ნინო იოსელიანი თბილისის მოდის კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორია. ღონისძიება რამდენიმე წელია ტარდება და წელს პირველად მოხდა, რომ ის ჩაიშალა. მიზეზი, ისევე, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში, დაფინანსების არარსებობაა. როგორც ნინომ გვითხრა, თბილისის მოდის კვირეული მსოფლიო კალენდარშია შეტანილი, უკვე ბილეთები დაჯავშნილი იყო და სტუმრები მოწვეული, როდესაც აღმოჩნდა, რომ თბილისის მერიამ და კულტურის სამინისტრომ ორგანიზატორებს უარი განუცხადეს დაფინანსებაზე, არადა, მანამდე შეთანხმებული იყვნენ.
- თბილისის მოდის კვირეული ნოემბრის შუა რიცხვებში, 13-17 ნოემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ჩაიშალა. რეალურად მოდის კვირეული ყოველთვის იმართებოდა ორგანიზატორების სახსრებით და ასევე გარკვეული სახის დახმარებით სახელმწიფოსგან თუ კერძო პირების დაფინანსებით. ეს საერთაშორისო ღონისძიებაა და მხარდაჭერა სჭირდება. გვეგონა, რომ თბილისის მერიიდან და კულტურის სამინისტროსგან გვქონდა მხარდაჭერა, მაგრამ ბოლო წუთს გვითხრეს უარი. შეკვეთილი გვქონდა ბილეთები, მოვიწვიეთ სტუმრები, თანხების ჩარიცხვის დრო რომ დადგა, მაშინ გამოვარკვიეთ, რომ ვერ გვეხმარებოდნენ. აღმოჩნდა, უი, ბიუჯეტი არ გვაქვსო. კულტურის სამინისტრომ კი გვითხრა, მოდა ჩვენთვის პრიორიტეტი არ არისო.
არადა, თბილისის მოდის კვირეულს უამრავი ახალგაზრდა სახე აღმოუჩენია მოდის სფეროში, ეს ხომ არ არის ჩემი და თაკო ჩხეიძის კერძო შოუ. შეიძლებოდა გამართულიყო წელსაც, მაგრამ ძალიან მცირე მასშტაბით, რაზეც თავად ვთქვით უარი, რადგან საერთაშორისო ღონისძიებაა და მცირე მასშტაბით გამართვას ჯობდა, საერთოდ არ ჩატარებულიყო. დიზაინერსაც არ აქვს ინტერესი, მონაწილეობა მიიღოს ისეთ ღონისძიებაში, სადაც არც ბაიერი ჩამოდის და არც ჟურნალისტი. გვინდოდა, მოდის კვირეული ყოველ ჯერზე უკეთესი ყოფილიყო და უკან ნაბიჯს არ გადავდგამდით.
იხილეთ სტატიის სრული ვერსია