მოდელმა კრისტი ყიფშიძემ საცურაო კოსტუმში გადაღებული ფოტოები "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გუშინ განათავსა. მას მერე ბევრი ადამიანი უკავშირდება და ეკითხება, - სად არის ეს თამამი ფოტოები გადაღებული და რა ხდებოდა? შევეხმიანეთ ჩვენც.
- კრისტი, ფილმში ხომ არ გიღებენ? თუ საცურაო კოსტიუმში გადაღებული ეს შენი მორიგი ფოტოსესიაა?
- ეს არის ვიდეორგოლის გადაღების პროცესი, რომლის პრემიერა დღეს შედგება. ამიტომ ფოტოები ერთი დღით ადრე, ანონსის სახით გავავრცელე.
- სურათები საცურაო კოსტიუმში როგორც დახურულ სივრცეში, ისე შუა ქუჩაშიც არის გადაღებული. რთული არ იყო ეს?
- ეს არის "Arttime Boutiques" რეკლამა, რომელიც რეჟისორმა გიგა აგლაძემ გადაიღო. კლიპს ზაფხულში ვიღებდით. სურათებს თუ კარგად დააკვირდებით, ნახავთ, რომ კარგი ამინდია და საკმაოდ ცხელა... ვიდეორგოლი 2-წუთიანია და კომედიური ჟანრისაა. მასზე მუშაობა საერთოდ არ გამჭირვებია, არც პოზირება და არც თამაში. თან, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, დიდი ხანია გამომიმუშავდა ხასიათიც, - მუშაობისას არ მაქვს სიმორცხვის შეგრძნება, პრინციპში რისი უნდა გცხვენოდეს? როცა შენს თავსა და სხეულში დარწმუნებული ხარ. კომფორტულად ვმუშაობ და არ არის რთული...
იმდენად მიყვარს ჩემი საქმე და ისე სერიოუზლად ვეკიდები მას, რომ სხვა რაღაცებზე ფიქრის დრო არც მრჩება. მთავარია, როლი კარგად შევასრულო და კარგი ნამუშევარი გამოვიდეს.
- ე.ი. ეთანხმები აზრს, რომ ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს?
- კი, ხელოვნება მოითხოვს დიდ შრომას, უდიდეს სიყვარულს. ჩემი დამოკიდებულება ასეთია, - საქმეს პროფესიონალურად უნდა მიუდგე!
- ისე, ასეთი თამამი ფოტოები საქართველოში, შუა ქუჩაში მგონი, არც ერთ მოდელს არ გადაუღია...
- ასეთი ფოტოები არ ვიცი, ალბათ, საქართველოში გადაუღიათ, არ ვამბობ, რომ ამ საქმეში პიონერი ვარ,მაგრამ ჩემი სახელიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, ცოტა სარისკო კი იყო, ვაითუ, არ გამოვიდეს ისეთი-მეთქი, - ეს კითხვა, რა თქმა უნდა, მქონდა, მაგრამ იმდენად კარგ და პროფესიონალ ხალხთან მიწევდა მუშაობა, რომ წინადადებას მაშინვე დავთანხმდი.
- გადაღება რაიმე სასაცილო ამბავის გარეშე არ ჩაივლიდა.. იქნებ გაიხსენო?
- სასაცილო ის იყო, რომ მთელი კუტუზოვის ქუჩა, ფაქტობრივად, იმ დღეს გადავკეტეთ... საცობი ჩვენი გადაღების გამო შეიქმნა, თან, ხომ წარმოგიდგენიათ ცნობისმოყვარე ადამიანების სახეები?.. ნაცნობ, შიშველ ქალს ხედავდნენ, რომელიც ქუჩაში დადიოდა. მაგრამ ისეთი დადებითი და პოზიტიური განწყობა იყო, ხალხი იდგა, სიამოვნებით გვიყურებდა და ტაშსაც გვიკრავდა.- რა გითხრა შენმა შვილმა, ნატაშკამ, შენმა "მთავარმა" შემფასებელმა?
- ნატაშკა როგორც მომავალი მსახიობი, ამას ყველაფერს დადებითად უყურებს. ერთი კი მითხრა: ვაიმე, დედა, ასე როგორ დადიოდიო? მაგრამ, ხომ გითხარით, თვითონ კლიპიც კომედიურია და ვფიქრობ, არ გააღიზიანებს მაყურებელს.
დიდი ყურადღება მივიქციეთ. მაგ დღეს "ფეისბუქზე" იმდენი წერილი დამხვდა, მაგალითად, ერთი მახსენდება, - "გაიხარე კრისტი, ასე რომ გაალამაზე დღეს ჩვენი ქუჩა"...
- რას გვეტყვი რეჟისორზე, გიგა აგლაძეზე, როგორია მასთან მუშაობა?
- გიგა აგლაძე ძალიან კარგი და კომფორტული რეჟისორია. მასთან მუშაობა ადვილია იმიტომ, რომ ზუსტად გიხსნის, რა უნდა. არაჩვეულებრივი ჯგუფი ჰყავს, ყველას ვერ ჩამოვთვლი, არ მინდა, ვინმე გამომრჩეს, მათთან ბევრჯერ მიმუშავია და იმედია, კიდევ ბევრი კარგი პროექტი გველოდება წინ.
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის