რუსთაველზე უკრაინის მხარდამჭერი აქციის შემდეგ, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ესწრებოდნენ, სოციალურ ქსელში ფოტოშარჟი გავრცელდა. ფოტოზე პარტიის ლიდერებს უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკოს ცნობილი ვარცხნილობა "ამშვენებს".
გუშინ რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ საქართველოს, ევროკავშირისა და უკრაინის დროშები, ასევე პლაკატები, რომლითაც უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ.
"Ukraine-Europe", "Stop Moscow" - აქციის მონაწილეები ამ შინაარსის ლოზუნგებით უკრაინელ ხალხს ევროინტეგრაციისთვის ბრძოლაში სოლიდარობას უცხადებდნენ.
აქციაზე იმყოფებოდნენ უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც საკუთარ თანამემამულეებს სოლიდარობას თბილისიდან უცხადებდნენ. აქციაზე იმყოფებოდა ასევე ცნობილი უკრაინელი მომღერალი ივანა მელაი, რომელმაც თანამემამულეებს სოლიდარობა თბილისიდან გამოუცხადა.
აქციაზე ქართველი პოლიტიკოსები და ცნობილი სახეებიც იყვნენ. მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც.
უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გუშინ ქვეყნის მოსახლეობას ოპოზიციის მხარდაჭერა მოუწოდა და აქციის ყველა მონაწილეს მადლობას გადაუხადა. ამასთან, ტიმოშენკომ საკუთარ განცხადებაში საერთაშორისო საზოგადოებასაც მიმართა, მან მსოფლიო ლიდერებს სთხოვა, მხარი დაუჭირონ უკრაინის მოსახლეობას.
ექს-პრემიერის მიმართვა მისმა ქალიშვილმა გაავრცელა:
"იულია ტიმოშენკოს სჯერა ხალხის ძლიერი ნების და ყველას მოუწოდებს მხარი დაუჭირონ ოპოზიციას. მას ასევე სჯერა ოპოზიციის ლიდერების და იმის, რომ ისინი აუცილებლად მიაღწევენ იმას, რისთვისაც იბრძვიან. ტიმოშენკო ამბობს, რომ უკრაინელების მხარდაჭერის გარეშე ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს", - განაცხადა ევგენია ტიმოშენკომ.