ჩვენმა საზოგადოებამ ქალს ოპტიმალური პროფესიები მოარგო, ყოველ შემთხვევაში, მამაკაცები მიიჩნევენ, რომ ქალებისთვის ზედგამოჭრილია პედაგოგობა ან კერძო რეპეტიტორობა, ფარმაცევტობა, ექიმობა, ჟურნალისტობა. რატომ? პასუხი მარტივია, ეს პროფესიები საოჯახო საქმეების გაძღოლის საშუალებასაც აძლევენ მანდილოსნებს. საქართველოში ხომ საოჯახო საქმეების გაძღოლა უპირობოდ ქალის მოვალეობაა. ასეთი სურათი იმ კვლევამ წარმოაჩინა, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში" ფარგლებში ჩატარდა. კვლევის ერთ-ერთ მიზანს პოლიტიკურ პროცესებში სუსტი სქესის წარმომადგენელთა აქტიური ჩართვა და მათი ეკონომიკური გაძლიერება წარმოადგენდა. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1760 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა, თვისებრივი კვლევის ფარგლებში კი 16 ფოკუსური ჯგუფის კვლევა ქალაქისა და სოფლის მცხოვრებ ქალებთან.
როგორც აღმოჩნდა, დაუსაქმებელთა წილი ერთობ მაღალი იყო ქალებში - დაახლოებით 75%. მათი ნახევარზე მეტი არ მუშაობდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უბრალოდ ვერ იშოვა სამსახური. დაუსაქმებელი ქალების 18% კი თვლიდა, რომ მას სამსახურის და საოჯახო საქმეების შეთავსება გაუჭირდებოდა და ამიტომ ერჩია, საერთოდ არ ემუშავა. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ კვლევის მიხედვით, დასაქმებული ქალების უმეტესობა კმაყოფილი იყო სამსახურით. თუმცა, უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ სამსახურის მიერ გადახდილი ანაზღაურება არ შეესაბამებოდა მათ კვალიფიკაციას. აღსანიშნავია ის, რომ ანაზღაურების მხრივ კაცების და ქალების მოსაზრება დაემთხვა ერთმანეთს.
აღმოჩნდა, რომ დასაქმებული ქალების უმრავლესობას არ უჭირდა საოჯახო საქმეების შეთავსება სამსახურთან, ამ მოსაზრებას მცირედი სხვაობით თანხმდებოდნენ მამაკაცები. თუმცა, ქალებისა და კაცებისათვის საოჯახო საქმეების მიღმა მოაზრებული შინაარსი შეიძლება განსხვავებული იყოს. ძლიერი სქესი ოჯახში საკუთარ საქმედ მხოლოდ მინიმალურ ფუნქციებს შეიძლება მოიაზრებდეს. კაცების შემთხვევაში 13% აცხადებდა, რომ არ ჰქონდა საჭიროება, შეეთავსებინა ეს ორი საქმიანობა ერთმანეთისთვის. ქალების 3%-ს კი არ ეხებოდა საოჯახო საქმეების კეთება, რადგან ჰყავდათ დამხმარე. 69 პროცენტმა განაცხადა, რომ მათ ოჯახის წევრები ხელს უწყობდნენ კარიერულ წინსვლაში, რაც შეეხება კონკრეტულად მეუღლის მხრიდან ხელშეწყობას, მოსახლეობის თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ პარტნიორი ეხმარება სამსახურის იერარქიული კიბის შედარებით მაღალ საფეხურზე ასვლაში. თუმცა, კვლევა იქვე ხაზს უსვამს, რომ გამოკითხულთა 41%-ს იმჟამად არ ჰყავდა მეუღლე.
კვლევის თანახმად, ზოგადად ქალების 49%-ს და კაცების 39%-ს არ ჰქონდა პირადი შემოსავალი. 101-დან 300 ლარამდე პირადი შემოსავალი 29%-ს ჰქონდა. 30%-ისათვის ოჯახის საშუალო შემოსავალი დაახლოებით 300-700 ლარამდე მერყეობდა. სამწუხაროდ, მოსახლეობის 8% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა და მათი საშუალო თვიური შემოსავალი 100 ლარზე ნაკლები იყო.
როგორც აღმოჩნდა, ქალების უმრავლესობას არ ჰქონდა შემოსავალი. ქალების ერთი მეხუთედი ამბობდა, რომ მის მეუღლეს მასზე მეტი შემოსავალი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, თუ ვის აქვს ოჯახში მეტი შემოსავალი, ოჯახის წევრები მთელ ფულს აერთიანებენ და საიჭროებების მიხედვით იყენებენ. ისეთი საჭიროებებისთვის, როგორიცაა საკვები, ტანსაცმელი, მსხვილი შენაძენი, დასვენება-გართობა და შვილების განათლება, ფულის დახარჯვის გადაწყვეტილების მიღება ერთობლივად ხდება. თუმცა, ქალს საჭმლისა და ტანსაცმლის ყიდვისას უფრო მეტი ავტონომია აქვს.
