მოსაწავლე-ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგები ბავშვებისთვის დაწესებული მოსაკრებლის გაუქმებასა და მოქმედი დირექტორის გადაყენებას ითხოვენ. პედაგოგები აცხადებენ, რომ სტრესულ მდგომარეობაში უწევთ მუშაობა. ახალი დირექტორი მათ არასამართლიანად ექცევა.
"ახალმა დირექტორმა მოიყვანა თავისი კადრები, ხელოვნურად გაბერა საშტატო ერთეული, რომელთაც ჩვენთან შედარებით 5-10-ჯერ მეტი ხელფასი დაუნიშნა. პედაგოგებს არ გვაძლევენ პრემიებს, თუმცა ადმინისტრაციისთვის საპრემიო სისტემა არსებობს. ასევე გაუგებარია ბავშვებისთვის მოსაკრებლის დაწესება, რადგან ჩვენ ხელფასებზე ეს ყველაფერი ძალიან სასაცილოდ აისახა. მოსაკრებლის დაწესების შემდეგ მასწავლებლებს დაახლოებით 10-ლარით გვეზრდება ხეფასები. წავიდნენ სასიკვდილე "ნაციონალები" და მოვიდა ჩვენი საოცნებო მთავრობა, თუმცა სასახლეში ყველაფერი უარესობისკენ შეიცვალა", - განაცხადა პედაგოგმა ქეთევან მებონიამ.
პედაგოგები ადამიანურ დამოკიდებულებაზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ ადმინისტრაციის ახალი თანამშრომლები მათ ზემოდან უყურებენ, ხშირად სალამსაც კი არ ეუბნებიან.
"წლების განმავლობაში სასახლეში ერთსულოვნება სუფევდა, ერთად ვიყავით ჭირშიც და ლხინშიც, 1 წელია კოლექტივი გაიყო. სამაცხვინო ხელფასები გვაქვს, მაგრამ ვასწავლით, იმიტომ რომ გვიყვარს ის, რასაც ვაკეთებთ. მრცხვენია, რომ დღეს იმ ადამიანების სალაპარკო ვხდებით, ვისაც ჩვენ ვასწავლიდით. ჩვენ გვაწუხებს ღირსება, რომელიც შეილახა", - აღნიშნა თამარ რამიშვილმა, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ფსიქოლოგიას ასწავლის.
პედაგოგების ერთ-ერთი მოთხოვნა მათთვის პედაგოგის სტატუსის დაბრუნებაა. ისინი ასევე ამბობენ, რომ სურთ სასახლის სრულფასოვან თანამშრომლებად აღიქვამდნენ.
"8 მაისს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის 140-ე წლისთავთან დაკავშირებით მოწვეული იყო პატრიარქი, რომელთან შეხვედრაზეც ჩვენ არ მოგვიწვიეს. ჩვენთვის სასახლის კარი ამ დღეს დაიკეტა, თუმცა შეხვედრას არ დაკლებიან სასახლის ადმინისტრაციის თანამშრომლები. როდესაც დირექტორთან მივედი და ვუთხარი, ჩვენ რატომ არ მოგვეცა საშუალება შეხვედრაზე დასწრების, ასეთი პასუხი მივიღე, წადი და სამებაში ნახე პატრიარქიო. დიდი ხანია სასახლეს ვემსახურები. 5 წლის ვიყავი, როდესაც სასახლეში პირველად შემოვედი და 70 წლის ვხდები და მეამაყება, რომ ამდენი წელი ამ კედლებში გავატარე", - აღნიშნა გერმანული ენის პედაგოგმა.
სასახლის მასწავლებლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი თანამშრომლები ბავშვებთან ეწევიან.
"სიგარეტის ბოლშია სასახლე გახვეული, ასე არ შეიძლება, დერეფნებში ბავშვების დასანახად ეწევიან სიგარეტს, რაც დაუშვებელია. ჩვენც ვეწეოდით სიგარეტს, მაგრამ არათუ დერეფანში, არამედ მაგიდაზე ასანთსაც არ ვტოვებდით, რომ ამას ბავშვებზე არ ემოქმედა. სასახლე ჩვენი სიცოცხლეა. ჩემი ხელფასი სულ 84 ლარია, თუმცა ყოველ დილით მაინც მიხარია სამსახურში წამოსვლა, მიხარია ჩემს ბავშვებთან შეხვედრა. ჩემს ძმიშვილს 1000 ლარი აქვს ხელფასი, ხშირად მეუბნება მამიდა გზაში თუ მაინც გყოფნის შენი ხელფასიო, მაგრამ მე მაინც ამაყი ვარ, რადგან მქვია სასახლის პედაგოგი,"- აცხადებს პედაგოგი.
მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ მოსაკრებელი, რომელიც ახალმა დირექციამ ბავშვებს დაუწესა, სრულიად გაუმართლებელია, რადგან ამით მასწავლებლების მდგომარეობა არ იცვლება. ცეკვის პედაგოგი ამბობს, რომ მოსაკრებლის დაწესების შემდეგ მის ჯგუფში ვეღარ დადიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები.
"არ ღირს 10-15 ლარი სახელფასო დანამატი, იმ ბავშვების დაკარგვად, რომელთაც სურთ ცეკვის სწავლა, თუმცა მის მშობლებს ამის საშუალება არ აქვთ. ამ ბავშვებისთვის უნდა არსებობდეს გარკვეული შეღავათები".
მასწავლებლები სახელფასო ბალანსსაც მოითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ ცეცხლფარეშს 1200 ლარი აქვს ხელფასი, ხოლო პედაგოგის მაქსიმალური ხელფასი 160 ლარია.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პედაგოგების მოთხოვნა ეტაპობრივად შესრულდება, თუმცა დირექტორი ქეთევან ფეიქრიშვილი გადადგომას არ აპირებს.
როგორც იგი აცხადებს, წლების განმავლობაში პედაგოგებს იმედები უცრუვდებოდათ და ყველა პრობლემის მოგვარება ერთდროულად სურთ.
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია. სასახლეში 350-მდე თანამშრომელი მუშაობს. პედაგოგების ხელფასი კი საათობრივი ანაზღაურებით განისაზღვრება. პედაგოგი ერთსაათიანი გაკვეთილისთვის 1,80 ლარს იღებს. დღეს აღნიშნული საკითხები პედაგოგთა შეკრებაზე განიხილეს, სადაც დირექტორის გადაყენებაც მოითხოვეს. პედაგოგები აცხადებენ, რომ თუ მათ პრობლემებზე რეაგირება არ იქნება, ისინი საკუთარ მოსწავლეებთან ერთად აქციებს გამართავენ.
თეა ბითაძე, AMBEBI.GE