თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია მიიჩნევს, რომ თბილისელ მძღოლებსა და მანქანის მფლობელებს მეტისმეტად დიდი ჯარიმების გადახდა უწევთ, რაც მეტწილად კომპანია "სითი პარკის" "დამსახურებაა". მისივე თქმით, საკრებულომ ამ საკითხის შესწავლა კარგა ხანია დაიწყო, თუმცა, მერია ცდილობს მათ საჭირო დოკუმენტები არ მიაწოდოს, ეს კი იწვევს ეჭვს, რომ მერიასა და "სითი პარკს" შორის საეჭვო გარიგება. "სითი პარკში" ამბობენ, რომ ჯარიმებისა და პარკირების თანხის ოდენობას თავად ვერ შეამცირებენ, რადგან ეს დედაქალაქის მერიის პრეროგატივაა. ამავე დროს, კომპანიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ სამუშიას მიერ დასახელებული ციფრები სიმართლეს არ შეესაბამება. გთავაზობთ ინტერვიუს, სადაც ჯაბა სამუშია თავის მოსაზრებებს გაგაცნობთ, საბოლოო დასკვნის გამოტანა კი თქვენთვის მოგვინდია:
- ის პირობები, რომელიც "სითი პარკმა" დადო, დღეს შესრულებული არ არის. რატომღაც, პირველადი ხელშეკრულების ის მუხლები, სადაც ვალდებულებებზეა ლაპარაკი, თბილისის მერიას დღემდე გასაიდუმლოებული აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის დანაშაული. ჩვენ კარგად გვახსოვს ქალაქის მერის, ქალაქის მთავრობის წევრებისა და "სითი პარკის" წარმომადგენელთა დაპირებები, რომლებიც პრესითა და ტელევიზიით იმ ხანებში შუქდებოდა: ამბობდნენ, რომ კომპანიის მთავარი მიზანი იყო თბილისში პარკირების მოწესრიგება, პარკირებისათვის საჭირო მთელი ინფრასტრუქტურის შექმნა, მიწისქვეშა სადგომების მოწესრიგება, ახალი ადგილების გამოყოფა, უნდა აშენებულიყო სახლები, სადაც პარკირების მრავალსართულიანი ადგილები იქნებოდა, ისევე როგორც ევროპაშია და ა.შ... მოკლედ, ეს უნდა ყოფილიყო ახალი სიტყვა პარკირების თვალსაზრისით. ამის სანაცვლოდ რა მოხდა? - დახაზეს თბილისის ქუჩები და თქვეს - ეს ტერიტორია ჩვენია და ვინც აქ მანქანას დააყენებს, ფული უნდა გადაგვიხადოსო... (!) არანაირი ინვესტიცია ამ სფეროში არ განხორციელებულა, თბილისის დასახაზად კი რამდენიმე ათასი ლარიც საკმარისია. სამაგიეროდ, ქუჩები შეავიწროვეს და პარკირებისათვის გამოიყენეს, რის გამოც განტვირთვის ნაცვლად დედაქალაქის ქუჩები კიდევ უფრო გადაიტვირთა და ამ მხრივ ქალაქში დამატებითი პრობლემები შეიქმნა.
- ბატონო ჯაბა, ავტომანქანის მფლობელები ჩივიან, რომ თანხას "სითი პარკსაც" უხდიან და ე.წ. სტაიანშჩიკებსაც...
