.
- რატომ უნდა ეწამებინათ პრეზიდენტი?
- სხვათა შორის, მოგვიანებით, პრეზიდენტის სხეულზე, ნიკაპთან მეორე ნატყვიარიც აღმოაჩინეს, თავის უკანა ნაწილი კი გამონგრეული ჰქონდა. ზვიად გამსახურდიას მასპინძელი ლუდმილა აბშილავაც აცხადებს, როცა გარდაცვლილის თავს ხელით შევეხე, კეფასთან ხელი ჩამივარდაო. ასევე აღმოაჩინა პრეზიდენტის დაცვის წევრმა თორიამ გროზნოში, როცა ცხედარი სამეგრელოდან გადაასვენეს. ნიკაპთან ჭრილობა დაფიქსირებულია პათანატომების მიერაც. მოგეხსენებათ, როცა დევნილი პრეზიდენტი სამეგრელოში გადაადგილდებოდა, სამხედრო საბჭოს ლეგიტიმაციის პრობლემა ჰქონდა – კანონიერი ხელისუფლება დამხობილი იყო და ცოცხალი ზვიად გამსახურდიას ფაქტორი ამ კუთხით პრობლემატური იყო. ჩვენი ვარაუდით, მათ სურდათ, პრეზიდენტს გადადგომის შესახებ სატელევიზიო მიმართვა გაეკეთებინა ან გადადგომის შესახებ განცხადებაზე ხელი მოეწერა, რის შემდეგაც მას მაინც გაუსწორდებოდნენ, როგორც ეს ტაჯიკეთის პრეზიდენტს გაუკეთეს. თანხმობის ვერმიღების შემდეგ პრეზიდენტი სასიკვდილოდ აწამეს და ფიზიკური დაზიანებები მან სწორედ აქედან მიიღო. ზვიად გამსახურდიას მხოლოდ ლიკვიდაცია რომ ყოფილიყო დაგეგმილი, მას ერთი გასროლით მოუღებდნენ ბოლოს და არა წამებით. წამება რომ მართლაც იყო, ამას მოწმობს ის გარემოება, რომ ცხრა ნეკნი მოტეხილი ჰქონდა პრეზიდენტს, თავის ქალა დაზიანებული, ბოქვენისა და მენჯის ძვლებიც დაზიანებული. ამასთან 1994 წლის 17 თებერვალს დაკრძალვის ადგილიდან გვამის ამოღებისა და გარეგანი დათვალიერების ოქმში, რომელსაც ხელს აწერს 21 ადამიანი, აღნიშნულია, რომ პრეზიდენტს სახეზე 6 სხვადასხვა ზომისა და ფორმის დაზიანება აქვს. იმას, რომ პრეზიდენტი მოკლეს, ადასტურებენ საპარლამენტო კომისიის მიერ გამოკითხული იმდროინდელი მაღალჩინოსნები თენგიზ კიტოვანი და იგორ გიორგაძე. ისინი პრეზიდენტის მკვლელობის დამკვეთად ედუარდ შევარდნაძეს ასახელებენ.
- ცნობილია, რომ დევნის დროს, პრეზიდენტს გროზნოში ვერტმფრენით გაყვანა შესთავაზეს. თუკი მისი ლიკვიდაცია იყო დაგეგმილი, მაშინ რას მივაწეროთ ეს შეთავაზაება?
- თითქმის ყველა მოწმის ჩვენებაშია აღნიშნული, სამეგრელოს ტერიტორიაზე პრეზიდენტი გრძნობდა რა მდევრის საიხლოვეს, პრაქტიკულად, ყოველი მომდევნო დღის შემდეგ ადგილსამყოფელს იცვლიდაო. დღევანდელი გადასახედიდან ნათელია, რომ მაშინ ხელისუფლება ზვიად გამსახურდიას თითოეულ ნაბიჯს აკონტროლებდა.
პრეზიდენტის ლიკვიდაციის გეგმა, ჯერ კიდევ 16-17 ნოემბერს, სოფელ ჩვინარეშში შედგა, სადაც ბადრი ზარანდია, ზურაბ შონია, ძმები გია და გოჩა სარიები, გოჩა ხარებავა, ბეჟან წურწუმია და სხვა პირები შეიკრიბნენ და ხელისაწევით ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციის გეგმის განხორციელებაზე თანხმობა დაადასტურეს. გია გულუასა და ბადრი ზარანდიას დაჯგუფებების წევრებმა პრეზიდენტს ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს და სვანეთში ან გროზნოში ვერტმფრენით გადაყვანა შესთავაზეს. არსებული გეგმის თანახმად, ვერტმფრენის აფეთქება იგეგმებოდა და ყველაფერი უბედურ შემთხვევას დაბრალდებოდა, რის გამოც ზვიად გამსახურდიამ მათ წინადადებაზე უარი განაცხადა, ამიტომ დაიგეგმა თვითმკვლელობის ინსცენირება.