მაინც რა ბარიერები არსებობს ქალების დასაქმებისას? უპირველეს არგუმენტად ცხადდება ოჯახში როლების გადანაწილება ქართული ტრადიციის მიხედვით - ოჯახზე ზრუნვა ქალის უპირობო მოვალეობაა და ქალი ოჯახში შეუცვლელია. ტრადიციების ეჭვქვეშ დაყენება არ ხდება და შესაბამისად, საჭიროა საკუთარი ქცევა ყველამ ტრადიციების შეუსაბამოს. ზოგადად ჩვენს საზოგადოებაში მიიჩნევა, რომ ქალი ვერ იქნება ისეთივე წარმატებული კარიერაში, როგორც კაცი, რადგან ამაში საოჯახო საქმეებმა შეიძლება შეუშალოს ხელი. ამ მოსაზრების უკან დგას ის სტერეოტიპული მოსაზრება, რომ ოჯახის საქმეების კეთება აუცილებლად ქალის პრეროგატივაა, ესაა საქმე, რომელიც მან ყველა შემთხვევაში უნდა გააკეთოს და მეუღლე ამ საქმეს ვერ გაინაწილებს. შესაბამისად, თუ ქალს სურს კაცივით წარმატებული იყოს კარიერაში, მან არჩევანი უნდა გააკეთოს კარიერასა და ოჯახს შორის, კაცს კი მსგავსი არჩევანის გაკეთება არ უწევს.
მოკლედ, მიიჩნევა, რომ ქალს შეიძლება ჰქონდეს სამსახური, თუმცა ისეთი, რომ ხელი არ უნდა შეეშალოს საკუარი ოჯახის _ მეუღლის და შვილების სრულფასოვან მოვლაში იმიტომ, რომ ქალის უპირველესი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა. შესაბამისად, საზოგადოება ქალისთვის შესაფერად გარკვეულ პროფესიებს მიიჩნევს. ამ პროფესიებში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პედაგოგობა და ფარმაცევტობა ლიდერობს, რომელსაც მოსდევს ექიმობა, ჟურნალისტობა, ბანკის ოპერატორობა, ხელოვნება, მცირე ბიზნესი, არასამთავრობო სექტორსა და მომსახურების სფეროში მუშაობა. ამ პროფესიებს ერთი მახასიათებელი აერთიანებს - არ მოითხოვენ ქალისგან დიდ დროს და დატვირთვას. შესაბამისად, ქალს საშუალება აქვს, პროფესიულ საქმიანობას ოჯახზე ზრუნვა შეუთავსოს. ქალის დასაქმება მომენტალურად უარყოფით შინაარსს იძენს მაშინ, როცა ქალს ამის გამო ოჯახისთვის ნაკლები დროის დათმობა უწევს. ამას ეთანხმება გამოკითხულთა 77%, რომ მაგალითად, სკოლამდელი ბავშვისთვის უმჯობესია, თუ დედამისი არ მუშაობს. ასევე გამოკითხულთა უმეტესი ნაწილის მიერ მიიჩნევა, რომ დაოჯახების და შვილების ყოლის შემდეგ ქალი უმჯობესია ნახევარ განაკვეთზე მუშაობდეს.
ჩვენში მყარია მოსაზრება, რომ ოჯახის საქმე ქალისთვის სასიამოვნოა, რადგან ყოველი მეორე რესპონდენტის აზრით, დიასახლისობა ისეთივე კმაყოფილებას აგრძნობინებს ქალს, როგორც ანაზღაურებადი სამსახურის ქონა. ამას მიუთითებს როგორც ქალების, ასევე მამაკაცების მოსაზრება, რომ ქალი ვერ იქნება სავსებით ბედნიერი პროფესიაში წარმატების მიუხედავად, თუ არ ჰყავს ოჯახი.
როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე რეალობა აღარ არის საზოგადოებაში ტრადიციული "წყობის" შესაბამისი, რომელიც არეგულირებდა საზოგადოებაში ქალისა და კაცის ფუნქციებს. ქართული საზოგადოებრივი აზროვნება დიდწილად მაინც ტრადიციულ პოლუსზე რჩება და საზოგადოებრივი მორალი, რომელიც განსაზღვრავს რა არის მისაღები და მიუღებელი, ტრადიციულ ჭრილში აფასებს რეალობას. შესაბამისად, არსებობს არგუმენტები, რომ მამაკაცს უფრო მეტად სჭირდება სამსახური და მაღალი ანაზღაურება, ტრადიციულ წარმოდგენებს უკავშირდება. ამგვარი დამოკიდებულება შემდეგი ფაქტორებით აიხსნება - კაცი ოჯახის მარჩენალია და აუცილებლად უნდა ჰქონდეს სამსახური და მაღალი ანაზღაურება; ქალს თვითრეალიზაცია ოჯახშიც შეუძლია მოახდინოს, კაცისთვის კი რეალიზაციის სფერო კარიერაა; მამაკაცსა და ქალს განსხვავებული ბუნება და უნარები აქვთ, კაცი ოჯახის გარეთ საქმიანობაში უფრო წარმატებულია.
კვლევის შედეგებმა აჩვნა, რომ კარიერა კაცისთვის უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევა, ვიდრე ქალისთვის, თუმცა გამოკითხულთა დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ არც კაცისთვის და არც ქალისთვის კარიერა ოჯახზე უფრო პრიორიტეტული არ უნდა იყოს, რაც ნიშნავს, რომ ქართველი საზოგადოებისთვის ოჯახის ინსტიტუტი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
მერი ნამორაძე
გაზეთი "ახალი თაობა"