პარლამენტში შეტანილი კანონპროექტით ნდობის ჯგუფის დაკომპლექტების წესში ცვლილებები იგეგმება. მნიშვნელოვანია, რომ ამ ჯგუფის წევრებს სახელმწიფო საიდუმლოებასთან აქვთ დაშვება. მოსალოდნელია თუ არა ცვლილებები "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" კანონში? რა შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფო საიდუმლოებად? - ამ საკითხზე თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის წევრი ირაკლი ჩიქოვანი და უშიშროების ყოფილი მინისტრი ჯემალ გახოკიძე გვესაუბრებიან.
ირაკლი ჩიქოვანი: ცვლილებები კანონში "ნდობის ჯგუფის შესახებ" მისი შექმნის შესაძლებლობას გაზრდის, უკვე ერთი წელი გავიდა, საპარლამენტო ნდობის ჯგუფი კი ვერ დაკომპლექტდა; ნდობის ჯგუფის წევრობის შესაძლო კანდიდატებზე უმრავლესობასა და უმცირესობას განსხვავებული ხედვები აქვთ. ჩემი აზრით, პასუხისმგებლობა კანდიდატის წარმდგენმა მხარემ უნდა აიღოს, თუმცა, შეიძლება, დაკომპლექტების წესის სხვა ვარიანტებზეც ვიფიქროთ, უფრო მოქნილი მექანიზმი ავირჩიოთ. კანონით, ნდობის ჯგუფის წევრებმა უნდა გაიარონ შემოწმება სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მისაღებად; ევროპაში ამგვარი ჯგუფის ფორმირების განსხვავებული ვარიანტები არსებობს. შესაძლოა, უმრავლესობამ და უმცირესობამ მათ მიერ წარდგენილ კანდიდატებზე პასუხისმგებლობა თვითონ აიღონ.
- გავრცელებული ინფორმაციით, გივი თარგამაძის კანდიდატურაზე უმრავლესობა და უმცირესობა ვერ თანხმდება.
- ამას ვერც დაგიდასტურებთ, ვერც უარვყოფ. ზოგადად არის საუბარი, რომ წარდგენილ კანდიდატზე პასუხისმგებლობა წარმდგენმა სუბიექტმა აიღოს, პარლამენტმა კი გადაწყვეტილება გააფორმოს.
- ამ ჯგუფის წევრები მოწმდებიან სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მისაღებად, ხომ არ იგეგმება ცვლილებები შემოწმების პროცედურასთან დაკავშირებით?
- არა, ეს წესი დადგენილია. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს, ვინც იღებს დაშვებას სახელმწიფო საიდუმლოებასთან, აუცილებლად უნდა გააჩნდეს შესაბამისი უფლებამოსილება, ეს ჩვეულებრივი პროცედურაა, რომელიც წლების წინ მეც გავიარე. ეს პრევენციაა იმისა, რომ სახელმწიფო საიდუმლოება არაკეთილსინდისიერ ხელში არ აღმოჩნდეს.
ჯემალ გახოკიძე: - როცა საქმე სახელმწიფო საიდუმლოებას ეხება, ყველას ნდობა გარკვეულ რისკს შეიცავს. საქართველოს კანონში "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" აღნიშნულია, თუ რა შემთხვევაში ეუბნებიან უარს პირს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვებაზე - კერძოდ, თუ "ის იყო ისეთი გაერთიანების წევრი, რომლის საქმიანობა სასამართლოს მიერ აკრძალულია, თუ კანონით აკრძალულ საქმიანობას ეწევა, ან თუ გამოვლინდა მისთვის განდობილი საიდუმლოების დაცვის ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი" და ა.შ. მიმაჩნია, რომ ამ კანონით, რიგი ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებისთვის დახურული არ უნდა იყოს, მისთვის მაინც ხელმიუწვდომელია, ამიტომ უნდა გადაიხედოს იმ ინფორმაციების, დოკუმენტების ნუსხა, რაც სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება. ეროვნული უშიშროების საბჭოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გასაიდუმლოებული დოკუმენტაციის გარკვეული ნაწილი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
- კანონი განსაზღვრავს, თავდაცვის, ეკონომიკის, დაზვერვისა და სხვა სფეროებში რა შეიძლება იყოს სახელმწიფო საიდუმლოება; ამჟამად რომელ სფეროში შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ყველაზე მეტი სახელმწიფო საიდუმლოება?
- შსს-ში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები გასაიდუმლოებული უნდა იყოს, ეს სფერო ყველგან დახურულია, თუმცა, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნდობის ჯგუფისთვის და იმ საზოგადოებრივი საბჭოებისთვის, რომელზეც ვილაპარაკეთ; ჩვენს ეკონომიკაში ნაკლებად მეგულება მიმართულებები, რომელიც გასაიდუმლოებას ექვემდებარება, თუმცა, როგორც ვიცი, არაერთი დოკუმენტია გასაიდუმლოებული. ქვეყნის დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ყველაზე მეტი საიდუმლო მაინც თავდაცვის სფეროში უნდა გვქონდეს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობაში, რეალურად უნდა დადგინდეს ქვეყნის შიდა და გარე საფრთხეები და მათთან ბრძოლის საშუალებები მართლაც უნდა გასაიდუმლოვდეს, ყველა კონკრეტული შემთხვევის დროს უწყების ხელმძღვანელმა უნდა გადაწყვიტოს, რამდენად ექვემდებარება ინფორმაცია გასაიდუმლოებას; თვითონ საიდუმლო ინფორმაციასაც აქვს საფეხურები: "განსაკუთრებული მნიშვნელობის", "სრულიად საიდუმლო", "საიდუმლო", "შეზღუდული სარგებლობისთვის".
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)