- პრეზიდენტის დაცვასთან დაკავშირებით რას იტყვით?
- რაც შეეხება პრეზიდენტის დაცვას, მათი ჩამოშორების პროცესი დიდი ხნით ადრე დაიწყო და დასრულდა ჯიხაშკარში. მოგეხსენებათ, 1993 წლის 22 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, პრეზიდენტი სოფელ ჯიხაშკარში, ჯონსონ კვარაცხელიას სახლში იმყოფებოდა. როგორც მასპინძელი აცხადებს, ზვიად გამსახურდია მათთან გამოზამთრებას გეგმავდა, რისთვისაც პრეზიდენტმა ჯონსონ კვარაცხელიას საკლავისა და საკვები პროდუქტების შესაძენად გარკვეული თანხა შესთავაზა, თუმცა როგორც ჯონსონ კვარაცხელია საპარლამენტო კომისიის გამოკითხვისას აცხადებს, რამდენიმე დღეში მასთან ანატოლი და ზაურ ჩუხუები მივიდნენ და აცნობეს, რომ გუჯუჯი ებრალიძის განცხადებით, მისი სახლი გაცემული იყო, ამიტომ პრეზიდენტი სხვა სახლში დაუყოვნებლივ უნდა გადაეყვანათ. როგორც აღმოჩნდა, ჩუხუებს ზვიად გამსახურდიას გადასაყვანად სახლიც უკვე შერჩეული ჰქონდათ – პრეზიდენტს ღურწკაიების ოჯახში გადავიყვანთ, კაციშვილი ახლოს არ ცხოვრობს და ეზოში გამოსვლასაც თავისუფლად შეძლებსო. ჩუხუებმა ისიც დასძინეს, ღურწკაიებს მხოლოდ ოთხი პირის მიღება შეუძლიათ, მეტი ადგილი არ აქვთო. არადა, ღურწკაიების სახლი უზარმაზარი იყო და პრეზიდენტის გარემოცვის სრულად დაბინავების შესაძლებლობა არსებობდა, თუმცა მაშინ გადაწყდა, რომ ჯონსონ კვარაცხელიას ოჯახში დაცვის ორი წევრი ზაზა ბურჯანაძე და გოჩა კეკენაძე უნდა დარჩენილიყვნენ. ფაქტია, ჯონსონ კვარაცხელიას ოჯახიდან ღურწკაიების სახლში გადაყვანა პრეზიდენტისთვის პირადი დაცვის ჩამოშორების მიზნით განხორციელდა. მოწმეთა ჩვენების მიხედვით, პრეზიდენტი ჯიხაშკარიდან ძველ ხიბულაში გადაიყვანეს. როცა საპარლამენტო კომისიამ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარა, აღმოჩნდა, რომ სოფლებს შორის მანძილის გასავლელად 30 წუთი სავსებით საკმარისია, თუმცა პრეზიდენტის გარემოცვას სოფელ ხიბულამდე, დაახლოებით, ხუთი საათი დასჭირდა.
- ვარაუდობთ, რომ პრეზიდენტის გატაცება და წამება სწორედ დროის ამ მონაკვეთში განხორციელდა?
- დიახ, პრეზიდენტი სწორედ ამ დროს დააკავეს და აწამეს. პარალელურად, თანმხლები პირებისგან ბესარიონ გუგუშვილი გააცალკევეს. არსებობს საფუძვლიანი ეჭვიც, რომ იგი უშიშროების სპეცსამსახურის თანამშრომლებმა "დაამუშავეს". კომისიაში არსებული ფაქტებიც ამას მიანიშნებს.
