9 დეკემბერს ზურაბ ჟვანიას 50 წელი შეუსრულდებოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ეს პირველი დაბადების დღეა, რომელიც განსხვავებულ პოლიტიკურ ვითარებაში აღინიშნება, რაშიც ხელისუფლებაც მონაწილეობს. ჟვანიას საიდუმლოებით მოცული გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოძიების დეტალებზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის მეუღლე, ნინო ქადაგიძე გვესაუბრა:
- უმძიმესი 9-წლიანი პერიოდის შემდეგ დადგა დრო, როცა მშვიდად ვარ. ძლივს დავწყნარდი და შიში დავძლიე. როგორც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, ჩვენს ოჯახსაც იმ გარემოში მოუხდა ყოფნა, როცა ბედნიერება უბედურებად ერთ წამში შეიძლებოდა გადაქცეულიყო, როცა დაუცველობის განცდა და დათრგუნვილობა გვქონდა თითოეულ ჩვენგანს. ჩვენმა ოჯახმა ერთ-ერთმა პირველმა გამოიარა ეს ჯოჯოხეთი. ახლა ქვეყანა ნორმალურ ფსიქიკურ მდგომარეობას დაუბრუნდა. მომწონს, რომ ნებისმიერ ჩვენგანს თავისუფლად შეუძლია ლაპარაკი იმაზე, რაც არ მოსწონს და ამის გამო არ ისჯება, უბედურებას არ უწყობენ, არ იჭერენ... ასეთ შეცვლილ პოლიტიკურ ვითარებაში ზურას დაბადების დღეს პირველად აღვნიშნავთ. პარლამენტია ინიციატორი, რომ კონფერენცია მიეძღვნას ევროინტეგრაციას, ვილნიუსის სამიტის შედეგების შეფასებას, სადაც ზურას, როგორც ამ პროცესების ერთ-ერთ ინიციატორს, გაიხსენებენ. გაიმართება ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი, მზადდება ზურაბ ჟვანიას ფონდის პრეზენტაცია.
- მთავარი პროკურორი შეიცვალა, ამან რა გავლენა იქონია ჟვანიას საქმის გამოძიებაზე?
- როცა კადრი იცვლება, დრო ყოველთვის იკარგება. თუმცა, საგანგაშო არაფერია, გამოძიება ისევ მიმდინარეობს.
- საკადრო ცვლილებებია პროკურატურაში. ვინც ჟვანიას საქმის გამოძიებაზე მუშაობდა, მათგან ვინმე ხომ არ შეუცვლიათ?
- არ ვიცი. არჩილ კბილაშვილის მიმართ დიდი სიმპათიით ვიყავი განწყობილი. თავის დროზე ზურამ გამაცნო, მაშინ ოჯახს ადვოკატი დასჭირდა და ზურამ არჩილთან დალაპარაკება მირჩია. იმხანად პატარა ბიჭი იყო, თუმცა უკვე წარმატებული ადვოკატი...
- ჟვანიას საქმეზე გისაუბრიათ მასთან?
- ოფიციალური შეხვედრა არ გვქონია, მაგრამ ვიცი, რომ ბევრი რამ გააკეთა... ხელახალი გამოძიებისას შეგროვდა ახალი ინფორმაცია, რაზეც არ ვილაპარაკებ. მინდა, მშვიდ ატმოსფეროში დასრულდეს გამოძიება.
- ცხედრის ექსჰუმაციაზე იყო საუბარი, რაც მტკიცებულებების მოპოვების საფუძველს შექმნიდა.
- დიახ, თუმცა უნდა დავრწმუნდეთ, რომ 9 წლის შემდეგ ხელახალი ექსპერტიზა შედეგიანი იქნება. ამისთვის წინასწარი საექსპერტო დასკვნაა საჭირო...
- ვიცით, რომ ექსჰუმაციის შემდეგ ხელახალი ექსპერტიზა შვეიცარიაში უნდა ჩატარებულიყო. მაინცდამაინც შვეიცარიის ლაბორატორიაზე რატომ შეაჩერეთ არჩევანი?
- იქ სანდო, მაღალი დონის პროფესიონალები მუშაობენ.
- ექსპერტიზა დაადგენს, გაზით გაგუდვამ გამოიწვია სიკვდილი თუ არა?
- არ მინდა დეტალებზე ლაპარაკი. ეს შეიძლება მითქმა-მოთქმის საგანი გახდეს. ყველაზე მეტად პოლიტიკური კონტექსტის მეშინია, რამაც შესაძლოა გამოძიება შეაფერხოს. არ არის გამორიცხული, \პოლიტიკურმა კონტექსტმა რომელიმე ქვეყნის ინტერესებიც გადაკვეთოს.…
- რას გულისხმობთ?
- კატეგორიულად ვერაფერს ვიტყვი, ვცდილობ ლოგიკას მივყვე. დასავლელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ვერ შეეგუებიან სააკაშვილის პოლიტიკურ დევნას, ამის გამო შეიძლება პრობლემებიც კი შეგვექმნას, თუნდაც ისეთ საკითხებში, როგორიც ნატოში გაწევრებაა. მაგრამ, თუ ეს კაცი დამნაშავეა, პასუხი ხომ უნდა აგოს? დავით კეზერაშვილს ბრალი წაუყენეს იარაღით უკანონო ვაჭრობაში. ეს საერთაშორისო მასშტაბით უმნიშვნელოვანესი ბრალდებაა. თუკი ეს დამტკიცდა, შეუძლებელია, ამაში პრეზიდენტი არ ყოფილიყო გარეული!
- და რა კავშირშია ეს ჟვანიას საქმესთან?
- არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი შავი ბიზნესი გამხდარიყო ზურას ჩამოცილების საფუძველი. ზურა რომ ცოცხალი ყოფილიყო, არც ცხინვალის კონფლიქტს დაუშვებდა და რუსეთთან ურთიერთობაშიც ხელისუფლება მას ვერ გადააბიჯებდა. ხელახალმა გამოძიებამ ცხადყო, რომ წინა ხელისუფლების დროს სამარცხვინოდ არის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, აშკარაა, კვალის წაშლას ცდილობდნენ. ამიტომ ახლა ყველა დეტალს თავიდან ამოწმებენ...
- მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ჟვანიას დაბადების დღის ჩავლის შემდეგ ყველაფერს იტყვის, რაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებაზე იცის.
- დიახ, დავურეკე კიდეც მიშას, რა გაქვს ისეთი სათქმელი, რაც მე არ ვიცი და ზურას დაბადების დღემდე ერთი კვირით ადრე ამის გამოცხადება რატომ მიიჩნიე საჭიროდ-მეთქი. "მართალი ხარ!" - მცირე პაუზის შემდეგ მითხრა მან... 9 დეკემბერი მძიმე დღეა ჩემთვის, საფლავთან ვიკრიბებით ისინი, ვისაც არა მხოლოდ წინა ხელისუფლებასთან დამოკიდებულება გვაქვს განსხვავებული, არამედ ზურას გარდაცვალებაზეც სხვადასხვა აზრის ვართ.
იხილეთ სტატია სრულად Kvirispalitra.ge-ზე
ასევე დაგაინტერესებთ: