იაპონური სამზარეულო იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა. იაპონიის ეროვნული კულინარიისა და მისი ტრადიციების აღნიშნულ სიაში შეყვანა ბაქოში მიმდინარე კონფერენციაზე გადაწყდა.
როგორც იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ განაცხადა, იაპონია ამაყობს ამ პატივით. მისი თქმით, იუნესკოს ნუსხაში შეყვანა ადგილობრივ სამზარეულოს განვითარებაში დაეხმარება და მისადმი უცხოელების ინტერესს გაზრდის.
იუნესკომ იაპონური სამზარეულო გამოარჩია, როგორც მდიდარი ისტორიის კულინარიული ფენომენი. ორგანიზაციის წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს იაპონელების სუფრის ტრადიციები, სადაც უპირატესობა ნატურალურ პროდუქტებს ენიჭება (ბრინჯი, თევზი, ბოსტნეული, ველურ ხილი და მწვანილი). ცალკე აღინიშნა სადღესასწაულო იაპონური მაგიდა.
იაპონიის სამზარეულოს გარდა, იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში კულინარიასთან დაკავშირებული სხვა მოვლენებიც შეიტანეს. 2013 წლის ნუსხაში შევიდა თურქული ყავის მოხმარების ტრადიცია, ღვინის დაყენების ქართული მეთოდი, კვიპროსის, ხორვატიისა და პორტუგალიის ხმელთაშუა ზღვის დიეტა, ასევე სამხრეთ კორეული კომბოსტოს კერძის - კიმჩის მომზადება და მოხმარება.
მომზადებულია Kyodo News-ის მიხედვით.
იხილეთ ასევე: ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდს იუნესკომ ძეგლის სტატუსი მიანიჭა