კერძოდ, როდესაც ბესარიონ გუგუშვილი პრეზიდენტის გარდაცვალების შედმგომ სამეგრელოდან გროზნოში ჩავიდა, თავის მეგობარს არჩილ საჯაიას უთხრა, რომ საღამოხანს, პრეზიდენტი და მისი თანმხლები პირები მანქანით გადაადგილებისას შეიარაღებულმა რაზმმა პიკეტზე გააჩერა და მანქანიდან ზრდილობიანად გადმოიყვანა. აღნიშნული პირები ქართულ ენაზე არ საუბრობდნენ. მათ გუგუშვილს თვალები აუხვიეს, სხვა მანქანაში გადასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. მიიყვანეს მცირე ზომის ხის სახლში, სადაც დაახლოებით 2 დღე დაჰყო. სახლს შეიარაღბეული პირები იცავდნენ და გუგუშვილს სახლის დატოვების საშუალებას არ აძლევდნენ. გუგუშვილის თქმით, 2 დღის შემდეგ იგი მიიყვანეს სულ სხვა სახლში, სადაც პრეზიდენტი და მისი დაცვის წევრები იმყოფებოდნენ. მას პრეზიდენტის ცნობა ძალიან გაუჭირდა. ეს პიროვნება ზვიადს ჰგავდა, მაგრამ დაბეჯითებით უჭირდა იმის მტკიცება, იყო თუ არა, ზვიადი. იგი არ ლაპარაკობდა, საჭმელს არ ჭამდა და სვავდა მხოლოდ წყალს. გუგუშვილის მისვლიდან მეორე დღეს კი თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. გუგუშვილმა საჯაიას უთხრა, რომ მან აჭარის გავლით, სამეგრელოდან გროზნოში ჩასვლა ისე მოახერხა, გზაში არავის გაუჩერებია. ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის დროს დაცვა, პრეზიდენტი და გუგუშვილი განცალკევებულნი იყვნენ. წარმოიდგინეთ, ჯონსონ კვარაცხელიას ოჯახიდან გამოსვლის დროს თითოეული მოწმე განსხვავებულად იხსენებს:
ზაზა ბურჯანაძე აცხადებს, რომ ძველ ხიბულაში გადასვლა 27-28 დეკემბერს, დაახლოებით, 24:00 საათზე მოხდა. გოჩა კეკენაძის მტკიცებით, კვარაცხელიას სახლიდან გასვლის თარიღი 26 დეკემბრის ღამის საათები იყო. ანატოლი ჩუხუა იხსენებს, რომ პრეზიდენტმა ჯონსონ კვარაცხელიას სახლი 27 დეკემბერს, შებინდებისას დატოვა. თავად ჯონსონ კვარაცხელია ყვება, რომ მისი სახლიდან დევნილი ზვიად გამსახურდია და მისი თანმხლები პირები 28 დეკემბრის 18 საათზე გავიდნენ, როცა ჯერ კიდევ ბუნებრივი ნათება იყო და ადამიანების გარჩევა იოლად შეიძლებოდა. შესაბამისად, არსებობს ეჭვი, რომ მოწმეები შეგნებულად ტყუიან და პრეზიდენტის გადაყვანის თარიღის დაზუსტებას თავს არიდებენ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, უამრავი დამატებითი შეუსაბამო და ურთიერთგამომრიცხავი ფაქტი გამოიკვეთება. საინტერესოა ისიც, რომ ჯიხაშკარიდან გამოსვლისას, მანქანაში მყოფ პირთა განლაგება ვერავინ დაასახელა, მათ შორის, ვერავინ გაიხსენა, ვინ იჯდა პრეზიდენტთან. ეს დეტალი კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ამ ადამიანებს სიმართლის გამხელა არ სურთ.
- ერთმანეთს არ ემთხვევა მოწმეთა ჩვენებები პრეზიდენტის ჩაცმულობასთან დაკავშირებითაც...
- დიახ, ჯონსონ კვარაცხელია აცხადებს, რომ პრეზიდენტი მისი სახლიდან შემდეგი ჩაცმულობით გავიდა: ორბორტიანი, ნაცრისფერი პიჯაკი, სამხედრო "უშანკა" და პალტო, რომელიც ჩანთაში ედო. ანალოგიურ ჩაცმულობას ზვიად გამსახურდიას წინა მასპინძელი, სოფელ ჯაღრის მკვიდრი, ანზორ მებონიას ძმისშვილი გოდერძი მებონიაც აღწერს, კარლო ღურწკაია კი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი მის სახლში ტანზე ნაბდისმაგვარი სამოსით, თავზე ჩეჩნური ფაფახითა და მაღალძირიანი ფეხსაცმლით მივიდა; რობიზონ მარგველანი აცხადებს, რომ პრეზიდენტს მისი ნაჩუქარი სვანური ქუდი ეხურა. სხვათა შორის, რობიზონ მარგველანმა, ჩვენების მიცემისას, ძველ ხიბულაში მდებარე სახლის მეპატრონეების ვინაობაც ვერ გაიხსენა. კითხვაზე, ვინ გაუწია პრეზიდენტს ბოლო მასპინძლობა ძველ ხიბულაში, რობიზონ მარგველანმა, კარლო ღურწკაიას ნაცვლად, "ვიღაც ლადო" დაასახელა. წარმოუდგენელია, მარგველანს არ სცოდნოდა იმ პირთა ვინაობა, ვისთანაც რამდენიმე დღის განმავლობაში ცხოვრობდა.
