მსახიობმა სალომე შარვაძემ და იურისტმა მამუკა არველაძემ ოჯახი 2007 წელს შექმნეს. მაშინ სალომე დამწყები მსახიობი გახლდათ, თუმცა რამდენიმე სერიალში შესრულებული როლებით საზოგადოება კარგად იცნობდა. სიყვარულის ამბავი ბანალური არ ყოფილა, მაგრამ არც უცნაური. უბრალოდ, მაშინ სალომესგან გათხოვებას არავინ ელოდა. წყვილმა ძალიან ლამაზი და დიდი ქორწილი გადაიხადა. თუმცა სალომე ამბობს, რომ 300-კაციანი ქორწილის მიუხედავად ნაწყენი ბევრი დარჩა და დღემდე ებოდიშება მათ, ვინც სტუმართა სიაში ვერ მოხვდა. კაბა ავთანდილმა შეუკერა, სიძეს კოსტიუმი პატარძალმა შეურჩია. მას შემდეგ თითქმის ხუთი წელი გავიდა. ახლა უკვე პატარა მართა ჰყავთ.
"მეუღლეს ჩემი კაბა ქორწილამდე არ უნახავს..."
- მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი ინგლისურის მასწავლებელთან გავიცანით. ორივე ვემზადებოდით. შვიდი თვის განმავლობაში შეყვარებულები ვიყავით და შემდეგ გადავწყვიტეთ დაქორწინება. ალბათ, ყველა გოგონა ოცნებობს ქორწილის გადახდაზე, როგორ ჩაიცვამს თეთრ კაბას. ჩვენს შემთხვევაშიც ყველაფერი ტრადიციულად მოხდა. 14 თებერვალს დავინიშნეთ და ქორწილი 15 აპრილს გადავიხადეთ. მარხვის გამო დაემთხვა თარიღები, რამე განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიგვინიჭებია. ძალიან მინდოდა, კაბა ავთანდილთან შემეკერა, მქონდა ვარიანტი, რომ საზღვარგარეთ შემეძინა, მაგრამ იმდენად მომწონს ავთოს გემოვნება, რომ არჩევანი მასზე შევაჩერე. ჩვენი მეჯვარეები იყვნენ მსახიობი ლიკა შუკაკიძე, იურისტი ნინო ლომთაძე და გოჩა დადვანი. ერთად ცხოვრება ნიშნობის შემდეგ დავიწყეთ, მაგრამ ქორწილის წინა ღამეს მშობლების სახლში დავბრუნდი. მეგობრები მესტუმრნენ და კარგად გავერთეთ. მეუღლეს ჩემი კაბა ქორწილამდე არ უნახავს.
"ქორწილის ორგანიზებისთვის არავინ დამიქირავებია..."
მაკიაჟი ანუკა მურვანიძემ გამიკეთა, ვარცხნილობის გასაკეთებლად სტილისტი სახლში ავთანდილმა გამომიგზავნა. ხელი რესტორანში მოვაწერეთ, ყველაფერი ძალიან ლამაზად იყო მოწყობილი. ქორწილის ორგანიზებისთვის არავინ დამიქირავებია, ყველაფერი მე და ჩემმა მეუღლემ ავიღეთ საკუთარ თავზე. მოსაწვევების დიზაინიც კი მე შევარჩიე. ჯვარი სამების ტაძარში დავიწერეთ. დაუვიწყარი იყო ჩემთვის ეს დღე. ქორწილი ვიწრო წრეში გადავიხადეთ, 300-მდე სტუმარი გვყავდა (იღიმება). განაწყენებული ადამიანები მაინც დარჩნენ, მას შემდეგ შეხვედრისას ყველას ბოდიშს ვუხდი. მაგ დროს ისე ნერვიულობ, რომ შეუძლებელია, ვინმე არ გამოგრჩეს.
იხილეთ სტატიის სრული ვერსია