საქართველო ტიტანების წასვლის შემდეგ დასავლური მედიის თვალით

საქართველო ტიტანების წასვლის შემდეგ დასავლური მედიის თვალით

საქართველო ტიტანების შემდეგ, - ასეთი სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა The National Interest კავკასიის მკვლევარის, კარნეგის ცენტრის ექსპერტის თომას დე ვაალის სტატიას.

როგორც ავტორი წერს, დღეს საქართველო მნიშვნელოვანი დღეებია, რაც შეიძლება დახასიათდეს, როგორც "საქართველო ტიტანების შემდეგ".

"ორმა ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა, რომლებიც დომინირებდნენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, დატოვეს პოლიტიკური ფრონტის ხაზი. ახლა, როდესაც საქართველო ვარდების რევოლუციის ათ წლისთავს აღნიშნავს, რის შედეგადაც მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, ახლანდელმა მთავრობამ ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმებას მიაღწია ევროპასთან და ვილნიუსში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მოახდინა", - წერს თომას დე ვაალი.

როგორც სტატიის ავტორი წერს, "სააკაშვილმა საპარლამენტო არჩევნების წაგების შემდეგ უარი თქვა ბევრ უფლებებზე. მისი მოწინააღმდეგე ივანიშვილი, პოლიტიკიდან კი წავიდა, მაგრამ სავარაუდოდ, კულუარებიდან რჩევებს მისცემს მთავრობას. ივანიშვილმა შეასრულა თავისი დანაპირები, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა და არ იქნება ყველაზე შესამჩნევი პიროვნება საქართველოში".

თომას დე ვაალი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "დღეს საქართველოს ორი გამოუცდელი პიროვნება მართავს. შეშფოთების მიზეზი ის არის, რომ ამ ორმა გამოუცდელმა ლიდერმა შესაძლოა, საქართველო ისეთ სიტუაციამდე მიიყვანონ, როდესაც დიდი დემოკრატიის ფონზე ადგილი აქვს სუსტ მთავრობას, ცუდ ეკონომიკურ მმართველობასა და განსაკუთრებული ინტერესების მანიპულაციას. კარგი სიახლე კი ისაა, რომ მემკვიდრეობის განხრით დიდად არაფერი შეცვლილა: საჯარო სექტორში ბევრმა შეინარჩუნა თავისი ადგილები, საგარეო პოლიტიკის კურსი კვლავ პროდასავლურია. სააკაშვილმა და მის მხარდამჭერებმა იმის ძახილს მოუკლეს, რომ ივანიშვილი კრემლის აგენტია და მისი ხელისუფლებაში მოსვლით საქართველო რუსეთის კლანჭებში აღმოჩნდება. რაც არ უნდა ითქვას, საქართველოს ორ ახალ ლიდერზე, არც მარგველაშვილსა და არც ღარიბაშვილს არა აქვთ რამე განსაკუთრებული კავშირები რუსეთთან და მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირს უკავშირდება".

სტატიის ავტორის აზრით, კიდევ ერთი წარმატება, რაც ბოლო ერთი წლის პერიოდს უკავშირდება არის ის, რომ პარლამენტი, რომელიც სააკაშვილის ეპოქაში ხელისუფლების ნების გამტარებელი იყო და ყველაფერზე კვერს უკრავდა, დღეს გაძლიერდა როგორც ინსტიტუტი. თუმცა, ერთ-ერთ დიდ პრობლემად რჩება ძალზედ აგრესიული პოლიტიკური კულტურა და მთავრობასა და ოპოზიციას შორის ღრმა პოლარიზაცია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას სურს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ისტორიას ჩაბარდეს და როდესაც ოპოზიციის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ 22% აიღო საპრეზიდენტო არჩევნებზე, ივანიშვილმა ეს ახსნა, როგორც პოლიტიკური კულტურის უქონლობა. სააკაშვილმა კი თავის მხრივ, ხელისუფლების გადაცემის დემოკრატიული პროცესი იმით გააფუჭა, რომ ინაუგურაციაზე არ გამოჩნდა. საპრეზიდენტო არჩევნების მთავარმა პრეტენდენტებმა კი, პირიქით, კარგი მაგალითის პრეცედენტი შეჰქმნეს. ბაქრაძემ გამარჯვება მიულოცა მარგველაშვილს, მარგველაშვილმა კი განაცხადა, რომ ის საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტია.

"საქართველოს მმართველი კოალიცია ძალიან მრავალფეროვანია. ის შედგება ისეთი პიროვნებებისგან, რომლებიც უფრო დემოკრატიულები არიან, ვიდრე წინა ხელისუფლების წარმომადგენლები და ასევე მათგან, ვინც ტრადიციონალისტურ იდეებს ამჟღავნებს", - აცხადებს სტატიის ავტორი.

თომას დე ვაალი თავის სტატიაში ასევე ეკონომიკის ზრდის საკითხს ეხება. "ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი ბოლო 9 თვის განმავლობაში 1,7%-მდე დაეცა. საქართველოს მთავრობა, ისევე როგორც ზოგიერთი უცხოელი ანალიტიკოსი, ამას პოლიტიკური გაურკვევლობით ხსნის, რაც კოჰაბიტაციის პერიოდს უკავშირდება და ასევე სააკაშვილის მიერ ინიცირებული ზოგიერთი ინფრასტრუქტურული პროექტის შეჩერებით. მაგრამ ამიერიდან "ქართულ ოცნებას" სრული ძალაუფლება გააჩნია და მხოლოდ თავის თავს თუ დააბრალებს წარუმატებლობას", - ამბობს სტატიის ავტორი.

სააკაშვილს თავისი პრეზიდენტობის პერიოდში აგდებული მიდგომა ჰქონდა ევროკავშირისადმი და ყურადღებას უფრო ატლანტიკურ ინტეგრაციას აქცევდა. როგორც ერთ ევროპელმა დიპლომატმა მითხრა, "სააკაშვილს რომ შესძლებოდა საქართველოს დროშას ვარსკლავებსა და ზოლებს დაამატებდაო". ლიბერტარიანელთა ჯგუფი მთავრობაში ევროკავშირს აიგივებდა ბიუროკრატიულ სოციალიზმთან და გააუქმა ბევრი მარეგულირებელი სტანდარტები, რაც საჭიროა ბრიუსელთან უფრო ახლო ასოცირებისთვის. თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში სააკაშვილმა გადახედა თავის კურსს და საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა ევროკავშირთან შეთანხმების შემუშავება. ახალმა მთავრობამ კი დააჩქარა ეს პროცესი და შრომის კოდექსში ცვლილებები შეიტანა, - წერს სტატიის ავტორი.

"ვილნიუსი ამ პროცესის დასაწყისია და არა დასასრული. სრულ შეთანხმებას ხელი მოეწერება მხოლოდ გაისად. სხვა ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოების გამოცდილება გვეუბნება, რომ ამ პროცესის ყველაზე რთული ნაწილი დასაწყისშია, როდესაც ნაკისრი ახალი რეგულაციები ტვირთად აწევს ქვეყანას მანამ, სანამ ღია ვაჭრობის უპირატესობებს მიიღებს. პოსტვილნიუსის აღმოსავლეთ ევროპაში ვაშინგტონს მოუწევს ახალი როლის მორგება. ის არგუმენტები, რომ საქართველო ცივი ომის ბრძოლის ველია ან "მთავარი სტრატეგიული მოკავშირე", საბოლოოდ შეიძლება დავიწყებას მიეცეს. საქართველოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ევროპასთან უფრო მჭიდრო და ახლო ინტეგრაციაა, - დასძენს სტატიის ავტორი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა