უკრაინაში "მილიონიანი მარში" იმართება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მაიდანი ხალხით სავსეა. აქციის მონაწილეთა რაოდენობა ამ დროისთვის სხვადასხვა ცნობებით 40 000 აჭარბებს.
მომიტინგეებს ხელში უჭირავთ ოპოზიციური პარტიების, ევროკავშირისა და უკრაინის სახელმწიფო დროშები. შეკრებილ მოქალაქეებს იულია ტიმოშენკოს ქალიშვილმა და ოპოზიციის ლიდერებმა მიმართეს.
პარალელურად, უკრაინის უმაღლეს რადასთან ვიქტორ იანუკოვიჩის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. თუმცა, როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მასში მონაწილეობა ყველა მსურველს არ შეუძლია და მიტინგზე მხოლოდ მოსაწვევებით მიდიან. რადასთან შეკრებილი პირები ოპოზიციას მოუწოდებენ, ქვეყანაში დესტაბილიზაცია შეწყვიტონ.
მმართველი, "რეგიონების პარტიის" პრესსამსახურის ინფორმაციით, ლოზუნგით – "მოვაწყოთ ევროპა უკრაინაში", უკრაინის უმაღლეს რადასთან 15 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. თუმცა, უკრაინულ მედიაში პრეზიდენტის მხარდამჭერთა რაოდენობის შესახებ განსხვავებული ცნობები ვრცელდება. სხვადასხვა ინფორმაციით, აქციაზე 5 000-მდე ადამიანი იმყოფება.
დემონსტრაცია დილის 09:00 საათიდან მიმდინარეობს და როგორც მისი მონაწილეები აცხადებენ, სურთ, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
მომზადებულია ria.ru-ს მიხედვით.