დედამიწაზე ორგანული წარმოშობის ენერგომატარებლები თანდათან ილევა, ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 300 წელიწადში ნახშირის მარაგი ამოიწურება, ხოლო 100 წელიწადში - ნავთობისა და ბუნებრივი აირის... მეტალურგი, საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრის დირექტორი თამაზ ვაშაკიძე თავის გამოგონებაზე გვესაუბრება, რომელშიც ალტერნატიული ენერგომატარებლებია გამოყენებული.
- ალტერნატიული, განახლებადი ენერგიის ძირითადი წყაროებია გეოთერმული ენერგია, მზე, ქარი. დღევანდელობისგან განსხვავებით, ადრე ამგვარ წყაროდ მიიჩნევდნენ ჰიდრორესურსს, წყალსაც. საქართველოში 26 000 მდინარეა, რომელთაც უზარმაზარი პოტენციალი აქვთ; ჩვენში ალტერნატიული ენერგიის წყაროების უფრო ფართოდ გამოყენება აუცილებელია, დღეს დატვირთვის მთელი სიმძიმე ენგურჰესსა და "თბილსრესზე", სხვა ელექტროსადგურებზე ნაწილდება. "თბილსრესის" ტერიტორიაზე მუშაობს აირტურბინული სადგური, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტი ამჟამად 30 პროცენტს არ აღემატება, თუმცა, არსებობს მისი გაზრდის შესაძლებლობა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უბერავს ქარი, რომლის საშუალო სიჩქარეა 4 მეტრი წამში, რაც ქარის დანადგარების დაყენების შესაძლებლობას იძლევა, ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე მზის წლიური ინსოლაცია ერთ კვადრატულ მეტრზე 1500 კილოვატსაათია, რაც შესაბამისად, თითქმის 170 კუბური მეტრი გაზის ეკვივალენტის ტოლია. ჩვენი მიზანი ისეთი დანადგარის შექმნა იყო, სადაც ენერგიის რამდენიმე ალტერნატიული წყაროს ერთობლივი გამოყენება იქნებოდა შესაძლებელი.. ასე შევქმენით კომპლექსური დანადგარი, სადაც გამოვიყენეთ ქარის, მზისა და წყლის ენერგია. გამოგონების "განახლებადი ენერგიის წყაროების კომპლექსური გამოყენება ერთ დანადგარზე" პროტოტიპად ავიღეთ ამ ტიპის დანადგარი, რომელიც წლების წინ შექმნეს ქარხანა "ელექტროავტომატის" იმჟამინდელმა დირექტორმა ჯაფარიძემ და მთავარმა ტექნოლოგმა ვლადიმერ ვაჩნაძემ. მოდელი თანდათან გავაუმჯობესეთ, - ბორბლის კონსტრუქცია შევცვალეთ, წყლის იმავე დინებაზე ის უფრო სწრაფად ტრიალებს და მეტ ენერგიასაც გამოიმუშავებს, მარგი ქმედების კოეფიციენტი მაღლდება. ამ აგრეგატის ცალკეული დანადგარების დაგეგმარება არარაციონალური იყო, გენერატორსა და რედუქტორს შევუცვალეთ მიმართულება 90 გრადუსით წყლის დინების მხარეს, რამაც მოგვცა საშუალება იმავე დანადგარზე დაგვეყენებინა 1-დან 20 კილოვატამდე სიმძლავრის ქარის დანადგარი და მზის ფოტოვოლტაჟის პანელები 70-დან 140 ვატამდე, ამავე დროს, ბორბლის გვერდით დავაყენეთ ორი 1 დან 3 კილოვატამდე სიმძლავრის ჰიდროტურბინა, რამაც საბოლოოდ, შესაბამისი გენერატორისა და რედუქტორის გამოყენებით, ამ რვა კვადრატულ მეტრ ფართობზე 15 კილოვატი ელექტროენერგიის გამომუშავების შესაძლებლობა მოგვცა. ეს ტივტივა დანადგარი, რომელიც სამხედრო პონტონზე უნდა იდგას, ჩვენს მოწყობილობაში რვა 200-ლიტრიან კასრზე დგას, დანადგარის კარკასი შეიძლება გაკეთდეს თხელკედლიანი მილებისგან, რაც მეტი ტივტივის საშუალებას მისცემს. ქარისა და მზის, წყლის ტურბინებმა და ბორბალმა ერთად შეიძლება ვერ იმუშაოს, მაგრამ არ არსებობს საქართველოში ადგილი, სადაც ერთმა მაინც 30 პროცენტით არ იმუშაოს, შეიძლება ქარი იყოს ძლიერი, მზე ნაკლებად აცხუნებდეს, ან პირიქით, მაგრამ ეს პრობლემას არ ქმნის. დანადგარი შეიძლება განთავსდეს ნებისმიერ ადგილზე, სადაც არის მდინარე. ამასთან, ვინაიდან ღვედის ერთი მხარე დაკავებულია ღვედით, რომელიც რედუქტორზე გადასცემს ბრუნვათა რიცხვს, მისი მეორე მხარე შეგვიძლია ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო დანადგარისთვის გამოვიყენოთ - ვენახის შესაწამლი, წისქვილი... ეს დანადგარი საერთაშორისო კონკურს "ენერჯი გლობ ავარდ"-ზე წარმატებით წარვადგინეთ, დაჯილდოებას 2008 წლის 26 მაისს ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტი ბაროზუ ხელმძღვანელობდა. გამოგონება ნეაპოლში ჩატარებულ საერთაშორისო გამოფენა-კონკურსზე წარდგენილი 800 ნიმუშიდან საუკეთესო ათეულში შევიდა.
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)