ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი მთავრობას "ფეისბუქით" მიმართავს და სამეტყველო ტერმინოლოგიას უწუნებს.
"საქართველოს მთავრობას (ირაკლი ღარიბაშვილს, ალექსი პეტრიაშვილს და სხვებს):
ხალხო, დამოუკიდებელი ქვეყნის მთავრობა ხართ. იქონიეთ თავმოყვარეობა. ნუ ხმარობთ ამ ბურჯანაძის დამკვიდრებულ სიტყვათაწყობას - "საშინაო დავალება". ეს ძალიან, ძალიან ცუდი ტონია.
თქვენ, მთავრობა, ქართველი ხალხის დაკვეთას ასრულებთ და არა სხვა ქვეყნების მიერ მოცემულ "საშინაო დავალებებს".
არ გაძლევთ ევროკავშირი "საშინაო დავალებას", ევროკავშირს აქვს დაწესებული სტანდარტი, იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანდე, ეს სტანდარტი უნდა დააკმაყოფილო.
ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის დაკვეთაა და არა ევროკავშირის მიერ მოცემული "საშინაო დავალება".
ტეხავს!", - წერს ჩერგოლეიშვილი.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Russia Today-სთან ინტერვიუში საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა. ჟურნალის-ტის კითხვას, არის თუ არა საქართველო ფსიქოლოგიურად მზად ევროპული ღირებულებების გაზიარებისა და იმისთვის, რომ ევროპის მსგავსად, იყოს ტოლერანტული, გასული წლის ჰომო-ფობიური პროტესტის გათვალისწინებით, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ საქართველო ჯერ მზად არ არის.
"არ მითქვამს, რომ დღეს მზად ვართ. ჩვენი განვითარება თანდათან უნდა მოხდეს. ჯერ მზად არ ვართ და ევროკავშირმა ეს ძალიან კარგად იცის. უამრავი გამოცდა უნდა გავიაროთ. თუკი სტუდენტი საშინაო დავალებას არ ასრულებს, ის გამოცდაზე ჩაიჭრება. ასევე უცვლელია ჩვენი პოზიცია ნატო-ს მიმართ. საქართველო ნატო-ს წევრობისკენ მიისწრაფვის", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.