- და რატომ იცრუა რობიზონ მარგველანმა?
- ვერ ვიტყვი, მან მოკლა ზვიად გამსახურდია თუ პრეზიდენტის მკვლელობას ხელი შეუწყო, რადგან ამით უდანაშაულობის პრეზუმპციას დავარღვევ. ყველაფერი საზოგადოებამ განსაჯოს, მე მხოლოდ ფაქტებს გავახმაურებ. პრეზიდენტის გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებითაც მოწმეები საკმაოდ შეუსაბამო ჩვენებებს აძლევენ. მაგალითად, რობიზონ მარგველანი პრეზიდენტის გარდაცვალების თარიღად 1993 წლის 31 დეკემბერს, დაახლოებით, 01:00 საათს ასახელებს. ა. გვანცელაძის განცხადებით კი, პრეზიდენტი 30 დეკემბერს, გვიან ღამით გარდაიცვალა. მასპინძელი კარლო ღურწკაია აცხადებს, რომ ზვიად გამსახურდია 31 დეკემბერს, 01:30 საათზე, გარდაიცვალა, ხოლო მისი მეუღლე იგივე ფაქტს 1993 წლის 30 დეკემბრით ათარიღებს. გოჩა კეკენაძის განცხადებით, 1993 წლის 29 დეკემბერს მათთან უცნობი პიროვნება, ვინმე გულიკო მივიდა, რომელმაც ისინი რამდენიმე წუთში რობიზონ მარგველანს შეახვედრა და პრეზიდენტის თვითმკვლელობა აცნობა. დაკითხვის პროცესში, რამდენიმე წუთში, გოჩა კეკენაძემ განაცხადა, რომ იგივე ფაქტი 1993 წლის 31 დეკემბერს მოხდა. როგორც ვხედავთ, შეუსაბამო ფაქტებს ერთსა და იმავე ჩვენებებშიც ვაწყდებით. დროებითი საპარლამენტო კომისიის მიერ წარმოებული გამოკითხვისას, რობიზონ მარგველანმა პრეზიდენტის გარდაცვალების თარიღად, თავდაპირველად, 1993 წლის 31 დეკემბერი დაასახელა, თუმცა როცა ჰკითხეს – 30 დეკემბერს, 19:00 საათზე, რუსეთის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების დღედ, ამჯერად, 30 დეკემბერი დაასახელა.
- ცნობილია, რომ გარდაცვალების დროს პრეზიდენტის ოთახში ბესარიონ გუგუშვილი იმყოფებოდა და მისი განმარტება პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ძალზე საინტერესოა.
- ბესარიონ გუგუშვილი აცხადებს, რომ გასროლის დროს, მან "ტაშტის" დავარდნის ხმა გაიგონა. ნებისმიერი ექსპერტი დაადასტურებს, რომ "სტეჩკინის" იარაღის გავარდნისას, გვერდით მყოფი ადამიანი, შესაძლოა, დაყრუვდეს. როგორც მინიმუმ, ბესარიონ გუგუშვილი შოკში უნდა ჩავარდნილიყო, თუმცა, როგორც თავად ამტკიცებს, მან სახლში მყოფ პირებს გასძახა – პრეზიდენტი "ტაშტში" აღებინებსო. ოჯახის დიასახლისი ლუდმილა აბშილავა ყვება, რომ, დაახლოებით, ღამის 12 საათზე, საგნის დავარდნის ძლიერი, ყრუ ხმა გაიგონა, შემდეგ კი პრეზიდენტის თანმხლებ პირთა ყვირილი შემოესმა - ვაიმე, დავიღუპეთ, ზვიადმა თავი მოიკლაო. როცა ლუდმილა აბშილავა სახლის ზემო სართულზე ავიდა, პრეზიდენტს ხელები და სახე აკრული ჰქონდა, ტანზე კი შარვალი და პიჯაკი ეცვა, რამაც მისი გაკვირვება გამოიწვია. როგორც ლუდმილა აცხადებს, დაახლოებით, ერთი საათის წინ, როცა ზვიად გამსახურდიას ჩაი მიართვა, პრეზიდენტს სპორტული პიჟამა ეცვა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამყარებს ჩვენს ეჭვს, რომ პრეზიდენტი წამების დროს მოკლეს, ღურწკაიების სახლში კი, ზვიად გამსახურდიას სახით, სხვა პიროვნება მიიყვანეს. რადგან ლუდმილა აბშილავას განცხადებით, სიკვდილამდე მან პრეზიდენტი სპორტულ პიჟამაში ნახა, ხოლო "თვითმკვლელობის" შემდეგ იგი უკვე შარვალ-კოსტუმში იყო ჩაცმული... მოწმეები კი აცხადებენ, პრეზიდენტი იმ მომენტში ისე ცუდად იყო, წამოდგომას ვერ ახერხებდა და ლოგინში იწვაო, სამაგიეროდ, ის კი შეძლო, რომ "თვითმკვლელობამდე" პიჟამა გაიხადა და შარვალ-კოსტუმი ჩაიცვა?!
