ტყვარჩელში სასმელი წყლით 300-მდე ადამიანი მოიწამლა. წინასწარი ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობის ინტოქსიკაცია სასმელ წყალში კანალიზაციის გაჟონვამ გამოიწვია. მოწამლულ მოსახლეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დახმარებას სთავაზობს. ტყვარჩელში დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი, პრემიერ-მინისტრი ლეონიდ ლაკერბაია იმყოფებოდნენ და ვითარებას ადგილზე გაეცნენ.
"ჩვენ მზად ვართ დახმარება აღმოვუჩინოთ დაზარალებულ მოსახლეობას მომართვის შემთხვევაში. გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყევლანაირი რესურსი და სამედიცინო მომსახურება გავუწიოთ. საჭიროების შემთხვევაში ორგანიზებას გავუწევთ მათ გადმოყვანას საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე", - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ.
აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ მარშანის განცხადებით, მისი უწყება საბავშვო ბაღებსა და სკოლებში კარანტინის გამოცხადებას გეგმავს, რადგან ტყვარჩელის რაიონში ენტეროვირუსით დაავადებული მოქალაქეების რიცხვმა საგრძნობლად იმატა. გენერალური პროკურატურის ზედამხედველობის სამსახურმა კი, ტყვარჩელის რაიონულ პროკურატურასთან ერთად ადამიანების მასიურად მოწამვლის ფაქტებთან დაკავშირებით შემოწმება დაიწყო.
"აფსნიპრესის" ინფორმაციით, ენტეროვირუსი, რომელიც ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება, ძირითადად 2-დან 17- წლამდე ასაკის ახალგაზრდებშია გავრცელებული. ოკუპირებულ ტყვარჩელის რაიონში ვირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციას, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში არ ფლობენ.
იხილეთ ვრცლად