21 ნოემბერს რიგის გარეუბანში სავაჭრო ქსელ "მაქსიმას" ნგრევის შედეგად დატრიალებულმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა, თუ რა რისკებს შეიცავს უხარისხო და გაუთვლელი მშენებლობები. ჩვენს ქვეყანაში მშენებლობები ამ კუთხით ბევრ კითხვებს რომ იწვევს, არახალია. მეტიც, ექსპერტები აცხადებენ, რომ თუ ამ სფეროს სახელმწიფომ დროულად არ მიაქცია ყურადღება, შესაძლოა, "რიგის ტრაგედია" თბილისშიც განმეორდეს. "საქართველოში კიდევ უფრო მძიმე და რთული მდგომარეობაა, ვიდრე სხვა ქვეყნებში" - გვითხრა ასოციაცია "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე" თავმჯდომარის მოადგილე თემურ ბულიამ, რომელთანაც ამ მტკივნეულ პრობლემაზე ვისაუბრეთ:
- საქართველოში რა როგორ არის ნაშენები, კაციშვილმა არ იცის. ან კონსტრუქციაში რა არის ჩადებული, ან პროექტი როგორაა გაკეთებული - ეს ყველაფერი უცნობია. გარედან ხომ არ ეტყობა შენობას, რას გაუძლებს და რას ვერა? როდესაც ვინმეს მშენებლობის ნებართვას აძლევენ, მისი პროექტი სრულყოფილი უნდა იყოს, ხოლო კონსტრუქციული ნაწილი - საფუძვლიანად შესწავლილი. აქ კი შეაქვთ მარტო არქიტექტურული ნაწილი და ამის მიხედვით აძლევენ მშენებლობის დაწყების ნებართვას. მეტრო "დელისთან" უნდათ 32-სართულიანი კორპუსების აგება და კაცმა არ იცის, როგორ ააშენებენ.
- თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა?
- ლიცენზიისა და სერტიფიკატის გარეშე არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არაფერს აშენებენ, ჩვენთან კი, არც ლიცენზია აქვთ, არც სერტიფიკატი და ბოდიში, მაგრამ - ყველას ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია. ექსპერტიზა არ არსებობს და ალალბედზე იძლევიან მშენებლობის ნებართვას, ეს ხომ ნონსენსია? მაინცდამაინც რაღაც უნდა დაინგრეს და დაიქცეს, რომ მერე ატყდეს ერთი ალიაქოთი? ან ღმერთისა არ ეშინიათ და ან - კაცისა?!
- ბატონო თემურ, თქვენ ამბობთ, რომ ბევრმა, ვინც აშენებს, საფუძვლიანად არც იცის ეს საქმე.
- კი ბატონო! ისინი მშენებლებიც კი არ არიან - ზოგი გინეკოლოგია, ზოგი - პროქტოლოგი, ზოგი კიდევ - ცეკვის მასწავლებელი. (!) ეს იგივეა, მე რომ ახლა ბრმანაწლავის ოპერაციის გაკეთება დამავალონ. არ მესმის, რატომაა საქართველოში მშენებლობის დაწყება ასე გაიოლებული, ეს ხომ არ არის უხარისხო სასმელი ან საჭმელი, რომელმაც შეიძლება მუცელი აგატკიოს, წამალი დალიო და მორჩე? ამ სფეროში დაშვებულ შეცდომას შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვეს. ახლად აგებული შენობა 50-60 წელი მაინც ხომ უნდა იდგეს? მყარი ხომ უნდა იყოს? მაგრამ როგორ ავაშენებთ კარგად, როცა მარტო ბეტონის წარმოებით ჩამოვრჩებით ევროპას 40 წლით, ან რა უხარისხო მასალებით აშენებენ, კაცმა არ იცის. რაც დრო გადის, იჟანგება, ზოგიერთი გადმოხრილია, ზოგის არმატურა - დაჟანგული და განადგურებული. მაგათ გამაგრებას დიდი ფული სჭირდება, დაშლას კი მოსახლეობა არ აპირებს და გამოსავალიც არსად ჩანს. ისიც არ ვიცით, თუ რამდენად უსაფრთხოა ბაზრობები, სავაჭრო ცენტრები, სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები რადგან თითქმის ყველა შენობა შეუმოწმებელია.
2009 წლის 26 აპრილს ჯიქიას ქუჩაზე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შენობა ჩამოინგრა, სადაც შოუ "ვარსკვლავების აკადემია" მიმდინარეობდა. ნგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
2008 წლის 9 დეკემბერს გლდანის "ა" მიკრორაიონში მდებარე 63-ე კორპუსის მიშენებული ნაწილი ჩამოინგრა. ნანგრევებში მოყოლილებიდან ოთხი გარდაიცვალა, ერთი გადარჩა.
ინფრასტრუქტურის აღდგენაზე ამერიკაში ყოველწლიურად 700 მილიარდ დოლარს ხარჯავენ, გერმანიაში 1980 წლამდე აშენებული ყველა სახლი გაარემონტეს, ხოლო ისინი, რომლებიც რეკონსტრუქციას არ ექვემდებარებოდა, დაანგრიეს და დაშალეს. დანარჩენს კი - უკლებლივ ყველას ჩაუტარეს რეკონსტრუქცია.
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)