"რელიგია, რომელსაც ებრძვიან, ძლიერდება" - ბოლო დროს, ამ ფრაზას უფლებადამცველები და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები ხშირად ამბობენ... თუმცა, კონკრეტულად რაში გამოიხატება ბრძოლა იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ, როდესაც სექტანტებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ქუჩაში გაგაჩერონ და ან სახლში მოგადგნენ სპეციალური ლიტერატურით შეიარაღებულები და მცირე ლექცია ჩაგიტარონ, ამაზე პასუხი არ აქვთ...
"გვებრძვიან, აბა რა, ზუგდიდში, შენობას, სადაც ჩვენი სულიერი დები და ძმები იკრიბებოდნენ, ცეცხლი გაუხსნეს... კიდევ კარგი, შენობაში იმ დროს არავინ იყო. ჩვენ არავის არაფერს ვერჩით, პირიქით, სიკეთეს, სიყვარულსა და მშვიდობას ვთესავთ და მაინც გვავიწროვებენ. ქვებს გვესვრიან, შეურაცხყოფას გვაყენებენ. არაფერია, ჩვენი რწმენა სწორედ მოთმინებას გვასწავლის, ოღონდ ჭეშმარიტ მოთმინებას და არა ფარისევლურს..."- ამბობს ჩვენთან საუბარში "იეჰოვას მოწმეების ქრისტიანული ორგანიზაციის" წევრი ლაშა კვარაცხელია.
ზუგდიდში, 16 ნოემბერს, "იეჰოვას მოწმეების ქრისტიანული ორგანიზაციის" წარმომადგენლებს ზუგდიდში, კერძოდ, ზედაეწერში, შეკრების სახლის, "იეჰოვას სამეფო დარბაზის" ერთ-ერთი კედელი დაცხრილული დახვდათ.
შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩხორიის ტერიტორიულ ორგანოში შემავალ სოფელ ზედაეწერში მოხდა და შსს- ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. თუმცა, საზოგადოებაში, სექტანტების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას არ მალავენ და მიიჩნევენ, რომ უკეთესი იქნებოდა, სახელმწიფოს თავად სექტანტების წინააღმდეგ მიეღო ზომები.
მამუკა დარასელია, ზუგდიდი:
- ორი საუკუნის განმავლობაში უღმერთობის ხანაში ვიცხოვრეთ, შვილო. ახლა კი, ხალხი ძლივს უფლის გზას შეუდგა და ეს სექტანტები გამოჩნდნენ, წმინდა ხატებზე გვეუბნებიან, სურათებზე ლოცულობთო და გადავირევით, აბა რა იქნება?.. ეს არ არის შეურაცხყოფა და შევიწროება?.. თოფი კი არა, ყუმბარა რომ მქონდეს, იმას ვესვრი ამათ... სახლში გვივარდებიან, ქუჩაში, პატარა ბავშვებსა და მოხუცებს აჩერებენ და აშტერებენ და კიდევ აქეთ ჩივიან, გვებრძვიანო... პოლიცია თუ არ მიხედავს, ჩვენ მივხედავთ, ყელში ამოვიდნენ უკვე... შვილები და შვილიშვილები მეზრდება. მადლობა ღმერთს, პირჯვრის გადაწერის გარეშე სახლიდან არ გადიან და ვინმემ ესენი რომ გამომიშტეროს, თოფს ვესვრი კი არა, ფრჩხილებით გამოვჭამ ყელს... თავს ნუ იბრმავებს სახელმწიფო. იეღოველების ქმედებები და მასშტაბები საშიშია და სანამ ხალხს თავად დაუწყია მათგან თავის დაცვა, მიხედონ, თორემ ერთ დღეს ჩვენი მოთმინების ფიალაც შეიძლება აივსოს...