რამდენიმე კვირაა, რაც პროექტი ''ნიჭიერი'' ეთერში გადის და მისი ჟიურის უცვლელმა წევრმა გეგა ფალავანდიშვილმა ისევ მიიქცია საზოგადოების ყურადღება. მიუხედავად იმისა, რომ გეგას ჟიურიში საკმაოდ მკაცრი იმიჯი აქვს, თაყვანისმცემლები მაინც არ აკლია და სოციალურ ქსელებსა თუ ფორუმზე მის ღიმილზე, გარეგნობაზე, ხმაზე შეყვარებულ უამრავ ქალბატონს აღმოაჩენთ.
წარმატებული ტელესახე ''რუსთავი 2'' -ში წლებია, რაც მარკეტინგისა და პროგრამირების განყოფილების მენეჯერად მუშაობს. არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, ხალხმრავალი წვეულებები და რაც მთავარია, ცოტა ხნის წინ ''შუა დღის'' პირდაპირ ეთერში ჟურნალისტმა ნინო ხოშტარიამ გეგას ''ზეგარდმოსექსუალურიც'' კი უწოდა.
- გეგა, ''ნიჭიერის'' ჟიურის ვეტერანი წევრი ხართ, როგორ შეაფასებთ ახალ სეზონს?
- შოუში ყველა სეზონზე ნიჭიერი და განსხვავებული ხალხი მოდის, თან ''რუსთავი 2'' -ის ზეპროფესიონალი გუნდი ყოველ წელს უფრო უკეთეს შოუს აკეთებს. ადრეც მითქვამს, რომ ამ შოუს მხოლოდ საკუთარი თავი ჰყავს კონკურენტად და საკუთარ თავს ეჯიბრება. რაც შეეხება პირველ ლაივკონცერტს, ყველაზე ნიჭიერი ის გუნდი გახლდათ, რომელმაც ეს შოუ შემოგვთავაზა. შემოქმედებით გუნდს ვგულისხმობ. როგორი სისწრაფით იცვლებოდა სცენა, ხან ბატუტისტები დახტოდნენ, ხან ვიღაც დაფრინავდა, უნიჭიერესი დრამერი და უცებ აეროპორტიდან ერთვებიან და კონკურსანტი ბიჭები ბოინგის გასაწევად ემზადებიან. წელს მაყურებელი განსაკუთრებულად არის ჩართული. რეკლამის დროს, ინტერნეტის საშუალებით, პირდაპირ ეთერში შეუძლიათ ნახონ, რა ხდება კულისებში. ''ნიჭიერში'' ყველაფერია, ერთადერთი მთვარეზე ვერ ვმაუწყებლობთ. ეგეც შესაძლებელია, მაგრამ იქ მაყურებელი არ გვყავს (იღიმის).
- ყველა სეზონზე ჟიურიში ხართ, ადვილად გითანხმებენ?
- ეკრანზე გამოჩენის სურვილი არ მაქვს ხოლმე, არ მიყვარს ყურადღება, თუმცა იმ ადამიანების მადლიერი ვარ, რომლებსაც მოვწონვარ ან მაკრიტიკებენ. ეს გარკვეულ პასუხისმგებლობას მაკისრებს და ჩარჩოებში მაქცევს. ათ კაცზე მეტი რომ იკრიბება, უკვე აღარ მიყვარს. მირჩევნია, საუკეთესო მეგობრებთან ერთად განვმარტოვდე, მუსიკას მოვუსმინოთ, ცოტა დავლიოთ, ვისაუბროთ და ერთმანეთს აზრები გავუზიაროთ. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზეც არ დავდივარ, იქ, სადაც ხმამაღალი მუსიკაა, ორასი კაცი, აქედან - ასორმოცდაათი ცნობილი და მუსიკის ხმაში არაფერი ისმის. არასოდეს ვყოფილვარ დარწმუნებული, რომ ჟიურიში მუდმივად უნდა ვიჯდე. სანამ ამ გუნდს დავჭირდები, ვიქნები, მაგრამ როგორც კი მეც და ჯგუფიც ჩავთვლით, რომ არსებობს ალტერნატივა, რომელიც უფრო მომგებიანი იქნება, ჩემს ადგილს სიამოვნებით დავუთმობ.
- წელს ''ნიჭიერში'' გამორჩეული ჟიურია. როგორ შეაფასებდით თითოეულ მათგანს?
- ია ფარულავა თავისი ძლიერებით, ქალურობით, პირდაპირობით კარგია შოუსთვის. იას აქამდე სულ რამდენიმეჯერ შევხვედრივარ ტელევიზიაში. მე და ნიკა ერთი წელია, რაც ერთად ვმუშაობთ. ხატია საქართველოში არ ცხოვრობდა და ორჯერ მყავდა ნანახი საერთო სამეგობრო წრეში. მოკლედ, ჟიურის არც ერთ წევრს ახლოს არ ვიცნობდი, მაგრამ ამას არანაირი სიძნელე არ შეუქმნია, რადგან ოთხივე მომართული ვართ, რომ შოუ კარგი გამოვიდეს. ჩვენ არ ვართ ერთნაირები. განსხვავებული აზრები გვაქვს, რაც ობიექტურობის გარანტიაა.
- ჟიურიში ნიკა გვარამიას გამოჩენის მიუხედავად, ყველაზე მკაცრის სტატუსი ამ სეზონზეც თქვენ შეინარჩუნეთ.
- რეალურად გამოდის, რომ ყველაზე მეტი ''არა'' მე მაქვს ნათქვამი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ სხვები მკაცრები არ არიან. საერთოდ, საქართველოში რთულად იღებენ კრიტიკას და იგივე შემიძლია ვთქვა მონაწილეებზე. იმის მაგივრად, რომ დაფიქრდნენ, რას ურჩევს ჟიური, ზოგჯერ ბრაზდებიან.
იხილეთ სტატიის სრული ვერსია