რომის პაპი ფრანცისკ I კათოლიკური ეკლესიის ძირეული განახლებისა და "ფულის კულტისგან" მისი გათავისუფლების მოწოდებით გამოდის.
ახალ 84-გვერდიან ენციკლიკაში ფრანცისკ I "კაპიტალიზმის ტირანიის" შესახებ საუბრობს და მსოფლიო ქვეყნების ლიდერებს მოუწოდებს, მოსახლეობის უღარიბეს ფენათა პრობლემები მოაგვარონ, მათ შორის უმუშევრობა, სიღარიბე და ჯანდაცვა.
"როგორ ხდება, რომ როდესაც ქუჩაში უსახლკარო ადამიანი მძიმე დაავადებით იღუპება - ეს არავის აინტერესებს, ხოლო როდესაც საფონდო ბირჟა ორ ქულას კარგავს, ეს უკვე ახალი ამბავია?!", - აღნიშნა რომის პაპმა.
ფრანცისკ I თქმით, ეკლესიის გარდაქმნა სამომავლოდ არ უნდა გადაიდოს.
"ჭუჭყიანი და ღარიბი ეკლესია მირჩევნია, რომელიც ადამიანებთან ქუჩაში გადის, ვიდრე დახურული და მხოლოდ საკუთარ ხელშეუხებლობაზე ორიენტირებული", - განაცხადა პონთიფიკოსმა.
როგორც The Guardian წერს, ფრანცისკმა ყოველგვარი ეჭვი გააქარწყლა აბორტებთან დაკავშირებითაც, მისი აზრით, ეს დოქტრინა განხილვას არ ექვემდებარება, ვინაიდან ის თითოეული ადამიანის ღირსების შესახებ კათოლიკური ეკლესიის სწავლებას ეფუძნება.
რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაური ასევე პაპის ხელისუფლების დეცენტრალიზაციის მიზნით, რეფორმების გატარების მოწოდებით გამოდის, რათა შეიზღუდოს მისი ძალაუფლება და მზადყოფნას გამოთქვამს, ამასთან დაკავშირებით ნებისმიერი წინადადება განიხილოს.
მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.