- ეს კიდევ ცალკე თემაა! გაცილებით ნაკლები იქნებოდა აგრესია "სითი პარკისადმი", ეს ადამიანები რომ დაესაქმებინათ, მათთვის ფორმები დაერიგებინათ და ამ სისტემისათვის ადამიანური სახე მიეცათ. დღეს კი რა მივიღეთ? - პარკირებაში ფულს ვიხდით, მაგრამ რეალურად ეს სფერო მოუწესრიგებელია. ნასვამი, გაუპარსავი ადამიანები ქუჩებში დგანან და საჭესთან მყოფი იძულებულია, მათაც ფული უხადოს და კომპანიასაც. სხვათა შორის, ეს ხალხი გიგი უგულავამ თავის დროზე მათხოვრებად გამოაცხადა და ეს საქვეყნოდ აღიარა: თუ გინდათ, მიეცით ამ ხალხს ფული და თუ გინდათ - არაო.... "სითი პარკის" შემოსავალი ხომ საერთოდ ბუნდოვანი და გაურკვეველია. ყველამ იცის, რომ არსებობს რამდენიმე ტიპის ჯარიმა: კერძოდ, 70-ლარიანი ჯარიმა, როდესაც მანქანა საჯარიმოზე გადაჰყავთ, ასევე ათლარიანი ჯარიმა არასწორი პარკირებისათვის და 50-ლარიანი შესატანი, რომელსაც მანქანის მფლობელები ყოველწლიურად იხდიან. კონტრაქტის მიხედვით, პარკირებიდან შემოსული თანხის 60% მიდის დედაქალაქის ბიუჯეტში, ხოლო 40% - "სითი პარკისაა". ყველაზე დიდი თანხა, რაც "სითი პარკის" მიერ შემოსულა თბილისის ბიუჯეტში, ეს არის მილიონ 800 ათასი, ანუ დაახლოებით ორ მილიონამდე ლარი. თუ ეს 2 მილიონი ლარი არის პარკირების მთელი შემოსავლის 60%, მაშინ გამოდის, რომ მთლიანი შემოსავალი ამ ორგანიზაციას აქვს 3 მილიონამდე, ცოტა უფრო ნაკლებიც. გამოდის, თბილისში მხოლოდ 50 ათასი მანქანა ყოფილა (!), ჩვენი ანგარიშით კი თბილისში, სულ მცირე, 300-400 ათასი მანქანაა, თითო ოჯახში ზოგჯერ ორი და სამი მანქანა დგას, რომელსაც "სითი პარკის" ნებართვა აქვს აღებული. მე მაქვს ზუსტი ინფორმაცია იმ ადამიანებისაგან, რომლებიც "სითი პარკში" მუშაობდნენ: ინსპექტორები, რომლებიც მანქანის არასწორად დაყენებისათვის ხალხს 10-ლარიან ჯარიმას უწერენ, ერთი წლის განმავლობაში მთლიანად 380 ათასამდე ასეთ ჯარიმას აფორმებენ, წლების მანძილზე ეს ერთგვარ გეგმასავით იყო. უბრალო ანგარიშით, 3 მილიონ 800 ათასი ლარი "სითი პარკში" მარტო ათლარიანი ჯარიმებით შედის. ჩვენ დავითვალეთ და ერთი წლის განმავლობაში ავტომანაქანების ევაკუაციის შედეგად კომპანიაში ორი მილიონი ლარი მაინც უნდა შევიდეს, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც 50-ლარიანი გადასახადია. თბილისში სულ მცირე, 100 ათასი მანქანაც რომ ვიანგარიშოთ, რომელსაც "სითი პარკის" ნებართვა აქვს, 5 მილიონი მარტო ამ გადასახადის წყალობით გროვდება. ეს ყველაფერი რომ დავიანგარიშოთ, საერთო თანხა 10 მილიონ ლარს სცილდება. ის ხალხი, ვინც კარგად იცის ეს სფერო, ამტკიცებს, რომ მარტო ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალი 15-დან 20 მილიონამდე ადის. მაგრამ დავანებოთ თავი ამ თანხას, "სითი პარკს" 10 მილიონიც რომ ჰქონდეს შემოსავალი, თბილისის ბიუჯეტში ყოველწლიურად 6 მილიონი ლარი მაინც უნდა შეჰქონდეს, თუმცა, როგორც გითხარით, 2 მილიონიც კი არ შემოსულა. ამ ორიოდე წლის წინ კი, დედაქალაქის ბიუჯეტში მათ მიერ მხოლოდ მილიონი ლარი შემოვიდა. დანარჩენი სად გაქრა, ვინ ჭამდა და ჭამს ამ ფულს, ეს საერთოდ პროკურატურის შესასწავლი თემაა...ვერაფრით მოვახერხე, რომ მოვიდნენ "სითი პარკის" წარმომადგენლები, დავსხდეთ და დეტალებში განვიხილოთ, რასთან გვაქვს საქმე. უკვე აღარც მახსოვს, რამდენჯერ მივმართე - უთხრან ხალხს სიმართლე - მართლა 50 ათასი მანქანა დადის თბილისში, თუ ცრუობენ?!
ახალი საგზაო რეგულაციები
პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის თანახმად, ნასვამ მძღოლებს ფულადი ჯარიმა კი არ დაეკისრებათ, არამედ მართვის მოწმობა 6 თვით ჩამოერთმევათ. იგივეს განმეორების შემთხვევაში მძღოლი 700 ლარით დაჯარიმდება და მართვის მოწმობა ერთი წლით ჩამოერთმევა. ხოლო თუ მძღოლი ნასვამ პირს მანქანას სამართავად გადასცემს, პირველ ჯერზე 1000 ლარით, მეორე ჯერზე კი 1500 ლარით დაჯარიმდება. ამასთან, უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთაზე დაწესებული ჯარიმები განახევრდა - 100 ლარის ნაცვლად 50 ლარი იქნება. სამაგიეროდ, ქვეითები საგზაო წესების დარღვევისთვის 3 ლარის ნაცვლად, 10 ლარით დაჯარიმდებიან.
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)