სოფო ნიჟარაძისა და რამაზ ლაზარიშვილის წყვილი პროექტს "ცეკვავენ ვარსკვლავები" წინა ხუთშაბათს, შოუს დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე, სოფოს მამის მოულოდნელი გარდაცვალების გამო გამოეთიშა... 21 წლის რამაზ ლაზარიშვილი მეწყვილეზე, საკუთარ დადებით და უარყოფით თვისებებზე გვესაუბრა, ბოლოს კი ისიც გაგვიმხილა, თუ რას ანიჭებს უპირატესობას ქალის შეფასებისას.
- ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა: შოუს დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე, ანუ როცა უკვე გენერალური რეპეტიცია გავლილი გვქონდა და სასცენო კოსტიუმებიც გვეცვა, სოფოს ცუდი ამბავი შეატყობინეს. ჩემი მეწყვილის გამო ვწუხვარ, რადგან ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს მამის გარდაცვალება - ეს ტკივილი მეც გამოცდილი მაქვს.
- თქვენ ამ პროექტის ერთ-ერთი ფავორიტი წყვილი იყავით და შესაბამისად, გამარჯვების დიდი შანსიც გქონდათ...
- გეთანხმები, გამარჯვების მართლაც დიდი შანსი გვქონდა. გული მწყდება, პროექტს ნაადრევად რომ გამოვეთიშეთ, მაგრამ სოფოს გულისწყვეტასთან შედარებით, ჩემი არაფერია.
- სოფოს მამას ხომ არ იცნობდი?
- არა, პირადად არ ვიცნობდი.
- იყავი პანაშვიდზე? სოფოს მიუსამძიმრე?
- იმ საღამოსვე წავედი, მაგრამ მის საცხოვრებელ სახლს ვერ მივაგენი, ზუსტი მისამართი არ ვიცოდი, ამიტომ მეორე დღეს მივედი და მივუსამძიმრე.
- ხომ არ იცი, ასე მოულოდნელად რით გარდაიცვალა?
- როგორც ვიცი, მძიმე სენით იყო დაავადებული, სიმსივნე ჰქონდა.
- თავად სოფოზე რას იტყვი, როგორი ადამიანია? დამეგობრება უკვე მოასწარით?
- უშუალო და მეგობრული ადამიანია. რაც მთავარია, ძალიან ნიჭიერი და თბილი პიროვნებაა და როგორ შეიძლება, ასეთ ადამიანთან არ იმეგობრო?
- რამაზ, თუ არსებობს შანსი იმისა, რომ პროექტში დაბრუნდეთ?
- სამწუხაროდ, პროექტში ჩვენი დაბრუნების შანსი აღარ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.
- მას შემდეგ, რაც ასე პოპულარული გახდი, ალბათ თაყვანისმცემლებიც მოგიმრავლდნენ, არა?
- რა თქმა უნდა, მაგრამ შემაწუხებელი თაყვანისმცემლები ნამდვილად არ მყავს და არც მათი მოგერიება მიხდება. ისინი უბრალოდ, თბილ მესიჯებს მწერენ, რაც გარკვეული დოზით სასიამოვნოც არის. საერთოდ, ძალიან დატვირთული დღის რეჟიმით ვცხოვრობ და ხანდახან გასართობადაც ვერ ვიცლი.
- შენი ოჯახი გაგვაცანი...
- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. მყავს დედა და ჩემზე უფროსი ორი და: ირინა და სოფო ლაზარიშვილები. ერთი საფრანგეთში ცხოვრობს, მეორე კი გათხოვილია და თავისი ოჯახი აქვს. დედაჩემი იტალიაშია. კიდევ, მყავს ბებია. მამა, 17 წლის რომ გავხდი, მაშინ გარდამეცვალა. ბავშვობიდან საკმაოდ დამოუკიდებლად ვიზრდებოდი.
- შენი დამოუკიდებლობა რაში გამოიხატებოდა?
- დამოუკიდებლობას დედამ მიმაჩვია. ის ყოველთვის ცდილობდა, ჩემს საქმეში ნაკლებად ჩარეულიყო. გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, ფეხბურთსა და ცეკვაზე მარტო დავდიოდი, სკოლის დავალებებსაც დამოუკიდებლად ვასრულებდი. ასე იმიტომ კი არ ხდებოდა, რომ დედა დროის დეფიციტს განიცდიდა, უბრალოდ, ცდილობდა, მასზე დამოკიდებული არ გავმხდარიყავი. "შენ ამას შეძლებ!"- ყოველთვის ამ სიტყვებით მამხნევებდა.
- შეგიძლია შენს დადებით და უარყოფით თვისებებზე გვესაუბრო?
- საკუთარ თავზე ლაპარაკი ყოველთვის მიჭირს, მაგრამ შევეცდები... მოდი, უარყოფითი თვისებებით დავიწყებ, რადგან საკუთარი თავის კრიტიკა უფრო კარგად გამომდის, ვიდრე - ქება-დიდება (იღიმის). ჩემს ყველაზე დიდ უარყოფით თვისებად მივიჩნევ იმას, რომ "ფეთქებადი"ხასიათი მაქვს, რაც შეეხება დადებითს - შრომისმოყვარე ვარ. სახლში ყოფნაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს, რის გამოც მეგობრები ხშირად მსაყვედურობენ. მეუბნებიან: გარეთ გამოდი, სახლში რას აკეთებო და ხან სად მთავაზობენ წასვლას და ხან - სად (იცინის).
- რამ შეიძლება წონასწორობა დაგაკარგვინოს?
- ყველაზე მეტად, ადამიანში უპასუხისმგებლობა მაღიზიანებს. ასეთებთან ურთიერთობა ძალიან მიჭირს. თავად ძალიან მოწესრიგებული ვარ. მიყვარს, როცა ყველა საქმე გათვლილი და დაგეგმილი მაქვს.
- ქართულ ტრადიციებზე რა აზრის ხარ?
- ქართულ ტრადიციებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ რაღაცებზე ევროპული, თავისუფალი შეხედულებები მაქვს. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ კარიერის გასაგრძელებლად იტალიაში (დედასთან) ან საფრანგეთში (ჩემს დასთან) უნდა წავსულიყავი. ჰოდა, ასეც მოხდა: სასწავლებლად იტალიაში წავედი, იქაურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. წესით, კარიერაც იქ უნდა ამეწყო, მაგრამ ევროპაში ყოფნა ვერ შევძელი. აღმოვაჩინე, რომ პატრიოტი ვარ (იცინის) და სულ რაღაც 3 თვეში საქართველოში დავბრუნდი.
- რამაზ, როგორი გოგონები მოგწონს?
- ლამაზი და მომხიბვლელი შეიძლება, ქერაც იყოს და შავგვრემანიც. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მანდილოსანი მთლიანობაში როგორია.
- მანდილოსნის შეფასებისას უპირატესობას მის შინაგან სამყაროს ანიჭებ თუ გარეგნობას?
- რომ გითხრა, - შინაგან სამყაროს-მეთქი, მოგატყუებ. პირველი შთაბეჭდილება მაინც ადამიანის გარეგნობიდან იქმნება და ამის შემდეგ ინტერესდები მისი ხასიათითა და თვისებებით. ვინც ამბობს, რომ უპირატესობას ქალის შინაგან სამყაროს ანიჭებს, მისი არ მჯერა. ლოგიკურია, რომ თუ ადამიანი გარეგნულად არ მოგეწონა, მისი ახლოს გაცნობის სურვილიც არ გაგიჩნდება.
- მანდილოსანს სიყვარული თუ აუხსნია შენთვის?
- (იღიმის) არა, ასეთი შემთხვევა ნამდვილად არ მქონია, რაც ალბათ ჩემი დიპლომატიურობის ბრალია... თუმცა, არა, ყოფილა შემთხვევები, როცა მანდილოსანს უთქვამს: მიყვარხარო, მაგრამ ამ დროს არც მე დავბნეულვარ და დაუფიქრებლად მითქვამს, - მეც-მეთქი და მერე "გამიტარებია". ასეთი ადამიანების ძალიან კარგად მესმის, რადგან რომელიღაც ცნობილი ადამიანი მეც მომწონებია, სულ ასეთი პოპულარული და "ტელევიზორში გამოჭიმული"კი არ ვიყავი (იცინის). მომწონს, როცა მწერენ, რომ ჩემი შემოქმედება მოსწონთ. "ფეისბუკზე"უამრავ წერილს ვიღებ.
- პოპულარობა კარგია?
- პოპულარობის ზენიტში ალბათ ჯერ არ ვარ და არც იმის თქმა შემიძლია, - ეს ყველაფერი დამღლელია-მეთქი. მაგრამ როცა საკუთარი პირადი ცხოვრება შენ აღარ გეკუთვნის და საჯარო ხდება, ეს უკვე მოსაბეზრებელია.
- ქართული ტრადიციული ქორწილები თუ მოგწონს? თავად თუ გიფიქრია, როგორ ქორწილს გადაიხდი?
