წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამგეობის დამლაგებლის პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო პირობების მიხედვით, დამლაგებელს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, უნდა იცოდეს Microsoft Office Word, ძალიან კარგად უნდა ფლობდეს ქართულად წერის და მეტყველების უნარებს და სავალდებულოა 11 კანონის ცოდნა. კანონებში საქართველოს კონსტიტუცია, ევროპული ქარტია "ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ", საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონი, წყალტუბოს საკრებულოს სხვადასხვა დროს მიღებული დადგენილებები და სხვა ადმინისტრაციული კანონები შედის.
განცხადების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს: განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, Curriculum Vitae (cv), საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი, განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწომობა (ასლი) და სამოტივაციო წერილი.
განცხადებაში დამლაგებლის მოვალეობებიც არის მითითებული, რომლის მიხედვით მას სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის დასუფთავება და სანიტარული მდგომარეობის მოწესრიგება ევალება. დამლაგებლის ხელფასი 265 ლარია.