ბოლო პერიოდში არაერთი ექსპერტი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ დროა, საქართველომ ქარის ენერგიის გამოყენება დაიწყოს. თუმცა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძე ამ საკითხს ცოტა არ იყოს, სკეპტიკურად უყურებს:
- ისეთი ადგილები უნდა შეირჩეს, სადაც ქარი მუდმივად ქრის, თანაც, მისი სიჩქარე წამში დაახლოებით 5 მეტრი მაინც უნდა იყოს. ამავე დროს, ქარის სადგურებს თავისი მინუსებიც აქვს: პირველი, ეს არის სპეციფიკური ხმაური, რომელიც მათ მუშაობას თან ახლავს და მეორე - იმ ზონაში ადამიანი სხვას ვერაფერს გააკეთებს, რადგან ქარის სადგურის მიმდებარე ადგილებში თავისუფალი გადაადგილება გარკვეულწილად სახიფათოა. აქვე უნდა აღინიშნოს მესამე და მთავარი ნაკლოვანებაც - საკმაოდ მაღალი დანახარჯები, რომლებიც ამ სისტემის ამუშავებას ახლავს - ის სამჯერ უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ჰიდროენერგეტიკა. თუ ქვეყანას საკმარისი რაოდენობის ჰიდრორესურსები აქვს, ქარის ენერგიის გამოყენება არასწორია, მაგრამ თუ ჰიდრორესურსის გამოყენება ეკოლოგიურ პრობლემებს ქმნის, მაშინ უკვე სხვა საშუალება უნდა მოიძებნოს. ამიტომაც არის საჭირო ეკოლოგიური ანალიზი, თუ იქნება იმის გარანტია, რომ ბუნებას მინიმალურ ზარალს მიაყენებს, ყოველთვის ჰიდროელექტროსადგურების აშენება ჯობია. ალბათ ცუდი არ იქნება, რომ ერთი-ორი ქარის სადგურიც აშენდეს, თუმცა მათი მშენებლობა საკმაოდ ძვირი ჯდება - ერთი მეგავატი, დაახლოებით, ერთი მილიონი დოლარი.
- როგორც ამბობთ, საქართველოში ცოტაა ადგილები, სადაც ქარი მუდმივად ქრის.
- სხვათა შორის, ერთ-ერთი ასეთი ადგილი ქუთაისშია: პარლამენტის შენობის ადგილზე ქარის სადგური რომ აეშენებინათ, მშვენივრად იმუშავებდა. რასაკვირველია ვხუმრობ, მაგრამ ამ ძველ და ლამაზ ქალაქში 365 დღიდან სამასი ქარიანია. ასეთი ადგილები საქართველოში სხვაგანაც მოიძებნება - სამხრეთ საქართველოში, ზღვისპირა ზოლში, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში და ა.შ. მაგრამ აქ გასათვალისწინებელია, რა მანძილია იქიდან დასახლებულ პუნქტამდე, ან როგორ უნდა მოხერხდეს ენერგიის გადაცემა - ეს ყველაფერი შესასწავლია. ქარის რესურსი ჩვენ მართლაც გვაქვს, მაგრამ ქარის სადგურის აშენებამდე ბევრი რამის გათვალისწინება და გარკვეული სიფრთხილეა საჭირო.
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)