დღეს ბავშვთა სახლებში უამრავი მზრუნველობამოკლებული ბინადარია, რომელთა გაშვილებას კანონი არ კრძალავს. იმ შემთხვევაში, თუ რეესტრში აღრიცხვაზე მყოფი გასაშვილებელი სტატუსის მქონე ბავშვის მონაცემები აკმაყოფილებს მშვილებლების მოთხოვნებს, ის დაკარგულ ოჯახურ კერას და მშობლების მზრუნველობას ეზიარება. ცნობილია, რომ გასულ წლებში, სახელმწიფო მოხელეთა კორუფციული საქმიანობის შედეგად, ასეთი ბავშვები უცხოეთში გაჰყავდათ, ადგილობრივი ოჯახები კი შვილების გარეშე რჩებოდნენ. კანონში ცვლილების შესვლის შემდეგ, ბავშვზე ზრუნვა უცხოელ მსურველებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შესთავაზონ, თუ მას საქართველოში არ გამოუჩნდა მშობელი. როგორ ხდება ბავშვების უცხოეთში გაშვილება, რა პროცედურებია ამისთვის საჭირო და როგორ ბავშვებზეა ძირითადად მოთხოვნა, ამ საკითხებზე "ყველა სიახლეს" სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გიორგი კუპრეიშვილი ესაუბრება.
- ბატონო გიორგი, რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყანაში ქართველი ბავშვების გაშვილება?
- უცხო ქვეყანაში გაშვილება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ არ ხერხდება ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება, ან მისი შვილად აყვანა საქართველოს მოქალაქის სტატუსის მქონე პირის მიერ. უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია შეარჩიოს რეესტრში აღრიცხვაზე მყოფი, ანუ გასაშვილებელი სტატუსის მქონე ბავშვი, რომელიც აღრიცხვაზე აყვანიდან 8 თვეში არ გაშვილდა საქართველოს მოქალაქეზე. თუ არსებობს ასეთი ბავშვი, მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება შეთავაზება.
- რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მშვილებელი და რა პროცედურებია ამისთვის გასავლელი?
- დარეგისტრირების შესახებ განაცხადის გაკეთების დღიდანვე, უცხოელი მშვილებელი წარმოადგენს იგივე დოკუმენტაციას, რაც დადგენილია კანონით. როცა მშვილებელი საქართველოს მოქალაქეა, ჯერ ვსწავლობთ ვითარებას და შემდეგ მოაქვთ ეს დოკუმენტები, ისინი კი პირდაპირ წარმოადგენენ მათ, რადგან სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესახებ კვლევები მათ ქვეყანაში ხორციელდება. ამიტომაც ისინი ვალდებული არიან, განაცხადის შემოტანის დღიდანვე წარმოადგინონ ეს დოკუმენტაცია, ასევე, მეუღლის თანხმობა (თუ ერთ-ერთს აჰყავს შვილი), ქორწინების მოწმობის ასლი, ჯანმრთელობის ცნობა, ნარკოლოგიური სამედიცინო შემოწმება, ცნობა ნასამართლობის შესახებ და აუცილებელია, რომ ამ ოჯახში კვლევა ჩატარებული იყოს კომპეტენტური ორგანოს მიერ. სააგენტო 5 დღეში განიხილავს წარმოდგენილ საბუთებს და მიიღება სათანადო გადაწყვეტილება. თუკი იქნება შესაბამისი მონაცემების მქონე ბავშვი, შესაძლებელია მშვილებლისთვის მისი შეთავაზება. სხვათა შორის, მათი მოთხოვნები ყოველთვის არ ემთხვევა რეესტრში არსებული ბავშვების მდგომარეობას.
- მართალია, რომ უცხოელები მეტწილად უნარშეზღუდული ბავშვების აყვანით ინტერესდებიან?
- მხოლოდ ასეთი ბავშვებით არ ინტერესდებიან, თუმცა პროცედურა ასეთია: როდესაც საქართველოში ჯანმრთელ ბავშვს ენიჭება გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი, როგორც წესი, უფრო მალე გაშვილდება აქაურ მშვილებელზე. მოქმედი კანონმდებლობით, თუ ბავშვი 8 თვის განმავლობაში არ გაშვილდა საქართველოში, ექვემდებარება საერთაშორისო გაშვილებას, ასეთები კი, ძირითადად, არიან უნარშეზღუდული ბავშვები. უცხოელები უარს არ ამბობენ ისეთ ბავშვებზე, რომელთა გამოჯანმრთელებაც შესაძლებელია, მაგალითად, კურდღლისტუჩიანია, რაც, პრაქტიკულად, ჯანმრთელს ნიშნავს. ნამდვილად არ არის მოთხოვნა მხოლოდ და მხოლოდ უნარშეზღუდულ ბავშვებზე.
- როგორც ამბობენ, საზღვარგარეთ უნარშეზღუდული ბავშვებისთვის დაწესებულია დიდი კომპენსაცია და ზოგიერთი ამიტომაცაა დაინტერესებული ასეთი ბავშვების აყვანით.
- ამაზე ვერაფერს გეტყვით... ამერიკელები, მაგალითად, ადგილობრივი წარმომადგენლობის მეშვეობით გვიკავშირდებიან, მათ იციან ჩვენი საკანონმდებლო მოთხოვნები და ის გარემოებები, რომ ჯანმრთელი ბავშვის შვილად აყვანა ამერიკის მოქალაქის მიერ პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან ჯანმრთელი ბავშვი ადგილზე შვილდება.
- ვინ იღებს პასუხისმგებლობას საქართველოდან უცხოეთში გაშვილებულ ბავშვებზე, თუ ინტერესდება ვინმე, შეეგუა თუ არა ბავშვი ახალ გარემოს, არსებობს რაიმე სახის კონტროლის მექანიზმი?
- მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ჩვენი ცენტრალური ორგანო, სპეციალური ფორმის შესაბამისად, მშვილებელი ქვეყნის ცენტრალური ორგანოსგან სპეციალური ხელშეკრულების საფუძველზე მოითხოვს საქართველოდან გაშვილებული ბავშვის ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ყოველწლიურად მოწოდებას. ასე რომ, კონტაქტი არ წყდება.
2009 წელს ერთი ქართველი ბავშვი გაშვილდა ახალ ზელანდიაში, 2010 წელს - იტალიაში, 2011 წელს ასევე ერთი - შვედეთში, 6 გაშვილდა აშშ-ში - 2 ბავშვი 2010 წელს და ოთხი - 2013 წელს. ბოლო ორი ბავშვი სწორედ უნარშეზღუდული იყო.
ნანა ფიცხელაური