ციხის სკანდალური კადრების ავტორი ლადო ბედუკაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პატრიარქთან დაკავშირებით ჟურნალისტ ზვიად ქორიძის განცხადებას ეხმაურება.
"ურნა-ხლისტი ზვიად ქორიძე: "მიმაჩნია, რომ ეს არის საკმაოდ სახიფათო ტენდენცია და იმედი მაქვს, რომ საქართველოს ეკლესიის მეთაურს ე ყ ო ფ ა გ ა მ ბ ე დ ა ო ბ ა და ის გადააფასებს ამ შეხედულებას, რომელიც დღეს მან შესთავაზა მრევლს. თუ მან ეს არ გააკეთა, ეს ნიშნავს იმას, რომ ის სათავეში უდგება საქართველოს ანტიევროპულ მოძრაობას".
ხლისტების რევოლუცია იწყება თუ რა ხდება?", - წერს ბედუკაძე.
შეაგახსენებთ, გუშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ სხვა საკითხებთან ერთად პარლამენტისა და ხელისუფლების მიერ თვითმმართველობის კოდექსის განხილვის საკითხზეც ისაუბრა.
"ჩვენი პარლამენტი და ხელისუფლება დღეს განიხილავს და მსჯელობს თვითმმართველობის საკითხზე. ეს მეტად რთული საკითხია. თუ განხორციელდა, ჩვენ მივალთ საქართველოს დაშლისკენ. ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ შესრულდეს. საქართველო იყო და იქნება ერთიანი ერი, ერთიანი ქვეყანა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ძლიერი იყო ხელისუფლება და მის გარშემო მთელი ქვეყანა, ძლიერი იყო საქართველოც. ჩვენი აზრით, ყოველი რაიონი უშუალოდ დაკავშირებული უნდა იყოს ჩვენს ხელისუფლებასთან. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს ის პრობლემები, რომელიც არსებობს რაიონში. ამას არ სჭირდება შუა რგოლი.
ხელისუფლება თვითონ უნდა განიხილავდეს, უნდა შეისწავლოს რა სჭირდება თითოეულ რაიონს. ჩვენი ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, რომ პრობლემა, რომელიც არსებობს ამა თუ იმ რაიონში, იყოს გამოსწორებული. რატომღაც ზოგიერთი ცდილობს, რომ კანონი სასწრაფოდ უნდა იყოს მიღებული.
ჩვენი აზრით, ეს უნდა იყოს განხილული მთელი ერის მიერ. ხალხმა უნდა იმსჯელოს რა არის მისაღები საქართველოსთვის. ამიტომ, არ უნდა ვიჩქაროთ. ხალხი უნდა გაეცნოს თვითმმართველობის ამ კანონს. მე მინდა დიდი პატივისცემით მივმართო ჩვენს პარლამენტს და ხელისუფლებას, გაითვალისწინონ ეს საშიშროება და ნუ ავჩქარდებით ამის მიღებაში", - აღნიშნა უწმინდესმა.