ცოტა ხნის წინ საბერძნეთში სიერა-ლეონის დროშის ქვეშ მცურავი გემი ჩაიძირა, ეკიპაჟის შემადგენლობაში ქართველი მეზღვაურებიც შედიოდნენ. ქართველი იყო გემის კაპიტანიც, რომელიც დღემდე დაკარგულად ითვლება. ჩვენ დავინტერესდით რა მდგომარეობაშია გემები, რომლითაც ქართველი მეზღვაურები დაცურავენ. კომენტარისთვის საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირების თავმჯდომარე, ანატოლი ჯიჯავაძეს დავუკავშირდით:
-არის როგორც კარგი, ასევე დაზიანებული გემები, გააჩნია ვინაა გემთმფლობელი. თუ კარგი და სოლიდური გემთმფლობელია, შესაბამისად გემიც გამართულია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ კარგი გემი ძვირი სიამოვნებაა, მომრავლდა დაზიანებული, მეორადი გემები. ეს რისკს ზრდის.
-ცოტა ხნის წინ საბერძნეთში ჩაიძირა გემი, სადაც ქართველები მსახურობდნენ, როგორ ფიქრობთ, რა გახდა გემის ჩაძირვის მიზეზი?
-ქართველები იმ გემზე მსახურობდნენ არა დამსაქმებელი ფირმის საშუალებით, არამედ თვითონ კაპიტანმა ნახა იქ ადგილი, მოილაპარაკა მეპატრონეებთან და წაიყვანა 5 მეზღვაური. გემის ჩაძირვის მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს, მაგრამ ფაქტია, რომ გემი ძველი იყო.
-რამდენიმე წლის წინ ქართველ მეზღვაურებს დიდ გემებზე მუშაობის უფლება არ ჰქონდათ, რამე შეიცვალა ამ კუთხით?
-როცა საქართველოში იყო ჩამოსული ევროკომისია და გადაამოწმეს მეზღვაურების მზადების პროცესი, ძალიან დიდი ყურადღება მიექცა იმას, თუ როგორ პრაქტიკას გადიოდნენ ისინი. მეზღვაურმა მომზადება უნდა გაიაროს არანაკლებ 500-ტონიან გემზე. ჩვენთან პრაქტიკას სულ პატარა გემებზე გადიოდნენ და ამის გამო შენიშვნა მოგვცეს. ევროკომისიისგან შენიშვნა იყო სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზეც. მათი თქმით, სანამ ეს პრობლემები არ აღმოიფხვრება, მანამდე სერტიფიკატები, რომელიც ჰქონდათ ქართველ მეზღვაურებს, არ იქნებოდა საკმარისი დიდ გემზე სამუშაოდ. დღეს ყველა პრობლემა მოგვარებულია და უახლოეს მომავალში კომისია კიდევ ერთხელ შეისწავლის სიტუაციას. ახლა მეზღვაურებს შორის ძალიან დიდი კონკურენციაა და შესაბამისად, სერტიფიკატების საჭიროებაც გაჩნდა. თუ ძლიერი მეზღვაური არ ხარ, სოლიდური გემთმფლობელი არ დაგასაქმებს.
-როგორც წესი, გემზე მუშაობის მსურველებს მაღალი ხელფასი იზიდავს. ამის გამო, ბევრი მათგანი მომზადების რამდენიმე კვირიანი კურსის შემდეგ გადის ზღვაში, ბუნებრივია, მათ ექნებათ დაბალი კვალიფიკაცია.
-როდესაც გადიხარ 3-4-წლიან კურსს, პროფესიონალი უნდა გამოხვიდე და ასეთი მეზღვაური ყველა სიტუაციაში ავლენს თავის პროფესიონალიზმს, ხოლო რიგით მეზღვაურად რომ წახვიდე, 2-3-თვიანი კურსებიც საკმარისია, თუმცა თუ პროფესიონალიზმზე ვისაუბრებთ, ბუნებრივია, მათ ისეთი მაღალი დონე ვერ ექნებათ, რაც ზღვაშია საჭირო.
-დიდი გემთმფლობელი კომპანიები თუ გამოთქვამენ ქართველ მეზღვაურებთან თანამშრომლობის სურვილს?
-დიდი გემთმფლობელები, ვისთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, აკვირდებიან სასწავლო პროცესს და წარჩინებულ კურსანტებს ასაქმებენ, მაგრამ ძალიან ცოტას, 10-15 ადამიანს.
-ბატონო ანატოლი, ჩვენს ქვეყანას თუ ჰყავს საკუთარი გემი?
-არა, და ეს არის კატასტროფის ტოლფასი, რადგან თუ ჩვენ საკუთარი გემი არ გვეყოლება და ვიქნებით დამოკიდებული სხვებზე, ამ დარგის პერსპექტივა ბუნდოვანია. სამწუხაროა, რომ ჩვენ გემები არა გვყავს და მხოლოდ სხვებს ვემსახურებით, და ეს ხდება მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის დროს ჩვენს ფლოტში 56 გემი შედიოდა.
ლადო გოგოლაძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)
ასევე დაგაინტერესებთ: უკანასკნელი ქართული გემი