ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი Facebook-ზე მორიგ სტატუსს აქვეყნებს, რომელიც მისი სხვა მოსაზრებების მსგავსად, ფეისბუქ-აუდიტორიაში ამჯერადაც რეზონანსული აღმოჩნდა.
"საფრანგეთმაო, ეიფელის კოშკი უკრაინის დროშის ფერებში გაანათაო; გერმანიამო, მიუნხეინის აეროპორტში უკრაინელები ევროკავშირის გასასვლელში გაატარაო... უკრაინელები ძმები არიან, თანავუგრძნობ. მაგრამ თან, 2008-ის გახსენებაზე იმ ნაცემი ბავშვივით მტკივა გული, ეზოში რომ არავინ გამოსარჩლებია...
ვითომ, მარტო მიშას მავნებლობის ბრალი იყო? თუ უფრო იმისა, მოდგმითა და ჯიშით ევროპელები, შიგადაშიგ ძალად რომ ვიბნელებთ ხოლმე თავს უმეცრობით? ვითომ მართლმადიდებლობის სიყვარულით, ისევ მართლმადიდებლობას რომ ვაკნინებთ ხოლმე როდესაც სიძულვილით სიყვარულისთვის ვიბრძვით? როდესაც ერთმანეთის ლანძღვა-მუქარით, ერთმანეთს პატრიარქის სიყვარულში ვეჯიბრებით? სადამდე დავედით რომ ჩვენ, ქართველებს სინაგოგა და მეჩეთი გვაშინებს და გვიკვირს?
ქრისტეს კვართი ვინ ჩამოგვიტანა მცხეთაში? - ებრაელებმა. რა რწმენის იყო ერეკლეს ერთგული "200 თათარი", თბილისის მისადგომებთან განსაკუთრებული სისასტიკით რომ დახოცა აღამაჰმად ხანმა? - მუსულმანი. რატომ გვგონია, რომ ან სიგარეტის კვამლით გაბუღულ სუფრაზე პატრიარქის დღეგრძელობა გვაცხონებს, ან ფახი-ფუხით შესმული საქართველოს სადღეგრძელო გააბრწყინებს ივერიას ? რა დახუთულობა და სიბნელეა...
სადღაც აქ დიდი ფანჯრები იყო, მთაწმინედელებისა და ოპიზრების გამშვენებული - იქნებ გამოვაღოთ, გავანათოთ და გავანიავოთ? იქნებ, ის სამყარო დავინახოთ, სადაც არც ღიმილია დეფიციტური და არც შავია საყვარელი ფერი? იქნებ ერთხელ მაინც, ჩვენს ჯამს მოვწყვიტოთ თვალი, რომ ქუთაისიდან მცხეთისაკენ, ხელნაწერებით დატვირთული ურმით მიმავალი ექვთიმე აღმსარებელი დავინახოთ - რა აბედინებს ქართულ საგალობლებზე ზრუნვას მძვინვარე 20-იან წლებში - როდესაც ქუთათელი მიტროპოლიტი დახვრეტილია, პატრიარქი ამბროსი კი ციხეში ზის? ან ზოგიერთ ჩვენს თანამედროვეს რა აბედინებს, მთავრობის ნაჩუქარი ჯიპი, წარსულ დროში, ეკლესიის გადატანილი ამ წამებისა და გმირობის კომპენსაციად მონათლოს? თუ პირიქით, კარგად დავგმანოთ, საიდანაც კი ოდნავ რამე სინათლე აღწევს. ამ სიბნელეში თვითონვე შევქმნათ მითიური "გარყვნილი და ბოროტი დასავლეთი", მერე თვითონვე, "გმირულად" გავანადგუროთ და ამ არარსებულთან ბრძოლაში დაღლილები, ძმურად ჩავეხუტოთ საქართველოს ერთმორწმუნე სიკვდილს - სახელად რუსეთს რომ ეძახიან?", - წერს ჟურნალისტი.
ასევე დაგაინტერესებთ:
- დაჩი გრძელიშვილი - "რა მეფე, რის მეფე. არ მყავს და არც მეყოლება"