"ღამის შოუს სტუდიის" ახალმა გასართობმა არხმა, შესაძლოა, "მაესტრო 24"-ის სიხშირე დაიკავოს. ახალი წლის მოსვლასთან ერთად, ტელეკომპანიებში ახალი სატელევიზიო სეზონი იწყება. არხებზე იანვარის თვეში, ხშირ შემთხვევაში გადაცემები განმეორებით გადის, თებერვლიდან კი პროექტების ნაწილი კვლავ გრძელდება, ნაწილი კი ჩერდება.
ჯერჯერობით უცნობია, რა გეგმები აქვს ტელეკომპანია "იმედს" "ღამის შოუს სტუდიის" პროექტებთან დაკავშირებით, თუმცა სტუდია იანვრის ბოლოდან ახალი გასართობი არხის - "ტვ 11"-ით მაუწყებლობას გეგმავს. ახალმა არხმა შესაძლოა, "მაესტრო 24" -ის სიხშირე გამოიყენოს. თუმცა სტუდია "მაესტროს" სიხშირის დაკავების გარდა, კიდევ რამდენიმე ალტერნატივას განიხილავს.
უკვე ორი თვეა, რაც "ღამის შოუს სტუდიის" ხელმძღვანელი დათო გოგიჩაიშვილი "მაესტროს" გენერალური დირექტორის, ბაია გადაბაძის კონსულტანტია. ახლა "მაესტროზე" დიდი რეორგანიზაციაა. არხზე საეთერო ბადის გადახალისება მიმდინარეობს, მოგვიანებით კადრების გადამზადებაც დაიწყება. არ არის გამორიცხული, "ღამის შოუს სტუდიის" პროექტები "მაესტროზე" გაგრძელდეს. აღნიშნული პროექტები (სერიალი, "ღამის შოუ ოთარ ტატიშვილთან ერთად", ანეკტოდები) "იმედისთვის" არის შექმნილი, პრიორიტეტებიც აღნიშნულ ტელეკომპანიას ენიჭება, თუმცა პროექტების გაგრძელებაზე "იმედისგან" უარის თქმის შემთხვევაში, სტუდიას კონტრაქტით იგივე პროექტის სხვა არხისთვის შეთავაზებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! უფლება გააჩნია.
რაც შეეხება ახალ გასართობ არხ "ტვ11"-ს, როგორც "ღამის შოუს სტუდიის" ხელმძღვანელმა დათო გოგიჩაიშვილმა AMBEBI.GE-ს განუცხადა, უკვე დაწყებულია გადაღებები და გუნდს ეთერში გასვლის სურვილი იანვრის ბოლოდან აქვს. დათო გოგიჩაიშვილი განმარტავს, რომ არხი განსხვავებული კონცეფციის, მოკლე არტებისგან შემდგარი იქნება, რომელიც მხოლოდ კომედიური, იუმორისტული თემებით არ დაიტვირთება. "ტვ 11" - ზე არ გავა პრაიმ გადაცემა, რომელსაც მაყურებელი ერთი საათის განმავლობაში უყურებს. მაგალითისთვის, არხის სერიალი სამწუთიანი იქნება. "ტვ - 11" პირველ ეტაპზე დღე-ღამეში 12 საათიან მაუწყებლობას გეგმავს, 6 თვის შემდეგ კი 24 საათიან მაუწყებლობაზე გადავა.
ანა მარშანია, AMBEBI.GE