ამასთან აღსანიშნავია, რომ კრიმინალისტის განცხადებით, გასროლა უნდა მომხდარიყო არანაკლებ 100-200 მმ მანძილიდან და ზემოთ, რადგან არ შეიმჩნევა ბჯენითა და ახლო მანძილისთვის დამახასიათებელი დაზიანებები, აღნიშნულს ადასტურებს ქ. როსტოვში ჩატარებული ექსპერტიზა. ამ ექსპერტიზის დასკვნაში ნთქვამია ტყვიის მოძრაობის მიმართულება მარჯვნიდან მარცხნივ, რამდენადმე ზემოდან ქვემოთ, რამდენადმე წინიდან უკან, რაზედაც მიუთითებს შემავალი და გამომავალი ხვრელები. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, ავტომატური პისტოლეტის "სტეჩკინის", რომლის წონა დამუხტულ მდგომარეობაში 1420 გრამია, ხელში დაჭერა თვითმკვლელობის მიზნით, ლულით 100-200 მმ მანძილზე და ისე, რომ ტყვიის მიმართულება იყოს მარჯვნიდან მარცხნივ, ზემოდან ქვემოთ, წინიდან უკან, ფიზიკურად შეუძლებელია. ვთქვათ, თვითმკვლელობის მიზნით, ავტომატური პისტოლეტი "სტეჩკინით" განხორციელებულიყო საფეთქლის არეში სროლა იმ მიმართულებით, როგორც აღწერილია ქ. როსტოვში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაში, მსროლელი (ამ შემთხვევაში თვითმკვლელი) იძულებული იქნებოდა, მიეტანა იარაღის ლულა თავის ქალასთან, რაც უმეტეს შემთხვევაში, გამოიწვევდა საფეთქლისა და სალისებრი ძვლის განგრევას ცეცხლსასროლი იარაღის ლულიდან გამოტყორცნილი აირების მეშვეობით, რომლის წნევა ლულაში შეადგენს 1200-2000 კგ/სმ2 და ლულის გარეთ ეცემა გავრცელების მანძილის შესაბამისად. აღნიშნული მოქმედება ასევე გამოიწვევდა დიდი რაოდენობის სისხლისა და სხვადასხვა სხეულის ნაწილაკების გამოდინება-გამოფრქვევას შემავალი და გამომავალი ხვრელებიდან, რაც მოწმეთა ჩვენებებსა და ასევე საგამოძიებო კომისიის მიერ მოპოვებულ მასალებში არ ფიგურირებს. ასევე აღსანიშნავია, რომ დაკარგულია დანაშაულის იარაღი, გასროლილი ტყვიის ლულა, მასრა, განადგურებულია ყველა ის მტკიცებულება შემთხვევის ადგილიდან, რომელიც საქმეზე ობიექტურ ჭეშმარიტებას დაადგენდა. ასევე აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საქმეში, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლის ო. ჯაფარიძის #18.05.2001 წერილში ვკითხულობთ: რობიზონ (რობერტ) მარგველანის თქმით, ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა "სტეჩკინის" კონსტრუქციის მაყუჩიანი პისტოლეტით, რომელიც ამოღებული და გამოკვლეული არ ყოფილა.
განსაკუთრებულ საქმეთა უფროსმა გამომძიებელმა ო. ჯაფარიძემ, წერილობით აცნობა რა ადამიანის უფლებათა დაცმველ არასამთავრობო საზოგადოებას, მიუთითა წყარო, საიდანაც ჰქონდა მას ეს ინფორმაცია, თუმცა მარგველანის ჩვენებების შესწვალამ ეს არ დაადასტურა. როგორც ჩანს, გამქრალია მაყუჩის არსებობის შესახებ პირველწყარო. ძნელი სავარაუდოა, რომ განსაკუთრებულ საქმეთა უფროს გამომძიებელ ო. ჯაფარიძეს, უბრალოდ, შეშლოდა და სიტყვა "მაყუჩი" გამოეყენებინა ისე, რომ ამის არსებობის შესახებ იფნორმაცია არ ჰქონოდა რომელიმე წყაროდან - მოწმის ჩვენებიდან და სხვა. თვითონ მაყუჩის არსებობის ფაქტი უკვე გამორიცხავს თვითმკვლელობის ვერსიას, რადგან მაყუჩი იარაღს კიდევ ფრო აგრძელებს და სრულიად გამორიცხავს თვითმკვლელის მიერ მისი ხელში დაჭერისა და სროლის განხორციელების შესაძლებლობას იმ კუთხით, რომელზედაც მოწმეები და ქალაქ როსტოვში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა მიუთითებს. სხვათა შორის, მაყუჩის არსებობაზე გარკვეულწილად მიუთითებს თვითონ რობიზონ მარგველანისა და კარლო ღურწკაიას მეუღლის, ლუდმილა აბშილავას განცხადებები, რომ მათ შემოესმათ სროლის ყრუ ხმა, რაც სწორედ მაყუჩიანი იარაღიდან განხორციელებულ გასროლაზე მიუთითებს.
- მტკიცებულებები პრეზიდენტის თანმხლებმა პირებმა გაანადგურეს?
- იარაღის გარდა, დანაშაულის ყველა კვალი განადგურებულია. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს საგნების ის მონაკვეთები, სადაც ძნელია სისხლის კვალის განადგურება – იატაკის ღარები, პლინთუსების ქვეშ, ტანსაცმლის ნაკერები, ღილები და ჯიბის სარჩული. სისხლის გუბის მკვეთრი საზღვრები მიუთითებს გვამის პირველადი მდგომარეობის შეუცვლელობაზე. მოწმეები კი ერთმანეთისგან განსხვავებულ მდგომარეობაში აღწერენ მიცვალებულს, რაც არანაირად დამაჯერებელი არ არის.
1. თვითმხილველები პრეზიდენტის გვამს აღწერენ სხვადასხვაგვარად. მისი მდგომარეობით დაწყებული ჩაცმულობით დამთავრებული. რობინზონ მარგველანი და შალვა (ბაჩუკი) გვანცელაძე უთითებენ, რომ პრეზიდენტს იარაღიანი ხელი მუცელზე ჰქონდა დადებული, ხოლო კარლო ღურწკაია აღნიშნავს, რომ პრეზიდენტს მარჯვენა ხელი გაშლილ მდგომარეობაში საწოლიდან გადმოვარდნილი ჰქონდა.
2. შემთხვევის ადგილზე სისხლის არარსებობა სხეულის დაზიანებისას, რომელიც სისხლდენას იწვევს მიუთითებს იმაზე, რომ გვამი გადატანილია დანაშაულის ადგილიდან, რასაც საპარლამენტო კომისიის გამოკითხვაში აღნიშნავს ნუკრი ღურწკაია. მისი თქმით, პრეზიდენტის სხეულზე სისხლის კვალი მისთვის შეუმჩნეველი დარჩა.
3. გვამის ტანსაცმელზე ახალი და გამშრალი სისხლის ნაღვენთები წარმოიქმნება გვამის გადატრიალებისას. სხეულის თრევისას ტანსაცმელზე ზოლად წარმოიქმნება ლაქა წანაცხების სახით. რომეო კუჭუხიძის ჩვენებით, პრეზიდენტს გარდაცვალების დროს რომელი ტანსაცმელიც ეცვა, ნახა გარეცხილი, ქალაქ ბათუმში შალვა (ბაჩუკი) გვანცელაძესთან. აღნიშნული მოქმედებით განადგურდა სისხლის კვალი.
4. სხეულის დაზიანების მომენტში დაზარალებულის ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნაზე შეიძლება მიუთითებდეს ტანსაცმელზე ვერტიკალური ჩამონაღვენთებისა და ფეხსაცმლეზე წვეთისებური ლაქების არსებობა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტს ფეხსაცმელი არ ეცვა, თუ ვერ ჩააცვეს (იხ. 1994 წლის 17 თებერვლის დათვალიერების ოქმი).
5. სისხლის გუბის არსებობა მიანიშნებს დიდ სისხლდენაზე. იგი წარმოიშობა მსხვილი სისხლძარღვების დაზიანების, ან შედარებით წვრილი სისხლძარღვებიდან ხანგრძლივი სისხლდენით. სისხლის გუბის ფორმა და ზომა დამოკიდებულია არა მარტო დაღვრილი სისხლის რაოდენობაზე, არამედ იმ საგნის თვისებაზე, რაზედაც იგი მოხვდა. ერთ-ერთი თვითმხილველი ზაზა ბურჯანაძე, რომელიც შემთხვევის ადგილზე მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე საათში მიიყვანეს, პროკურატურისადმი მიცემულ ჩვენებაში განმარტავს, რომ პრეზიდენტის საწოლთან იდგა "ტაშტი", რომელზედაც წვეთავდა გარდაცვლილი პრეზიდენტის თავის არედან მომდინარე სისხლი.
აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ჯონსონ კვარაცხელიას პროკურატურისთვის 1999 წლის 12 თებერვალს მიცემული ჩვენებით, ასევე რობიზონ მარგველანის 1997 წლის 22-27 თებერვალს მიცემული ჩვენებით, გარდაცვლილი პრეზიდენტის ორივე ლეიბი, ხიბულადან ჯიხაშკარში გადასვენების შემდეგ, დიზელის დასხმით დაიწვა და განადგურდა ჯონსონ კვარაცხელიას ეზოში. მოწმეთა არც ერთ ჩვენებაში მითითებული არ არის, თუ სად გაქრა პრეზიდენტის საბანი, ხოლო რაც შეეხება პრეზიდენტის ბალიშს, იგი ვითომ რელიქვიის სახით, ინახებოდა ძველ ხიბულაში, ღურწკაიას ოჯახში. ოჯახის დიასახლისის ლუდმილა აბშილავა-ღურწკაიას 1999 წლის 5 თებერვალს პროკურატურისთვის მიცემული ჩვენებით, წლების განმავლობაში მან პრეზიდენტის ბალიში დაშალა, გარეცხა და შეუცვალა პირი. ამის შემდეგ აღნიშნული განახლებული ბალიში 2004 წლის საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ამოიღო და საქმეში ინახება, როგორც ნივთმტკიცება.
რაც შეეხება პრეზიდენტის ტანსაცმელს, პრეზიდენტის პირადი დაცვის წევრის ბადრი გოგელაშვილის ინფორმაციით, მან ის მიიღო პრეზიდენტის დაცვის უფროსის რობიზონ მარგველანისგან, რომელმაც გოგელაშვილს განუცხადა, რომ პრეზიდენტის ტანსაცმელი ჩაუტანა ქალაქ ბათუმში ქალბატონ ლამარა კერვალიშვილს. იყო თუ არა აღნიშნულ ტანსაცმელზე სისხლის ლაქები, მისთვის უცნობია. შემდეგ მან შეიტყო ისევ რობიზონ მარგველანისგან, რომ ეს ტანსაცმელი მან ჩაიტანა უკვე თბილისში, პრეზიდენტის ოჯახისთვის გადასაცემად. შემდეგ მარგველანის თხოვნით, ბადრი გოგელაშვილმა პირადად დაურეკა პრეზიდენტის ვაჟს, ცოტნე გამსახურდიას და მოახსენა, რომ მისთვის რობიზონ მარგველანს სურდა პრეზიდენტის ტანსაცმლის გადაცემა, რაზედაც მან თანხმობა განაცხადა, მაგრამ ცოტნე გამსახურდია მოულოდნელად რუსეთში გაემგზავრა და მისთვის ტანსაცმლის გადაცემა ვერ მოხერხდა, ხოლო რა ბედი ეწია შედმგომში ტანსაცმელს, ბადრი გოგელაშვილისთვის უცნობია. 2011 წლის 17 იანვარს, ლამარა კერვალიშვილის საპარლამენტო გამოკითხვისას, პრეზიდენტის კუთვნილი ტანსაცმლიდან მისი ყურადღება მიიქცია მოყავისფრო ზოლებიანმა ნაქსოვმა ჯემპრმა, რომელზედაც აღინიშნებოდა დიდი ზომის სისხლის ლაქა კისრის არეში და მცირე ზომის სისხლის ლაქა მარცხენა სახელოზე. ასევე ნაცრისფერ შარვალზე, უკან, სათავესთან აღინიშნებოდა მცირე ზომის სისხლის ლაქა. რობიზონ მარგველანი საპარლამენტო გამოკითხვაში ახსენებს ჯემპრს, რომელიც პრეზიდენტს გარდაცვალების მომენტში ეცვა. თუკი დავუშვებთ, რომ ეს, მართლაც, ასე იყო, გაუგებარია, ორი სისხლმდენი ჭრილობა, შემავალი და გამომავალი, როგორ შეიძლება მეტი მოცულობის სისხლის კვალს არ ტოვებდეს პრეზიდენტის სამოსზე, ვიდრე ზემოაღნიშნულ გამოკითხვაშია მითითებული. ლამარა კერვალიშვილის შეკითხვაზე, სად წავიდა ის ტანსაცმელი, რომელშიც, მთავარი მოწმეების თქმით, პრეზიდენტმა თავი მოიკლა, მარგველანმა განაცხადა, რომ ეს ტანსაცმელი მათ პრეზიდენტს სასვენებელში ჩაატანეს. აღნიშნულ ჯემპრსა და შარვალზე რობიზონ მრაგველანს ლამარა კერვალიშვილთან საუბრისას არაფერი უთქვამს.
- რატომ არ დაინიშნა ექსპერტიზა გროზნოში, იქ ხომ არ იყო შევარდნაძის ხელისუფლება, რომელსაც პირველი პრეზიდენტის ოჯახი არ ენდობოდა?
- სანამ პრეზიდენტის ცხედარს გროზნოში გადაასვენებდნენ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შევარდნაძე ჯოჰარ დუდაევს შეხვდა. ბუნებრივია, ჩეჩნები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ და სახელწმიფოს ზვიად გამსახურდიას ვერ გადააყოლებდნენ. ზვიადი ცოცხალი აღარ იყო და ისინი უკვე იძულებულნი იყვნენ, ახალი რეალობისთვის გაესწორებინათ თვალი... შესაძლებელია, მანანა არჩვაძე აღარ ენდობოდა დუდაევს, რომელსაც შევარდნაძესთან ურთიერთობის დალაგების სურვილი გაუჩნდა. მართალია, დუდაევი ზვიად გამსახურდიას მხარს უჭერდა, თუმცა მისი დამარცხების შემდეგ უნდა შეგუებოდა აზრს, რომ შევარდნაძესთან თანამშრომლობა მოუწევდა, ამდენად მანანა არჩვაძე, ალბათ, არ ენდობოდა იქაურ ექსპერტიზასაც.
- კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებით, წინა ხელისუფლების პირობებში, კომისიის მასალები პროკურატურას გადაუგზავნა, თუმცა გამოძიების განახლების სურვილი მაშინ არავის გამოუთქვამს. დღეს თუ გაქვთ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების რეალური მიზეზის დასადგენად გამოძიების დაწყების მოლოდინი?
- კომისიის დასკვნას პროურატურის მხრიდან დღემდე არავითარი რეაგირება არ მოყოლია. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებათა ნაწილი განადგურებულია, საქმის გახსნა მაინც შესაძლებელია. თანაც ჩვენ რიგითი ადამიანის კი არა, პრეზიდენტის გარდაცვალების გამოძიებაზე ვსაუბრობთ. კომისიას მოწმეების საზღვარგარეთიდან ჩამოყვანის უფლება არ აქვს, თუმცა პროკურატურას შეუძლია ამის გაკეთება... არსებობს ეჭვი, ვინ არის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის დამკვეთი, პრეზიდენტს რუსებიც დასდევდნენ მოსაკლავად, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერი ქვეყნის შიგნით დაიგეგმა. გია გულუა ხმამაღლა აცხადებდა – ზვიად გამსახურდია "ზვიადისტების" ხელით უნდა მოკვდესო, თუმცა დარწმუნებული ვარ, მხოლოდ რიგითი მაღალჩინოსნები ამ საქმეს ვერ განახოციელებდნენ. გამოძიებამ მთავარი დამკვეთის ვინაობა უნდა დაადგინოს, რაც არც ისე რთულია.
რუსუდან შელია