ახმეტის რაიონის სოფელ მაღრაანში, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულ არკადი გიგაურს თანასოფლელი არჩილ მექვევრიშვილი ფიზიკურად გაუსწორდა. რწმუნებულის განცხადებით, მექვევრიშვილი მისი რწმუნებულად მუშაობის წინააღმდეგია.
"ღამე, ქუჩაში მივდიოდი და არჩილ მექვევრიშვილი შემხვდა. როგორც დამინახა, გინება დაიწყო ჩემი მისამართით, შემდეგ დამარტყა და იარაღით დამემუქრა. რაც გამგებლად დავინიშნე, გადამეკიდა. წინასაარჩევნოდ ორივე "ქართულ ოცნებაში" ვიყავით და რატომ დამიპირისპირდა, არ ვიცი. მე მისთვის ერთი ზედმეტი სიტყვა არ მითქვამს", - ამბობს გიგაური.
მექვევრიშვილის არ ახსოვს, დაარტყა თუ არა ხელი რწმუნებულს. მისი ინფორმაციით, გიგაურთან დაპირისპირება პირად საკითხზე ჰქონდა. "მამაჩემთან ჰქონდა გაურკვევლობა, რაღაც ვერ გაიგო სწორად და ამას მოყვა ყველაფერი. დავარტყი თუ არა, არ მახსოვს, ნასვამი არ ვყოფილვარ, უბრალოდ აღელვებისგან, თქვენ არაფერი დაგვიწყებიათ? სანადირო თოფი კი მაქვს, ვის არ აქვს სახლში? რაც მთავარია, არაფერ პოლიტიკურს არ უკავშირდება ეს ამბავი", - აცხადებს არჩილ მექვევრიშვილი.