პროექტის - "ახალი ხმა" 25 წლის კონკურსანტი, თიკო მოსემღვდლიშვილი 5 წლის ტატოს ზრდის, მეუღლეს კი თურმე, დიდი ხნის წინ დაშორდა... თიკო მაიას გუნდის წევრია. ის "რინგზე" მარიამ დოკვაძეს შეხვდა და დაამარცხა კიდეც, მაგრამ მარიამი სტეფანემ "მოიტაცა" და კონკურსში მონაწილეობის კიდევ ერთი შანსი მისცა.
- ბედნიერი ვარ, რომ "ახალ ხმაში" ვმონაწილეობ. რომ არა ეს პროექტი, საკუთარი თავის რეალიზებას ვერასოდეს მოვახერხებდი. ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ჩემი შეყვარებულია, რომელიც ახლა ამერიკაშია, მაგრამ ჩემს გამხნევებას იქიდანაც ახერხებს.
- "ახალ ხმაში" მონაწილეობა რომ მიგეღო, ამისკენ შეყვარებულმა ხომ არ გიბიძგა?
- პროექტის დაწყებამდე სახლში უსაქმურად ვიჯექი, ვერაფერს ვაკეთებდი... არადა, ყოველთვის მინდოდა, ისეთი რაღაც გამეკეთებინა, რითაც საზოგადოების ყურადღებას დავიმსახურებდი. როცა "ახალი ხმის" სარეკლამო რგოლები გავიდა, ცდუნებას ვეღარ გავუძელი და მასში მონაწილეობის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე. შემდეგ უკვე, ჩემს შეყვარებულს შევატყობინე, რომლისგანაც მხარდაჭერა ვიგრძენი.
- ერთმანეთი სად გაიცანით?
- ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობდით, მაგრამ მაშინ მხოლოდ მეგობრები ვიყავით. ერთ მშვენიერ დღეს, გაჩერებასთან ვიდექი, ტრანსპორტს ველოდებოდი და უცებ, ფეხებთან მანქანა გამიჩერა. შემომთავაზა, - ჩაჯექიო და მეც, უარი ვერ ვუთხარი. დანიშნულების ადგილას მიმიყვანა და ერთმანეთს დავემშვიდობეთ. იმ დღის მერე ძალიან დავახლოვდით... უკვე 4 წელია, ერთად ვარ, მაგრამ დაქორწინებას ვერ ვახერხებთ.
- რატომ, ხელს რა გიშლით?
- მნიშვნელოვანი, დამაბრკოლებელი მიზეზი არ გვაქვს, მაგრამ რატომღაც, შეყვარებულობანა ძალიან გაგვიგრძელდა. თუმცა ერთი მხრივ, ეს კარგიც არის, რადგან ამ ხნის განმავლობაში ერთმანეთი კარგად გავიცანით. რაც მთავარია, მივხვდით, რომ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. ორივე ჯიუტები ვართ და ამის გამო ხანდახან, უთანხმოება გვაქვს. ხშირად, დათმობაზე თავად მივდივარ (იღიმის). გული მტკივა, რომ ჩემთვის დაძაბულ პერიოდში ჩემ გვერდით არ არის. ვეუბნები: ახალ წელს მაინც იყავი ჩემი სანტა-მეთქი. ჯერ არ ვიცი, რას გადაწყვეტს. მინდა, ის წარმატებები, რასაც ამ პროექტში ვაღწევ, მასთან ერთად გავიზიარო.
- "ბრმა" კასტინგზე ჟიურის სამი წევრი შემოაბრუნე. მაია ფეხზე წამოგიდგა და ტაშს ისე გიკრავდა. ამ დროს რას გრძნობდი?
- ძალიან ბედნიერი ვიყავი, ამ შეგრძნებას უბრალოდ, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. სასწაული ის იყო, რომ წინაღამეს სიზმარი ვნახე: სცენაზე ძალიან კარგად ვიმღერე და მაო ზუსტად ისე, როგორც "ბრმა" კასტინგზე, ფეხზე წამომდგარი ტაშს მიკრავდა (იცინის). საერთოდ, შრომისმოყვარეობითა და პასუხისმგებლობის გრძნობით დაჯილდოებული ვარ. პროექტამდე დაახლოებით, 9-10 წელი არსად მიმღერია და როდესაც "ახალ ხმაში" მონაწილეობა გადავწყვიტე, თეატრალური უნივერსიტეტის პროფესიონალ კონცერტმაისტერს - ლიკა რამიშვილს დავუკავშირდი, რომელთანაც სტუდენტობის პერიოდში კარგი ურთიერთობა მქონდა და დახმარება ვთხოვე. ლიკა უანგაროდ, გვერდით დამიდგა და ამისათვის, მას კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას.
