თუ თბილისის ქუჩებში ერთად მოსეირნე ძაღლებსა და მათ პატრონებს დააკვირდებით, მიხვდებით, რომ მათ არ იციან ან, უბრალოდ, არ იცავენ კანონს, რომლის მიხედვითაც, ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე ქალაქის ბულვარში, პარკში ან სკვერში გასეირნებისთვის მას ან გააფრთხილებენ, ან 20 ლარით დააჯარიმებენ. ხოლო, თუ ცხოველს საბმელის ან ალიკაპის გარეშე განმეორებით გაიყვანენ ქუჩაში, ეს უკვე 50 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, შინაური ცხოველის მიერ ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში მწვანე ნარგავების დაზიანება ან განადგურება დასჯადია. ჯარიმის გადახდა შინაური ცხოველის მესაკუთრეს არ ათავისუფლებს მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
ეს ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2011 წელს შევიდა, თუმცა, როგორც ოთხფეხა მეგობრების მფლობელები "ამბები.გე"-სთან საუბრისას ამბობენ, კანონის არსებობა გამოსავალი არ არის. ხშირად მათ ოთხფეხა მეგობრის გასეირნება ტროტუარზეც კი უწევთ, რადგან ქალაქში არ არსებობს სპეციალურად ძაღლებისთვის გამოყოფილი სასეირნო ადგილები, ე.წ. კინოლოგიური სკვერები. მათ მიაჩნიათ, რომ თუკი არსებობს შემზღუდველი კანონი, უნდა არსებობდეს ალტერნატივაც.
ამ საკითხზე Ambebi.ge კინოლოგ გია ბარამიძეს ესაუბრა:
"საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოყოლებული, რუსეთშიც კი არსებობს ასეთი ადგილები, სადაც ოთხფეხა მეგობრის თავისუფლად გასეირნება შეუძლია მის მფლობელს. იქ ცხოველის კულტი გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე საქართველოში. პირადად მე მყავს ოთხფეხა მეგობარი, რომელსაც ხშირად ვაკის პარკში ვასეირნებ ხოლმე. ხალხის გაუნათლებლობის, გაუთვითცნობიერების გამო ხშირად ხდება ცხოველების მიმართ აგრესიის გამოვლენა. ეშინიათ ცოფისა და ბეწვის, მაგრამ არ იციან, რომ ცხოველის ბეწვი ასეთი საშიში არ არის. ბოლო დროს ვაკვირდები და კარგი ტენდენცია შევნიშნე. მოიმატა იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებიც თავისი ძაღლის მიერ დაბინძურებულ ადგილს ასუფთავებენ ხოლმე. ბევრ ქვეყანაში, მაგალითად საფრანგეთში, თუ ძაღლმა ტროტუარზე არ მოისაქმა, პატრონი ხელს არ მოჰკიდებს მის ფეკალიას. სამწუხაროა, რომ ჩვენთან არ არსებობს სპეციალური ადგილები, სადაც თამამად შეძლებენ ძაღლების გასეირნებას, ამიტომაც ვხვდებით ტროტუარზე მოსიარულეები ამდენ ფეკალიას, რაც უდავოდ არასასიამოვნოა. სანამ კანონს მიიღებდნენ, უნდა გამოეყოთ სპეციალური ადგილები. ვიცი, რომ მთაწმინდის პარკში ოთხფეხა მეგობართან ერთად შესვლა აკრძალულია, პარკი კერძო მფლობელისაა და ეს მისი პირადი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს, თუმცა, ცოტა უცნაურია ეს აკრძალვა. მსგავსი რამ დისნეის პარკშიც კი არ ხდება," - ამბობს გია ბარამიძე.
საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე, თეიმურაზ წიქორიძე ამ კანონს სკეპტიკურად უყურებს. მისი თქმით, თუკი არსებობს ამკრძალავი კანონი, უნდა არსებობდეს კინოლოგიური სკვერებიც, სადაც არც ჰიგიენის დაცვა იქნებოდა პრობლემა და არც პატრონი აღმოჩნდებოდა დაჯარიმების საფრთხის ქვეშ. როგორც თეიმურაზ წიქორიძე ამბობს, საქართველო ძაღლების მიერ დაკბენილი ადამიანების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში წელიწადში 50 000-ზე მეტი ადამიანი ხდება ძაღლის თავდასხმის ობიექტი, უმეტეს შემთხვევაში, ძაღლები მაწანწალები არ არიან. თეიმურაზ წიქორიძეს მიაჩნია, რომ ამის მიზეზი სწორედ ის გახლავთ, რომ არარსებული კინოლოგიური სკვერების გამო ქუჩაში გამოსული პატრონი იძულებულია ოთხფეხა მეგობარი მუდმივად ღვედზე გამობმული ასეირნოს, რაც ძაღლში აგრესიას იწვევს.
სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge