27 წლის ეკა ქარდავა ამერიკაში ცნობილი დიზაინერების - ვერა ვანგისა და ბეტსი ჯონსონის ასისტენტია. უკვე 8 წელია ამერიკაში ცხოვრობს და მისი სამუშაო ოფისი ნიუ-იორკის ცნობილ ქუჩაზე "ფეშენ ავენიუზე" მდებარეობს. ამბობს, რომ ამერიკული ოცნების ასრულებამდე რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე გზა განვლო.
- მამა აფხაზეთის ომამდე ერთი წლით ადრე გარდამეცვალა და დედა სამი შვილით მარტო აღმოჩნდა იმ ბომბების წვიმაში. სოხუმი 27 სექტემბერს დავტოვეთ ბოლო გემით, რომელიც ყველასთვის გადარჩენის ბოლო იმედი იყო. ხუთი წლისა ვიყავი, მაგრამ ყველაფერი მახსოვს, გემზე უამრავი ხალხი იყო, ჭყლეტაში მოვყევით და დედამ ის ორი ჩანთაც, რომელშიც მხოლოდ ჩვენი ტანსაცმელი ეწყო, ზღვაში მოისროლა, ხელში რომ ავეყვანე და გადავერჩინე. ეს საშინელი წუთები ჩემს მეხსიერებაში არასოდეს წაიშლება. დევნილობის პირველ წლებში ხან ვის სახლში ვცხოვრობდით, ხან - ვის, მერე მოვბეზრდებოდით ხოლმე მასპინძლებს და სხვაგან ვეძებდით თავშესაფარს. თუმცა მაინც მადლიერი ვარ ყველასი, ვინც ერთი ღამე მაინც გაგვათევინა. საბოლოოდ თბილისის ერთ-ერთი სკოლის შენობაში დავიდეთ ბინა. სკოლაც თბილისში დავამთავრე.
- ხატვამ როდიდან გაგიტაცა?
- ბიძა და ბაბუა მხატვრები მყავს. მეც შერვაშიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში მოდელირების ფაკულტეტზე ჩავაბარე და აქედან დაიწყო ჩემი მოდის სამყაროთი დაინტერესება. თუმცა "მოზარდთა სახლმა" ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა... მეგობრისგან შევიტყვე, რომ იყო ამერიკული პროექტი, სადაც ინგლისურს, კომპიუტერს, ხელოვნებას, ჟურნალისტიკას - უფასოდ ასწავლიდნენ. ავდექი და ყველა წრეში ჩავეწერე, მინდოდა ყველაფერი მესწავლა და იმდენი მოვახერხე, რომ ლიდერთა კლუბში მოვხვდი, რის შემდეგაც ერთი თვით ამერიკაში გამგზავნეს, როგორც "მოზარდთა სახლის" წარმომადგენელი ფონდების მოძიების პროექტით. ამ ფონდების მოძიების იდეა ამერიკის სახმელეთო ჯარის პოლკოვნიკ ედუარდ ფიშერს ეკუთვნოდა, რომლის ოჯახშიც ერთი თვე ვიცხოვრე.
- და აიხდინე კიდეც შენი ამერიკული ოცნება...
- ამერიკა ოცნებების ახდენის ქვეყანაა და მეც ავიხდინე ოცნება. ვმუშაობ ორ უძლიერეს დიზაინერთან - ვერა ვანგთან და ბეტსი ჯონსთან, ჩემი ოფისი ნიუ-იორკის მთავარ გამზირზე "ფასჰიონ ავენიუეზე" მდებარეობს. ამ ყველაფერს მხოლოდ ჩემი შრომით მივაღწიე. ბავშვობიდან ჩავაგონებდი საკუთარ თავს - "არასოდეს დანებდე" და ასე ვცხოვრობ დღემდე. მჯერა, რომ თავდაუზოგავი შრომის შედეგად ყველაზე წარმოუდგენელი ოცნებებიც კი სრულდება. 2005 წელს ამერიკელი მეგობრის მოწვევით წავედი ნიუ-იორკში. გაზეთში ნაპოვნ სამსახურებში ვმუშაობდი და პარალელურად ვეძებდი კოლეჯს, სადაც ჩემი პროფესიით ვისწავლიდი. ასე განვლო ამერიკაში ყოფნის ორმა წელმა. შემდეგი ორი წელი ვიმუშავე პატარა კომპანიაში დიზაინერებთან. მათთან მუშაობისას ალღო ავუღე, თუ როგორ მუშაობს ნიუ-იორკში მოდის ბიზნესი. პარალელურად ვმუშაობდი ერთ-ერთ კომპანიაში, სადაც ჩემი მოვალეობა დიზაინერებისთვის ქსოვილების შეთავაზება იყო. ეს საქმე ძალიან მომეწონა, საშუალება მეძლეოდა, შევხვედროდი და გამეცნო წამყვანი დიზაინერები. ერთხელაც ჩვენი კლიენტი გახდა ცნობილი დიზაინერი ბეტსი ჯონსონი, თუმცა ჩვენი პირველი შეხვედრა მხოლოდ ქსოვილების შეთავაზებით დასრულდა. ასევე ვთანამშრომლობდი კომპანიასთან "სუზი ჩინი". ერთხელაც დავინტერესდი, რაიმე ვაკანსია ხომ არ ჰქონდათ კომპანიაში. მიპასუხეს, გვაქვს, მაგრამ დიზაინთან არანაირი შეხება არ გექნებაო. თუმცა მე მაინც დავთანხმდი და ქსოვილების განყოფილების ასისტენტად დავიწყე მუშაობა.
- მთავარი დიზაინერის ყურადღების მიპყრობა როგორ მოახერხე?
- მეგრული ჭკუა ხომ იცი (იცინის)... ერთხელაც სამუშაო მაგიდასთან ჩემი ჩანახატები გავაკარი და ვინც ნახა, ყველა აღფრთოვანდა, ხელმძღვანელმა მითხრა, შენ ბევრად მეტს იმსახურებო და მთავარი დიზაინერის, სუზის პერსონალურ ასისტენტად გადამიყვანა. შემდეგ სრულიად მოულოდნელად, სუზიმ დატოვა კომპანია და ვერა ვანგისა და ბეტსი ჯონსონის მთავარი დიზაინერი გახდა, მე კი ისევ ასისტენტობა შემომთავაზა, ეს იყო ჩემთვის შოკი, რადგან ამერიკაში ორ უდიდეს დიზაინერთან მომიწევდა მუშაობა.
- შენს მოვალეობაში რა შედის?
- დიზაინერებთან ერთად განვიხილავთ მოდის ტენდენციებს, რასაც ხშირად თავად ბეტსი ჯონსონი ესწრება, დამოუკიდებლადაც მიშვებენ შეხვედრებზე კომპანიის სახელით. ვერა ვანგის დიზაინერთა გუნდსაც ძალიან მოსწონს ჩემი ჩანახატები და ახალი კოლექციის შექმნაშიც ვმონაწილეობ.
მარი ქობალია