- როგორ ფიქრობ, დათო ფორჩხიძე რატომ არ შემოგიბრუნდა?
- დათოს ჯგუფი უკვე შევსებული ჰყავდა და კონკურსანტს ვეღარ დაიმატებდა.
- მწვრთნელად მაიკო აირჩიე. რატომ მაინცდამაინც ის?
- კასტინგზე გასვლამდე გადაწყვეტილი მქონდა, - თუ სხვებთან ერთად მაოც შემომიბრუნდება, მწვრთნელად აუცილებლად მას ავირჩევ-მეთქი. გულწრფელად რომ გითხრათ, საერთოდ არ მეგონა, ჩემს ნამღერს ვინმე თუ მოიწონებდა. იმდენი ხანი მქონდა პაუზა, მეგონა, სცენაზე დავიბნეოდი, ვერაფერს შევძლებდი.
- ანუ წლების წინ სცენაზე გასვლა გიწევდა?
- სიმღერა ძალიან პატარა ასაკში დავიწყე. 3 წლის ვიყავი, როცა სარკის წინ, მიკროფონით ხელში ვიდექი და საბავშვო სიმღერას - "წყარო ჩუხჩუხებს" ვმღეროდი. ეს, რა თქმა უნდა, დედას შეუმჩნეველი არ დარჩენია და გადაწყვიტა, მეგობართან, კომპოზიტორ ნანა დაუშვილთან მივეყვანე... სკოლაში შესვლის შემდეგ, ერთი პერიოდი სიმღერა შევწყვიტე და სწავლაზე გადავერთე, მაგრამ ჩემი მუსიკალური მონაცემები სკოლაშიც არ დარჩენიათ შეუმჩნეველი და ყველა ღონისძიებაში, კონცერტში ვმონაწილეობდი. ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი. 10 წლის ასაკში ანსამბლის - "სერენადა" წევრი გახლდით. მოკლედ, სცენაზე დგომას ბავშვობაშივე მიმაჩვიეს.
- "რინგზე" 16 წლის მარიამ დოკვაძესთან ერთად გახვედი და გაიმარჯვე.
- ეს საოცარი შეგრძნება იყო. არ ვამბობ, რომ მარიამზე უკეთ ვმღერი, მას ყველაფერი წინ აქვს და მჯერა, მომავალში ძალიან კარგი მომღერალი იქნება... მაო საოცარი ადამიანია, თავისი საქმის პროფესიონალია. ეს პროექტი მე ასპარეზზე გამოსვლაში დამეხმარა. ვფიქრობ, წარმატების მისაღწევად მხოლოდ ერთი ბიძგია საჭირო, ეს ბიძგი კი ჩემთვის "ახალი ხმა" აღმოჩნდა.
- შენს შვილს როგორი რეაქცია აქვს, როცა ეკრანზე გხედავს?
- ტატო ჩემი დიდი გულშემატკივარია. როცა "ახალი ხმა" იწყება, ტელევიზორთან ჯდება და ელოდება, დედა როდის იმღერებს. მოსწონს და კმაყოფილია, რომ დედა წარმატებებს აღწევს. სამწუხაროდ, ამ პროექტში მონაწილეობის პერიოდში გამზრდელი ბებია გარდამეცვალა, რომელსაც ჩემზე და ჩემს შვილზე დიდი ამაგი აქვს. მისმა გარდაცვალებამ ჩემზე ძალიან იმოქმედა... თუმცა, სხვა გზა არ მქონდა, პროექტს ვერ გამოვეთიშებოდი. შეიძლებოდა, რინგზე კიდევ უფრო კარგად მემღერა, რომ არა ეს დიდი ტკივილი... დავრჩი სახლში დედასთან და შვილთან ერთად. ჩემი და კი ამერიკაში ცხოვრობს.
