ღვინო საღმრთო საქმეა, ხოლო სიმთვრალე - ეშმაკისაო. სწორედ ამ მძიმე, და საკმაოდ გავრცელებული ცოდვის შესახებ ვესაუბრეთ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მოძღვარს, დეკანოზ კონსტანტინე გიორგაძეს:
- მემთვრალეობა მომაკვდინებელი ცოდვაა და სამწუხაროდ, ის ჩვენი დღევანდელობისათვის უცხო სულაც არ არის. ეკლესიური სწავლების მიხედვით, არსებობს საზვერეები, რომელთა გავლაც ადამიანის სულს გარდაცვალების შემდეგ უწევს. ერთ-ერთ საზვერეს მემთვრალეობის საზვერე ჰქვია და იქ დაბრკოლება ექმნება ყველა მემთვრალეს: ლოთს, ნარკომანს, ტოქსიკომანს და ა.შ. ღვინის გამოყენება წარღვნის შემდგომ დაიწყო, თუმცა ადამიანები მანამდეც უამრავ ცოდვას სჩადიოდნენ, ეს ნიშნავს, რომ ღვინო კი არ არის ცუდი, არამედ მისი უზომოდ მიღება და ბოროტად გამოყენება, ანუ - ურჯულოებისაკენ მიდრეკილი გარყვნილება. შეიძლება სიმთვრალეში ადამიანმა ისეთი რამ ჩაიდინოს, რასაც ფხიზელი გულშიც კი არ გაივლებდა. იმდენად მძიმე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანის ფსიქიკაზე უზომოდ მიღებულ ალკოჰოლურ სასმელს. თავად ღვინო ხომ უდიდესი სიკეთისათვის არის შექმნილი - მისით აღესრულება გადარჩენის მადლმოსილი საიდუმლო - ზიარება. ფსალმუნში წერია: "ღვინოი ახარებს გულსა კაცისასა..." პავლე მოციქული კი ამბობს: "ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე". ლოთობა მანკიერებაა და ეს სულაც არ არის ღვინის ბრალი, არამედ იმ ადამიანის დანაშაულია, ვინც სასმელს უზომოდ ეტანება. მემთვრალეობა იპყრობს კაცის გონებას, ხოლო შემდეგ ისე ითრევს მის აზრებსა და სიტყვა-პასუხს, რომ იგი მეგობრებისა და ახლობლებისთვისაც კი მიუღებელი და საზარელი ხდება. ლოთობა არის უბედურება, დასაცინი სნეულება, ნებაყოფლობითი სიშმაგე, რომელსაც ადამიანისათვის მხოლოდ ზიანი მოაქვს და სხვა - არაფერი. ეს მაშინ, როცა ღვინის ზომიერად დალევას ჩვენი ეკლესია არავის უშლის და უკრძალავს.
- ზოგიერთები დალევას მოსაწყენი ყოველდღიურობისა და პრობლემებისაგან გაქცევის ერთ-ერთ გზად, საშუალებად მიიჩნევენ. რას ურჩევდით ამ ადამიანებს?
- მიწიერი ცხოვრება ცხონებისათვის მზადებაა, ბოროტი ძალა კი ცხონებაში მუდამ უშლიდა და ახლაც ხელს უშლის ადამიანს. თუ ქრისტიანი წინ არ აღუდგება მტრის ხრიკებით გამოწვეულ ყველა პრობლემას და არ ივაჟკაცებს, მაშინ როგორღა ცხონდება? ცხოვრებისეული სირთულეებისაგან გაქცევა ბრძოლის ველის მიტოვებას ჰგავს და ასეთ მეომარს მტრის მახვილი ზურგში ეწევა ხოლმე. უმრავლესობის აზრით, ლოთობა და ნარკომანია უმუშევრობისა და უქმად ყოფნის ბრალია. საერთოდ, უქმად ყოფნისას ადამიანს უამრავი სხვა ცოდვაც იპყრობს, ამიტომ, ნუ დაველოდებით იმას, რომ ვიღაცამ შეგვიქმნას სამუშაო ადგილები, ჩვენ თვითონ არ უნდა გავჩერდეთ უსაქმოდ, ამ წუთისოფელში აუცილებლად უნდა ვიღვაწოთ და ვიშრომოთ. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ უქმად ყოფნას უჯამაგიროდ შრომა სჯობია, რადგან საქმის კეთებით კარს ვუხშობთ ბოროტ აზრებსა და ჩვენს გულში მიმალულ მანკიერებებს. უქმად ყოფნა ისედაც მძიმე ცოდვაა, ადამიანმა მას კიდევ ლოთობაც რომ არ დაამატოს. ჩვენი ცხოვრება მუდმივი სულიერი ომია და როგორც ხილულ ომში, ასევე აქაც, ადამიანს სჭირდება მუზარადი, ჯაჭვის პერანგი, ერთი სიტყვით, სულიერი აბჯარი. ამ აბჯარს მხოლოდ ეკლესიური ცხოვრება და ქრისტიანულ საიდუმლოებებში მონაწილეობა გვაძლევს, რასაკვირველია, თუ ამ ყოველივეს მორჩილება, თავმდაბლობა და სიყვარულიც თან ახლავს. მემთვრალეობა მართლაც უბოროტესი სენია და მისი ერთ-ერთი სახეობაა ნარკომანია. არასოდეს ყოფილა საქართველო ისე გაუბედურებული, როგორც ჩვენს დროშია. სულ ახალი და ახალი სინთეტიკური ნარკოტიკები შემოაქვთ, რომლებიც საერთოდ აჩლუნგებენ და სპობენ ადამიანს. ასეულობით დანგრეული ოჯახი, გაუბედურებული შვილები, გაპარტახებული შთამომავლობა, გავსებული ციხეები... ნუთუ ეს საქართველოა?!
- მამაო, ალბათ მრევლში არიან ადამიანები, რომლებმაც დაძლიეს ეს ცოდვა, გამოსწორდნენ და მართალ გზას დაადგნენ.
- რაც შეეხება ამ მანკიერების დაძლევას, ადამიანი ამას მარტო უკვე ვეღარ ახერხებს, უძირო ჭაობში კისრამდე ჩაფლულს, დამხმარე სჭირდება და ეს დამხმარე არის ღმერთი. მეც ვიცი ადამიანები, რომლებიც ადრე ამ ცოდვაში იყვნენ ჩაფლული, მაგრამ გამოსწორდნენ და ეკლესიური ცხოვრება დაიწყეს. თუმცა, გამოსწორებულთა პროცენტი ძალიან დაბალია, მით უმეტეს ქალებში, მაგრამ ისინი, საბედნიეროდ, მაინც არიან. ესენი არიან ჭეშმარიტად სულით ვაჟკაცი ადამიანები, რომელთაც შეიცნეს უფალი და ზოგმა მისი სიყვარულით და ზოგმაც - ჯოჯოხეთის შიშით, სძლია ამ საშინელებას და ქრისტიანული, მართალი ცხოვრების გზა აირჩია.
- რა შეიძლება ვუთხრათ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სმას ხშირად თანატოლებისა და მეგობრების მიბაძვით იწყებენ?
- საქართველო ღვინის სამშობლოა. სხვამ ნაკლებად თუ იცის ისეთი პატივისცემა ვაზისა, როგორიც ქართველმა კაცმა. ამავე დროს, საქართველო პურის სამშობლოცაა და არც ერთი ჯიშის პური არ შეედრება ჩვენს პურს, რომელსაც სხვათა შორის, ქართველები ჭირნახულს უწოდებენ. უდიდესი შრომითა და ოფლით მოჰყავდათ ქართველებს ეს ორი ღვთიური პროდუქტი, რომელსაც შემდეგ უფლის საკურთხეველზე ქრისტეს სისხლად და ხორცად სწირავდნენ. დიდებულია ქართული სუფრა და ქეიფი, მაგრამ სიბილწეა დათრობა. წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე) სააღდგომო ქადაგებაში მოუწოდებდა მრევლს, რომ დღესასწაულთა დღესასწაული - ქრისტეს აღდგომა, ეზეიმათ, ემხიარულათ, ექეიფათ, მაგრამ არ დამთვრალიყვნენ. ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო! დაფიქრდით, ვისი გორისანი ხართ, როგორ იყენებდნენ ღვინოს თქვენი წინაპრები, სუფრის როგორი კულტურა ჰქონდათ, შეადარეთ ერთმანეთს წარსული და აწმყო, სიწმინდე და სიბილწე და საბოლოო არჩევანი თვითონ გააკეთეთ! ღმერთი შეგეწიოთ ამ ურთულეს სულიერ ბრძოლაში!
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)