2006 წლის რვა მაისს პატრულმა ვახტანგ აბუაშვილმა დაუმორჩილებლობის გამო გიორგი გამცემლიძე მოკლა. გიორგის ოჯახი დღემდე ცდილობს სიმართლის დადგენას. სასამართლოს გადაწყვეტილების არ სჯერათ. საქმეში ბევრი რამ დაუჯერებლად ეჩვენებათ. როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ახალ ხელისუფლებას მათი შვილი აღარ ახსენდება. არადა, ერთი წლის წინ, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, ყველაფერი სხვაგვარად იყო.
ინტერვიუსთვის გიორგის მამას, ჯამბულ გამცემლიძეს ვესტუმრეთ და მისი ოჯახის ფოტოარქივი დავათვალიერეთ...
''გიორგიმ ცოტა იყალთაბანდა და გამოცდები ვერ ჩააბარა''
- თქვენი ოჯახის შექმნის ამბავი გვიამბეთ.
- ჩვენი ოჯახი სიყვარულით შეიქმნა. მე და ჩემი მეუღლე ერთ უბანში ვცხოვრობდით. 1973 წელს შევუღლდით. მე და გულიკოს ორი ბიჭი შეგვეძინა. ბიძინა და გიორგი. მათ შორის სხვაობა სამი წელია. ფოტოზე მთელი ჩვენი ოჯახია.
- თქვენ და თქვენს მეუღლეს რა პროფესიები გაქვთ?
- ეკონომისტი ვარ, ჩემი მეუღლე მუსიკათმცოდნეა. დღემდე არსად უმუშავია. ახალგაზრდობაში ვმუშაობდი მუშად, მძღოლად, ვიყავი საბანკო სისტემაში, ვმუშაობდი ღვინისა და შამპანურის ქარხნებში.
- როგორც ჩანს, არც ერთ სამსახურს არ თაკილობდით.
- არასდროს არანაირი სამუშაო არ მითაკილია. ვიყავი არასამთავრობო სექტორში. მქონდა კერძო ბიზნესი. ხარაგაულის რაიონში საკრებულოს დეპუტატი გახლდით. ახლა ვარ არასამთავრობო ორგანიზაცია ''გადაარჩინე სიცოცხლის'' თავმჯდომარის მოადგილე.
- ბავშვობაში გიორგის, როგორც ჩანს, მსახიობობის ნიჭი ჰქონდა. სურათზე მუშკეტერის ფორმა აცვია.
- სკოლაში სპექტაკლებს დგამდნენ ხოლმე. გიორგის ერთხელ დ"არტანიანის როლი ჰქონდა. ფოტო იმ პერიოდშია გადაღებული. გარდა იმისა, რომ სამსახიობო ნიჭი ჰქონდა, მღეროდა და უკრავდა კიდეც.
- ვის ჰგავდა გარეგნულად?
- გიორგი დედას ჰგავდა, ბიძინა მე მგავს. გიორგი სისხარტითაც დედას ჰგავდა. დედამისი დღესაც საოცრად სწრაფია. სამოცი წლისაა და კიდევ არ შეცვლილა.
- რომელ სკოლაში სწავლობდა?
- გიორგიც და ბიძინაც 126-ე სკოლაში სწავლობდნენ. ვერ გეტყვით, გიორგი კარგად სწავლობდა-მეთქი. მოძრავი ბიჭები სწავლას თავს არიდებდნენ, მაგრამ არც ისე ცუდი მოსწავლე იყო, რომ დიდი პრეტენზიები გვქონოდა. უფროსი შვილი უფრო კარგად სწავლობდა. გიორგი ძალიან კარგად ცეკვავდა. სუხიშვილების სტუდიაში დადიოდა. მახსოვს, ერთხელ ნინო რამიშვილმა მისი ცეკვა რომ ნახა, თქვა, შენ გენაცვალე, ბიჭო, აი, რა არის ქართული გენიო.
- გიორგის ფოტო სად აქვს გადაღებული?
- ბორჯომში. გიორგის ეს სურათი დაახლოებით მეშვიდე კლასში აქვს გადაღებული. ცხოველები ყოველთვის უყვარდა.
- სკოლის დამთავრების შემდეგ გიორგიმ სად გააგრძელა სწავლა?
- სოხუმის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. შემდეგ ამერიკაში განაგრძო სწავლა. ჯერ ბიძინა წავიდა ამერიკაში. ბიძინამ ატლანტაში მერსერის უნივერსიტეტი დაამთავრა, გიორგიმაც იმავე უნივერსიტეტში იმავე ფაკულტეტზე ჩააბარა, მაგრამ ვერ დაამთავრა, დიპლომი ვერ აიღო. მას ჰქონდა საბუთი, რომ კურსი მოისმინა. ცოტა იყალთაბანდა და გამოცდები კარგად ვერ ჩააბარა.
იხილეთ სტატიის სრული ვერსია