მსახიობი გია ცინაძე ტელესერიალში "ჩვენი ოფისი" მყუდროს როლს ასრულებდა და მისი პერსონაჟი მაყურებელს დღემდე ახსოვს, განსაკუთრებით პოპულარული კი ბავშვებშია. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გია "რუსთავი 2"-ის ეთერს დაუბრუნდა და ახალ იუმორისტულ სერიალში თამაშობს.
- ეკრანზე დაბრუნებამდე კადრს მიღმა, "ფორმულა კრეატივში" ვმუშაობდი, იყო პერიოდი, როცა საერთოდ არაფერს ვაკეთებდი. ამიტომ, ახალ სერიალ "ნათია და ნათიაში" თამაში რომ შემომთავაზეს, უყოყმანოდ დავთანხმდი, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ამ სერიალზე ძალიან კარგი და ნიჭიერი ხალხი მუშაობს და მეორეც - მიყვარს საკუთარი პროფესია. ჩემს პერსონაჟს რაღაც-რაღაცებში არ ვეთანხმები, მაგრამ ბევრი კარგი თვისებაც აქვს, აუტანელი ნამდვილად არ არის.
- როგორც ვიცი, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე თვალის დევნებასაც ახერხებ და "ფეისბუქში" საკუთარ აზრებს თამამად გამოთქვამ, ხომ ასეა?
- თუ მოხდა ისე, რომ რაღაც მოვლენებს ჩამოვრჩი, ამას ძალიან განვიცდი, მოსახლეობის უმეტესობასავით ფეხებზე არ მკიდია, რა ხდება ჩვენს გარშემო.
- საკუთარი პოზიციის გამო ხშირად რომ გაკრიტიკებენ, ეს არ გაღიზიანებს?
- ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება, ვისაც რა უნდა, ის თქვას. ერთხელ რაღაც საიტზე შევესწარი, როგორ მაგინებდა ათეულობით ადამიანი, ავდექი და ყველას მადლობა გადავუხადე. მერე მხარდამჭერებიც გამომიჩნდნენ... მთავარია სწორად მიუდგე ადამიანს, რას ვიზამთ, ზოგი უვიცია, კარგები ცოტა ვყოფილვართ ამ ქვეყანაში.
- ცნობილია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი იყავი, ახლაც ამ პოზიციაზე რჩები?
- სამწუხაროდ, ასეა. თუ გამოჩნდება პარტია, რომელიც გააკეთებს ისეთივე საქმეს, და კიდევ უფრო მაგარს, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" აკეთებდა, მისი მომხრე ვიქნები. მთავარია, ქვეყნისთვის სასიკეთო რამ გაკეთდეს. სამწუხაროდ-მეთქი, იმიტომ ვთქვი, რომ არ ჩანს ასეთი ძალა. "ნაციონალურ მოძრაობაში" ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც ქვეყანას ნამდვილად გამოადგება. ვის რა პირადი ცხოვრება აქვს, მე, როგორც მოქალაქეს, არ მაინტერესებს. ეს ხალხი კარგს აკეთებდა საქართველოსთვის. ვინც რამე დააშავა, ზოგმა პასუხი აგო, ზოგს ტყუილად უნდა აგებინონ პასუხი.
- ვის გულისხმობ იმ ხალხში, ვინც ტყუილად უნდა აგოს პასუხი?
- მე ხომ მოსამართლე არ ვარ და სასამართლოც ხომ ჯერ არ დამთავრებულა? ყველას პოლიტიკური ნიშნით იჭერენ. ამბობენ, ვიღაცა ბავშვებს ჭამდა, თირკმელებს ყიდდაო, დაიჭერენ და აღმოჩნდება, რომ წითელზე გაიარა. სასაცილოა ეს ყველაფერი.
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)