"ქალი ვიცი მე კუხნაში" - იტყვის ქართველი კაცი და მიუხედავად იმისა, რომ ქმრის ამ მოთხოვნას ცოლი გაგებით მოეკიდება, მისგან ცემას მაინც დაიმსახურებს. როდის? სწორედ "კუხნაში" დაშვებული "საბედისწერო შეცდომის" გამო, მაშინ, როცა სადილი დაეწვება.
საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაკვეთით კვლევა ჩაატარა, რითაც ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერება და დამოკიდებულებები გამოიკვლია. ორგანიზაციამ თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთში 1500 რესპოდენტი გამოკითხა. მათი 34,6% ქმრის მიერ ცოლის ცემას ამართლებს.
კვლევაში დაფიქსირებული შედეგების თანახმად, ქმრის მიერ ცოლზე ძალადობა გამართლებულია მაშინ, როდესაც:
1. ცოლი ყურადღებას არ აქცევს ბავშვებს 13.70%
2. ეჩხუბება ქმარს 6.60%
3. საჭმელს წვავს 5.40%
4. უარს ამბობს სექსზე 4.60%
5. ნებართვის გარეშე გადის სახლიდან 4.30%
ცოლის ცემას ბევრად უფრო ამართლებენ საშუალო, ვიდრე უმაღლესი განათლების მქონე პირები. ის დანაშაულად რესპონდენტთა 69%-ს მიაჩნია, 25% კი თვლის, რომ ეს მხოლოდ ოჯახის საქმეა. როგორც გამოკითხულთა 77,8 % ფიქრობს, ოჯახში ძალადობა ძალიან ან საკმაოდ ხშირი მოვლენაა. 9,6%-ს კი აქვს შიში, რომ ძალადობის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ახლობელი ადამიანი გახდეს.
კვლევაში კიდევ ერთი საინტერესო გარემოება მოხვდა. ეს წარსულში საქართველოში მეტად გავრცელებული და რეგიონებში ახლაც შემორჩენილი სასურველი ქალის მოტაცების ტრადიციაა. რესპოდენტების რეაქცია მოტაცებაზე ასეთია: მათი 79% მიიჩნევს, რომ მოტაცების შემდეგ ქალი კაცს ცოლად არ უნდა გაყვეს. 17% ფიქრობს, რომ უნდა გაყვეს სექსუალური ურთიერთობის შემთხვევაში, 4 % -ის მოსაზრებით კი უნდა გაყვეს.
როგორც გამოკითხულთა 91.40% ფიქრობს, ძალადობის შემთხვევაში მართებულია ქალმა ოჯახის წევრებს მიმართოს. ამავე კატეგორიაში რესპოდენტების აზრით, სასურველია ქალმა მიმართოს ნათესავებს, გაეყაროს ქმარს, მიმართოს მეგობრებს, ეკლესიას, ადვოკატს, პოლიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დარეკოს ცხელ ხაზზე, მიმართოს მეზობელს, ჯანდაცვის დაწესებულებას, ადგილობრივ ხელისუფლებას, ხელისუფლებას, მედიას. 17.10%-ს მოსაზრებით კი ცოლმა ძალადობა უნდა მოითმინოს.
კვლევის თანახმად, ძალადობის სიმძიმე უფრო მეტად თბილისსა და კახეთშია შეფასებული. ქმრის მიერ ცოლის ცემას უფრო მეტად ოჯახის საქმედ მიიჩნევს სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობა. ყველაზე დიდი შიში, რომ ახლობელი ძალადობის მსხვერპლი გახდება, კახეთშია. რესპოდენტები პოლიციისადმი არმიმართვის ძირითად მიზეზად სირცხვილს, საზოგადოების მხრიდან გაკიცხვის შიშსა და დაუცველობის გრძნობას - ქმრისგან კიდევ უფრო დიდი ძალადობის მოლოდინს ასახელებენ.
ანა მარშანია, AMBEBI.GE