"ცეკვავენ ვარსკვლავებში" ნოდარ გურგენაშვილი თავის მეწყვილეთან ერთად იცეკვებს. ის ადრე გამოეთიშა შოუს, რასაც ძალიან განიცდის. ამიტომ შოუს პროდიუსერმა - ნოე სულაბერიძემ კიდევ ერთხელ მისცა შანსი, ძალები მოესინჯა და მორიგ ტურზე, რომელიც თანამედროვე ცეკვებს ეთმობა, ერთჯერადად, არასაკონკურსოდ ეცეკვა. ვარსკვლავების სარეპეტიციო დარბაზში "ამბები.გე" ნოდარს გაესაუბრა.
- ძალიან ადრე დატოვე პროექტი, ელოდი ამას?
- არა, მაგრამ იმ ნომერზე, რომელზეც შოუს დატოვება მომიხდა, ბევრი რამ ავურიე, ყველაზე სუსტი ეგ შესრულება იყო, "ვალსი" ჩემებურად ვიცეკვე. ცეკვის მთავარი ხაზი დავარღვიე და ამის შემდეგ რაღაც იმპროვიზაციები გავაკეთე, ოღონდაც ჩამთავრებულიყო ცეკვა, უკვე იმას ვცდილობდი.
- მოკლედ, ესემესების საკმარისი რაოდენობა არ მიიღე და პროექტი დატოვე...
- კი, ასე გამოვიდა, ესემესები არ გამომიგზავნეს. ისეთი რაღაც მოხდა, - ყველა ფიქრობდა, რომ ჩემ მაგივრად ვიღაც მაინც გაგზავნის და შემდეგ ტურზე გადავაო და ამ დროს არავინ გამოგზავნა...
- საცეკვაოდ იყავი მომართული, მაგრამ არ გაგიმართლა. ამ პროექტში მცირეხნიანი მონაწილეობის შემდეგ, შენს ცხოვრებაში რა შეიცვალა?…
- ვვარჯიშობდი, მონდომებული ვიყავი, ახლა მოტივაციაც გამიქრა და თან, წონაშიც მოვიმატე. რეპეტიციებზე სამ კვირის განმავლობაში 10 კილო დავიკელი. ჯანმრთელი ცხოვრებისკენ წავედი, ნაკლებს ვეწეოდი. რამდენიმე ცეკვაც "დავამუღამე", ხალხი გავიცანი... ცეკვა ყველანაირად კარგია, გაწყნარებს. ჩემთვის რაღაც ახალი გარემო და ახალი სიტუაცია იყო. გული მარტო იმაზე არ დამწყდა, რომ თამაშს გამოვეთიშე, ეს ყველაფერი დავკარგე...
- დღეს აქ სარეპეტიციო დარბაზში რატომ მოხვედი?
- დამირეკეს, საქმე გვაქვს, მოდიო და მოვედი. მორიგ ტურზე ვაპირებ ჩემს პარტნიორთან ერთად ვიცეკვო.
- პროექტში ხომ არ გაბრუნებენ?
- არა, მაგრამ ცეკვა ისე მომეწონა, რომ კიდევ ერთხელ მინდა, თავი პარკეტზე მოვსინჯო. თან, თანამედროვე ცეკვის ტური იქნება.
- სერიალში "ჩვენი ამბავი" ერთხელ გამოჩნდი. ხომ არ არის მოსალოდნელი იქ შენი ახალ პერსონაჟად შეყვანა?
- არა, ერთ-ერთ სერიაში მივიღე მონაწილეობა. მთავარი როლის შემსრულებელთან ვიცეკვე...
- ოჯახის წევრები როგორ აფასებდნენ შენს ცეკვას?
- მეგობრები, ამხანაგები, ნათესავები, მაყურებლები მეუბნებიან, რომ კარგად ცეკვავდიო. მთავარია, ადამიანისგან, რომელიც სცენაზე დგას, ემოცია მოდიოდეს, თორემ სამ თვლაში შეიძლება, რაღაცები ვერ გააკეთო...
- მეუღლე რას გეუბნება?
- მეუღლე ცირკში ჩემს გამოსვლებზე დადიოდა. დადიოდა, რა? სულ სამჯერ იყო.…მას მერე უკვე ცირკში მე ვსტუმრობ და სხვებს ვგულშემატკივრობ...
- "ღამის შოუს სტუდიასთან" ხომ თანამშრომლობ?
- კი. ახალი იუმორისტული გადაცემა კეთდება, სადაც მთავარი როლი მაქვს. მაგრამ ეს გადაცემა ჯერ ეთერში არ გასულა და არ ვიცი, როდის გავა. ყოველ შემთხვევაში, ვმუშაობ, უქმად არ ვარ. ახლა მეტი თავისუფალი დრო მაქვს და მინდა, მუსიკას მივხედო. კონცერტები ჩავატარო. ისეთი მუსიკა უნდა გავაკეთო, რომელიც მაგრად მიყვარს. ვნახოთ, რა გამოვა. მოტივირებული კი ვარ ძალიან, რომ ბარში მეგობრებთან ერთად, საღამოობით კონცერტი რომ გავმართო ხოლმე. ისე, არ მინდა, მოხდეს, როგორც ცოტა ხნის წინ ჩემს კონცერტზე მოხდა: ერთი ადამიანი მოვიდა და მითხრა, ცუდ ხასიათზე ვარ და შენს მუსიკას მოვუსმენო. მოუსმინა, მოვრჩი, მითხრა: უფრო ''დავიგრუზეო''. სიმღერებს თვითონ ვწერ, მევე ვმღერი და ვუკრავ. ახალ პროგრამას, სავარაუდოდ, დეკემბერში გავმართავ.
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის