იმერეთის ვიცე-გუბერნატორად, ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერისა და მერის მოვალეობის შემსრულებლის კოტე ლომიძის კანდიდატურა განიხილება. Topnews.com.ge-ს ინფორმაციით, ახალი გუბერანტორის დანიშვნის შემდეგ, ლომიძე ერთ-ერთი მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.
კოტე ლომიძის თქმით, კონკრეტული შეთავაზება მას მმართველი ძალისგან ჯერ არ მიუღია, თუმცა აცხადებს, რომ ინფორმაციას ჭორის დონეზე ფლობს. "რასაც ჩემი ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, იმას დავემორჩილები. შეიძლება დღეს დამირეკონ, ხვალ, მაგრამ არ მინდა ნაადრევად ისეთი განცხადება გავაკეთო, რაც საფუძველს მოკლებული იქნება", - განაცხადა ლომიძემ.
შეგახსენებთ, რომ კოტე ლომიძემ ქუთაისის ვიცე-მერის თანამდებობა დაახლოებით ორი კვირის წინ, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ის აღნიშნულ თანამდებობაზე "ქართული ოცნების" რეკომენდირებული კადრი იყო.
წყარო: topnews.com.ge