მომავალ ეროვნულ გამოცდებზე დაგეგმილ სიახლეებსა და განათლების სფეროს სხვა აქტუალურ პრობლემებზე გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი გვესაუბრება.
- რა ცვლილებებია მოსალოდნელი მომავალ ეროვნულ გამოცდებზე? უცხო ენის გამოცდას მართლა ემატება "მოსმენა"? ამბობენ, რომ ინგლისურ ენაში მაღალი ქულები იწერება და ამით გამოცდას ართულებენ.
- გართულებასთან ამას არავითარი კავშირი არა აქვს. საქმე ისაა, რომ აქამდე არ მოგვეცა შესაძლებლობა უცხო ენის 4 კომპეტენციიდან, რომელიც თანაბრად მნიშვნელოვანია ეროვნული სასწავლო გეგმით - წერა, კითხვა, მოსმენა და საუბარი - შევამოწმოთ აბიტურიენტის მიერ მოსმენილი ტექსტის გაგება-გააზრების უნარი. აქამდე მხოლოდ წერა-კითხვას ვამოწმებდით, რისი მიზეზიც ის არის, რომ ქვეყნის ყველა სკოლაში, განსაკუთრებით რეგიონებში, ვერ ხერხდება სასწავლო პროცესის სათანადო უზრუნველყოფა მასალით, ტექნიკური აღჭურვილობით. ამ მიზეზითვე, დღემდე, უცხო ენაში კომპეტენციის მინიმალური ზღვარი, სხვა საგნებთან შედარებით, დაბალია - 20 პროცენტზე მეტი. ამასთან, ჯერჯერობით "მოსმენას" მცირე წონა ექნება უცხო ენის 100-ქულიან ტესტში, აბიტურიენტები ტექსტს, მაქსიმუმ, 12 წუთი მოუსმენენ და კითხვებს ამის მიხედვით უპასუხებენ, ტექსტის ორჯერ მოსმენა და პასუხების შესწორებაც შეეძლებათ.
- ვრცელდება ინფორმაცია პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების გაუქმების შესახებ. ამ შემთხვევაში, არ ელით ხელფასების დაკლება იმ პედაგოგებს, რომლებსაც გამოცდები უკვე ჩაბარებული აქვთ?
- მხოლოდ გამოცდების სქემა იცვლება, დეტალები საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი, ეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეროგატივაა; ჩვენი ცენტრი ამ სქემის შემუშავებაში ჩართულია, შეფასების ახალი სისტემა უნდა შევქმნათ - მასწავლებელი მისი პრაქტიკული საქმიანობითაც შეფასდება. ახალი სქემით პედაგოგს ერთი საფეხურიდან მეორეზე გადასვლის მოტივაცია ექნება. რაც შეეხება მათ, ვინც გამოცდები უკვე ჩააბარა, თითოეულ ჩაბარებულ გამოცდას თავისი წონა ექნება, არც ხელფასი დააკლდება არავის.
- ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა თავისი მისია ამოწურა და ჩვენთან ისეთივე მოდელი უნდა დაინერგოს, რაც დასავლეთის ქვეყნებშია - უმაღლესმა სასწავლებლებმა საკუთარი კრიტერიუმებით შეარჩიონ სტუდენტების ის კონტინგენტი, რომელიც სჭირდებათ. როგორია თქვენი მოსაზრება?
- ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩვენში არსებული განათლების, მათ შორის, უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების სისტემაზეა მორგებული, მათი ბიუჯეტის ლომის წილი საბიუჯეტო გრანტით ივსება და უმაღლესი სასწავლებელი რაც შეიძლება მეტი სტუდენტის მიზიდვით არის დაინტერესებული, მას სტუდენტების რაოდენობაც შემოსაზღვრული აქვს, ანუ უმაღლესი სასწავლებელი არჩევანს ხარისხსა და რაოდენობას შორის აკეთებს ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, რადგან თუ 100-ის ნაცვლად 20 სტუდენტს მიიღებს, დახურვის რისკის ქვეშ დადგება; სრულიად სხვა სიტუაციაა დასავლეთის წარმატებულ უმაღლეს სასწავლებლებში, რომლებსაც საკმარისი ფინანსები აქვთ და წინასწარ აცხადებენ იმ კრიტერიუმებს, ქულებს, რომელსაც მომავალი სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს. თუ 500 საკონკურსო ადგილიდან მხოლოდ 100 შეივსება, ფინანსური პრობლემა არ ექმნებათ, ანუ არჩევანს ხარისხის მიხედვით აკეთებს, ამიტომ მათი მაგალითის ბრმად გადმოღება შეუძლებელია. ჩვენი ეროვნული გამოცდებით ახალგაზრდების არსებული კონტინგენტიდან საუკეთესო ირჩევა, მაგრამ ეს საუკეთესოები აკმაყოფილებენ თუ არა ამა თუ იმ პროფესიისთვის საჭირო კრიტერიუმებს, კითხვის ნიშნის ქვეშ არის, ანუ ამ შემთხვევაში უნდა შეიცვალოს არა მარტო საგამოცდო, არამედ უმაღლესი სასწავლებლის დაფინანსების სისტემაც.
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)