- მამა არ გყავს?
- ერთი წლის ვიყავი, როცა მამა-დედა ერთმანეთს დაშორდა. მამას უკვე სხვა ოჯახი ჰყავს.
- მას მერე მამა არ გინახავს?
- როგორ არ მინახავს, მაგრამ ისეთი ურთიერთობა არ გვაქვს, როგორიც მამა-შვილს უნდა ჰქონდეს.
- პროფესიით მსახიობი ხარ, არა?
- სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის საესტრადო სასწავლებელში ჩავაბარე, სადაც ვოკალთან ერთად, მსახიობის ოსტატობასაც ვსწავლობდი. ინსტიტუტში სწავლისას შევხვდი რეჟისორ თემურ ავალიშვილს, რომელმაც ფაქტობრივად, მამობა გამიწია და არა მარტო მსახიობის ოსტატობა და სცენაზე დგომა მასწავლა, არამედ ჩემი სულიერი სამყარო უფრო კარგად დამანახვა და ამისთვის მას დიდ მადლობას ვუხდი. ის ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი და გულშემატკივარია. ბატონი თემური ერთი პერიოდში "მოზარდ მაყურებელთა" თეატრში მოღვაწეობდა, პარალელურად ჰქონდა საკუთარი "თანამედროვე თეატრი" და სწორედ ამ თეატრში მიმიწვია. სპექტაკლში - "დარაბებს მოღმა გაზაფხულია" ნინიკოს როლს ვასრულებდი. ამას მოჰყვა დუმბაძის "ბოშები", "მარგოს" როლი და ა.შ. ამ სპექტაკლებში მონაწილეობის შემდეგ მივხვდი, რომ მსახიობობა მომწონდა და გადავწყვიტე, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩამებარებინა. ჩემი ოცნება მალე რეალობად ვაქციე, თეატრალურში "დრამისა და მუსიკის" ფაკულტეტზე ჩავაბარე. ბატონ გიგა ლორთქიფანიძის ჯგუფში მოვხვდი, რაც ძალიან მეამაყება. თეატრალურში ვოკალს არაჩვეულებრივი ადამიანი, გივი წულუკიძე მასწავლიდა. მისი წყალობით მომეცა საშუალება, ჩემი მუსიკალური მონაცემები კიდევ უფრო მეტად დამეხვეწა.
- შენს ყოფილ მეუღლეზე რას გვეტყვი?
- ქმარს გაშორებული ვარ... მეორე კურსზე ვიყავი, როცა ოჯახი შევქმენი. ჩემი გათხოვება მაშინ ყველასთვის მოულოდნელი იყო, რადგან ჩემი რჩეულის არსებობის შესახებ არავინ არაფერი იცოდა... დაოჯახების შემდეგ, ჩემმა კარიერამ კრახი განიცადა. მეორე კურსის დახურვა ვეღარ შევძელი, იმის გამო, რომ ფეხმძიმედ ვიყავი და აკადემიური ავიღე... მე და ჩემი მეუღლე 3-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს დავშორდით.
- რა იყო შენი ოჯახის დანგრევის მიზეზი?
- ბევრი მიზეზი არსებობდა, მათ შორის ისიც, რომ სამსახიობოზე ვსწავლობდი... ჩვენ საერთო შვილი გვყავს - ტატო უკვე 5 წლისაა.
- პროექტის დაწყების შემდეგ ლამაზ გოგონას თაყვანისმცემლები მოგიმრავლდებოდა. ამის გამო შენი შეყვარებული ხომ არ ეჭვიანობს?
- საერთოდ, ეჭვიანი ადამიანი არ არის. უბრალოდ, უნდა იცოდეს, სად ვარ, რას ვაკეთებ, ვისთან ერთად ვარ და ა.შ.
- დაბოლოს, "ნოკაუტისთვის" ემზადები?
- რა თქმა უნდა, ვემზადები და ძალიან ვღელავ. ვნახოთ, რა მოხდება. მინდა, გამარჯვებისთვის ბოლომდე ვიბრძოლო.
სოფო ჭონიშვილი
(გამოდის ხუთშაბათობით)