- ქართული ტრადიციული ქორწილი, სიმართლე გითხრა, არ მომწონს. სხვათა შორის, ნამდვილად მიფიქრია იმაზე, თუ როგორი ქორწილი უნდა მქონდეს. საკუთარ ქორწილს ლამაზ ბუნებაში გადავიხდი, სადაც არ იქნებიან ტრადიციული თამადა და დამკვრელები. უბრალოდ, ჩავრთავთ რომანტიკულ მუსიკას და მოწვეული სტუმრები ძალიან კარგ დროს გაატარებენ... ხშირად ვცდილობ, ქართული ტრადიციები დავიცვა, მაგრამ როცა კონკრეტული რაღაც ჩემს შეხედულებებს ეწინააღმდეგება, იძულებული ვხდები, ტრადიციები დავივიწყო და როგორც მე მომწონს, ისე გავაკეთო.
- როცა დაოჯახებას გადაწყვეტ, რჩეულის მშობლებთან მისი ხელის სათხოვნელად თუ მიხვალ?
- სხვათა შორის, ეს ტრადიცია მომწონს და ვეცდები, გავითვალისწინო. წარმომიდგენია, როგორ მესიამოვნება, ჩემი შვილის ხელის სათხოვნელად რომ მოვა სასიძო (იღიმის).
- იმ ტრადიციის შესახებ თუ გსმენია, საქართველოში გოგონას მშობლები მზითვს რომ უგროვებდნენ? დაინტერესდები თუ არა შენი მომავალი მეუღლის მზითევით?
- ორი და მყავს და ეს თემა ჩემთვის უცხო არ არის. დედაჩემი მათ ხშირ-ხშირად ეუბნებოდა, - ეს თქვენი მზითევიაო. მაშინ ვერ ვიგებდი, რას ნიშნავდა ეს... ჩემი რჩეულის მზითევით რა თქმა უნდა, დიდად არ დავინტერესდები. მშობელს რისი საშუალებაც აქვს, შვილს იმით უნდა დაეხმაროს. რა საჭიროა ჭურჭლის, საბან-ბალიშის აქეთ-იქით ტარება?..
- დაოჯახების შემდეგ დედასთან ერთად ცხოვრებას აპირებ?
- დაოჯახების შემდეგ, რა თქმა უნდა, მეუღლესთან ერთად ცალკე ვიცხოვრებ. დედამ დიდი ხანია, ამ აზრს შემაჩვია. როცა ახალდაქორწინებული წყვილი მარტო ცხოვრობს, ურთიერთობებს უფრო კარგად ალაგებენ. დედასთან სტუმრად მივალთ ხოლმე.
- შენმა მომავალმა მეუღლემ დედაშენს "დედა"უნდა დაუძახოს?
- თუ ამის სურვილი ექნება, რა თქმა უნდა, დედამთილისთვის "დედის"დაძახებას არ ავუკრძალავ, მაგრამ სიმართლე გითხრა, ეს ტრადიცია არ მომწონს: დედაჩემი თუ მისი დედაა, მე მისი ძმა გამოვდივარ...
- მეუღლეს ჩაცმულობას თუ გაუკონტროლებ?
- სხვათა შორის, ეჭვიანი ვარ. მსიამოვნებს, როცა ჩემ გვერდით მომხიბვლელი მანდილოსანია, მაგრამ მის მიმართ სხვების ზედმეტი ყურადღება მაღიზიანებს. გარკვეული დოზით ალბათ, მის ჩაცმულობას გავაკონტროლებ. ვიცი, რომ ეს კარგი თვისება არ არის. წარმომიდგენია, მე რომ ვინმემ ჩაცმულობა გამიკონტროლოს, რა დამემართება... მე უბრალოდ ვურჩევ, რა უნდა ჩაიცვას და რა არა, ჰოდა, თუ გაითვალისწინებს, ხომ კარგი, თუ არა და, ჩაცმის სტილის გამო ნამდვილად არ ვეჩხუბები.
- საქორწილო მოგზაურობაში, რომელ ქვეყანაში გაემგზავრებოდი?
- მოგზაურობა ჩემი სუსტი წერტილია. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. საქორწილო მოგზაურობაში ალბათ, ვენეციაში გავემგზავრებოდი.
- ტრადიციული ოქროს რგოლი თუ მოგწონს, რომელსაც წყვილები სიყვარულისა და დაოჯახების ნიშნად ატარებენ?
- მომწონს, მაგრამ ვფიქრობ, მე და ჩემი მომავალი მეუღლე უფრო თანამედროვე ნიშნობის ბეჭდებს შევიძენთ.
- რამდენად რომანტიკული ადამიანი ხარ?
- ყოველდღიურობაში რომანტიკული არ ვარ, მაგრამ როცა ვისვენებ და ბევრი თავისუფალი დრო მაქვს, ვცდილობ, ყურადღებიანი და ამავე დროს, რომანტიკული ვიყო.
სოფო ჭონიშვილი
(გამოდის ხუთშაბათობით)