თბილისის საბავშვო ბაღებში არდადეგები 24 დეკემბრიდან 20 იანვრამდე გამოცხადდება. საბავშვო ბაღებში დასვენება სკოლის არდადეგების შესაბამისად გამოცხადდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ხელძღვანელმა, რამაზ სულამანიძემ განუცხადა, სააგენტო სკოლებში არდადეგების გამოცხადების თაობაზე განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდება და შესაბამისად, საბავშვო ბაღები აღნიშნული გრაფიკის მიხედვით დაისვენებენ.
მიუხედავად იმისა, რომ საბავშვო ბაღები განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში არ არის, რამაზ სულამანიძის განცხადებით, ბაღებში დასვენების შესახებ გადაწყვეტილება პირადად მან მერიასთან შეთანხმებით მიიღო.
ამასთან, როგორც ცნობილია, გასულ წელს საბავშვო ბაღებში საახალწლოდ დასვენება მხოლოდ 1-2 იანვარს გამოცხადდა. რატომ ცხადდება წელს საბავშვო ბაღებში დაახლოებით ერთთვიანი არდადეგები რამაზ სულამანიძე ვერ ასაბუთებს, თუმცა ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი აღნიშნულს ბაღებში გადასახადის გაუქმებას არ უკავშირებს.
"ინტერპრესნიუსი" არდადეგების პერიოდის გასარკვევად განათლების სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში განმარტეს, რომ სკოლებში დასვენება 24 დეკემბრიდან 20 იანვრამდე გამოცხადდება.